Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვასილიოს N“-ზე ვითარება უკონტროლო გახდა


"ვასილიოს N"-ი ლიბიის ქალაქ მისურატაში
"ვასილიოს N"-ი ლიბიის ქალაქ მისურატაში
მეცხრე თვეა, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი, „ვასილიოს N“-ი, ლიბიის ქალაქ მისურატაშია დაკავებული. მეზღვაურები შველას ითხოვენ.

„ვასილიოს N“-ი ცხრა თვის წინათ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ხუთი წევრი ქართველები არიან. სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდა.

საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემმფლობელს შორის დღემდე გრძელდება, თავად გემი კი უკვე მეცხრე თვეა, დაკავებულია. მეზღვაურებს კონტრაქტი გაფორმებული აქვთ იტალიის ერთ-ერთ კომპანიასთან, მაგრამ დამქირავებლისგან მათ არავინ ეხმიანება. ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ არა აქვთ საკვები, წყალი, არა აქვთ შუქი, მედიკამენტები, ტანსაცმელი და თავს თევზაობით ირჩენენ. მათი თქმით, ერთადერთი, ვინც ამ დრომდე მათი პრობლემით დაინტერესდა, იტალიაში საქართველოს საკონსულოა.

უკანასკნელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა გემის დაწვა სცადა. მან ცეცხლი გააჩინა ღამით, როცა ყველას ეძინა. ეკიპაჟის წევრებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს. ,,ყველანარი სანავიგაციო, საკომუნიკაციო მოწყობილობა თუ ინვენტარი დამწვარი, დამტვრეული და განადგურებულია. ამის ჩამდენს, ჩვენ უკვე მარტოს არ ვტოვებთ, იგივე რომ არ ჩაიდინოს. გემის მეპატრონე მის დაპატიმრებაზე საუბრობს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მეზღვაურმა ამხელა ნერვულ სტრესს ვერ გაუძლო და უკონტროლო გახდა. ის მაინც დააბრუნონ საქართველოში“ - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, ჩვენთან საუბრისას, ,,ვასილიოსN“-ის ეკიპაჟის წევრმა, გიორგი ყურაშვილმა.

ეკიპაჟის წევრები, რამდენიმე დღეა, ოჯახის წევრებს არ დაკავშირებიან. არაფერია ცნობილი მეზღვაურზე, რომელმაც გემის დაწვა სცადა. „ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრთა ახლობლები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ და დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. ამავე დროს, ისინი საქმეში ჩართვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG