Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ გაამწვავა კამათი თვითმმართველობის კოდექსის გარშემო


სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
საქართველოში სულ უფრო იზრდება ინტერესი და მწვავდება კამათი თვითმმართველობის კოდექსის გარშემო, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მომავალი კვირისთვის გადაიდო. დისკუსიებმა აშკარად მეტი სიმწვავე შეიძინა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა ახალი კოდექსი ქვეყნის ”დაშლის” საფრთხედ მოიხსენია. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საფრთხეს ხედავენ მაშინ და იქ, სადაც გადალახულია ზღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიის უფლებამოსილებებს შორის.

კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და, შესაბამისად, ოპონენტთა მიერ წამოყენებული პრეტენზიების ერთი ნაწილი ”ანულირებულია”, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს 7 დეკემბერს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. თუმცა, მისი თქმით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები არ შეცვლილა და არც შეიცვლება. რა და როგორ იქნება, ჯერ ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ვიდრე დისკუსია მომავალ კვირაში პარლამენტის კედლებში გაჩაღდება, მინისტრს მრავალმნიშვნელოვნად უკვირს, რომ თვითმმართველობის რეფორმას ყოფილი მომხრეები განუდგნენ:

”ჩემთვის ნიშანდობლივია და, ალბათ, ძალიან ბევრისთვის ის, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ამ საკითხთან მიმართებით, თავის დროზე, ბოლო წლების წინასაარჩევნო პროგრამებში იყვნენ, ასე ვთქვათ, მომხრენი იმისა, რომ თვითმმართველობის რეფორმა გატარებულიყო”.

ეს არის დარტყმა ნარმანიაზე, არა როგორც მინისტრ ნარმანიაზე, არამედ როგორც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატზე... ვის აქვს მერკანტილური ინტერესი, ვის აქვს პოლიტიკური ინტერესი, ვინ დავალებით მუშაობს და ვის გულწრფელად სჯერა, რომ ეს სახიფათოა...
დავით ლოსაბერიძე
თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, რომელიც ”ნარმანიას პროექტად” მოინათლა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად მიაჩნია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს დავით ლოსაბერიძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამჟამად ”არაბუნებრივად უკუღმართ” მდგომარეობაში ვართ, რადგანაც ხელისუფლება მზად არის ხელიდან გაუშვას ქვეყნის ცენტრალიზებულად მართვის სადავეები, ხოლო მისი ოპონენტები, რომლებსაც, პირიქით, ხელს აძლევს დეცენტრალიზაცია, ახალი კოდექსის დამტკიცების მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან. თუმცა, დავით ლოსაბერიძის ვარაუდით, დარტყმას კონკრეტული ადრესატი ჰყავს და კონკრეტული მიზანი აქვს:

”ეს არის დარტყმა ნარმანიაზე, არა როგორც მინისტრ ნარმანიაზე, არამედ როგორც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატზე... ვის აქვს მერკანტილური ინტერესი, ვის აქვს პოლიტიკური ინტერესი, ვინ დავალებით მუშაობს და ვის გულწრფელად სჯერა, რომ ეს სახიფათოა, მაგრამ არ იცნობს რა კანონპროექტს, არის გავლენის ქვეშ მოქცეული, ამას მე ვერ ვიტყვი”.

დავით ლოსაბერიძე კატეგორიულად არ იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას ქვეყნის დაშლის საფრთხესთან დაკავშირებით, რადგანაც მიაჩნია, რომ გახმაურებული მე-7 კარი - თუ სხვა რომელიმე კარი, თავი ან მუხლი ამ პროექტში - ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ექსპერტებისთვის ცხადია ერთი რამ, რომ ახალი კოდექსი მეტ თავისუფლებასა და მეტი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს რეგიონებს და ებრძვის დამკვიდრებულ პრაქტიკას, როცა დედაქალაქი ყველაზე და ყველაფერზე ბატონობდა. რეგიონებს ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული გამგებლები, მერები და ექნებათ თავიანთი ბიუჯეტი; გუბერნატორების ადმინისტრაციებთან შეიქმნება საკრებულოების კოლეგიური საბჭოები; 12-მდე გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვერავის საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, მაგრამ არსებობს თვითშეზღუდვის ნორმები, როდესაც იცი, რომ შენ გაქვს დიდი ავტორიტეტი და შენს პოზიციას შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაუროს და კოპირება გააკეთოს; შენ გეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმისთვისაც, რომ გამონათქვამები შემოსაზღვრო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი იურისდიქციით და არ გადახვიდე სხვა გარემოში...
ვახუშტი მენაბდე
„ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს“ - საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით 4 დეკემბერს, მცხეთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, წარმოთქვა და მას შემდეგ ამ თემაზე დისკუსიას, მედიასივრცის გარდა, თითქმის ყველა ოჯახში, მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავების წრეში შეხვდებით. ხშირად დისკუსია მწვავე დაპირისპირებაში გადადის და თანაც ისე, რომ გაცხარებული მხარე უარგუმენტოდ იბრძვის და იარაღად მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას იყენებს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე ბოლო დღეებში გამწვავებულ დისკუსიას ხედავს ბრძოლად ”ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ავტორიტარიზმს შორის”, სადაც საპატრიარქო, ”სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის მომხრედ გამოდის.” გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ხელშეუხებელი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიის უფლებამოსილებას შორის ზღვარი, რომლის გადალახვაც სახიფათოა.

”უნდა გააანალიზოს საპატრიარქომ საკუთარი გავლენა მრევლზე და ეს არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური პროცესების ლობირებისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვერავის საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, მაგრამ არსებობს თვითშეზღუდვის ნორმები, როდესაც იცი, რომ შენ გაქვს დიდი ავტორიტეტი და შენს პოზიციას შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაუროს და კოპირება გააკეთოს; შენ გეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმისთვისაც, რომ გამონათქვამები შემოსაზღვრო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი იურისდიქციით და არ გადახვიდე სხვა გარემოში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახუშტი მენაბდემ, რომლის აზრითაც, საპატრიარქო ”საერო იურისდიქციაში” გადასვლით საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობს, ხოლო პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი, რომელიც ამჟამად თვითმმართველობის კოდექსს მწვავედ აკრიტიკებს, საპატრიარქოს პოზიციის გაზიარებით ცდილობს ქულების დაწერას. მაგრამ უფლებადამცველი პოლიტიკოსებს ურჩევს გაითვალისწინონ ბოლო წლების გამოცდილება, რომ ”შეიძლება საპატრიარქოს მოსაზრებებთან დაპირისპირებამ ხმები დაგაკარგვინოს, მაგრამ მისი კოპირება ქულებს ვერ დაგიწერს”.

მწვავე და პრინციპული დისკუსიების მიუხედავად, როცა თვითმმართველობის კოდექსის გარშემო დღეს ლამის ბავშვებიც კი მსჯელობენ, საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მომავალ კვირაში მოხერხდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG