Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოება - კანონი, რომელიც ჯერ არ არის


„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ გზავნილით დაიწყო 13 თებერვალს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც შეგროვდება 10 000 ხელმოწერა. პეტიციის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. 13 თებერვლის 18:00 საათისათვის ონლაინ პეტიციაზე 774 ხელმოწერაა დატოვებული.

საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი 2017 წლის პირველ ივნისს წარადგინა პარლამენტში. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან - თანამშრომლობით შეიმუშავა. ის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება. როგორც პროფკავშირში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უზრუნველყოფს, მისი განხილვა ჭიანურდება. გიგა ბექაური, პროფკავშირების ახალგაზრული ორგანიზაციის აქტივისტი, რადიო თავისუფლებასთან კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობს:

„ჩვენ გვინდა, რომ ვამხილოთ კანონპროექტი, რომელიც ვერ მოახდენს რეალურად დასაქმებულთა უფლებების დაცვას. სწორედ ამიტომ შევქმენით პეტიცია, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს და მიუთითებენ სახელმწიფოს, თუ როგორი უნდა იყოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ შრომის ინსპექტორებს ისევ არ აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, მინიმალურია სანქცირების მექანიზმები“.

ხელმოწერების შეგროვების გადაწყვეტილება პროფკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც 9 თებერვალს ჟვანიას #10-ში მდებარე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად კანონპროექტში აღმოჩენილი ხარვეზებისა, თავად კანონპროექტის ინიცირების ფაქტი შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავის დროზე დადებითად შეაფასეს, თუმცა პროცესის გაჭიანურების გამო ისინი დღეს შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას იმგვარი კანონის მიღებისკენ, რომელიც რეალურად დაიცავს დასაქმებულთა უფლებებს. ამ ორგანიზაციებს შორისაა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ნაკლოვანებებზე, უკვე არაერთი თვეა, საუბრობს.

მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქვს კანონს და რომელიც არის მთავარი საერთაშორისო სტანდარტი ინსპექტირების მექანიზმისა და მისი მუშაობის, ეს არის უპირობა დაშვება სამუშაო ადგილებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ეფექტიანობის კუთხით...
ლინა ღვინიანიძე

„ის ზომები, რომელსაც სახელმწიფო მიმართავდა წლების განმავლობაში, არანაირად არ იყო ეფექტური. დასაქმებულები დღეს ისევ იმავე მდგომარეობაში რჩებიან და არიან ყოველდღიური საფრთხის ქვეშ, როგორც წლების წინ. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი, რომელსაც განიხილავს პარლამენტი, ისევ არის ძალიან სუსტი და ძალიან გვიჭირს ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უფრო ძლიერი და შედეგის მომტანი კანონი გაიტანოს პარლამენტში“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცეტრის“ წარმომადგენელი.

პირველ რიგში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ისევე როგორც პროფკავშირი, კანონპროექტის მოქმედების შეზღუდულ სფეროზე ლაპარაკობს. ანუ, დღეს არსებული პროექტის მიხედვით, კანონი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ სამუშაოების ნუსხას კი მთავრობა ამტკიცებს. შესაბამისად, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შიშობენ, რომ კანონი მოქმედების სფეროდან გამორიცხავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოების ნუსხაში არ მოხვდებიან, რაც დასაქმებულთა გაუმართლებელ დიფერენცირებას მოახდენს და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მათ.

კანონპროექტის ერთ-ერთ ხარვეზად მიჩნეულია ასევე ის, რომ საზედამხედველო ორგანოს არ გააჩნია უპირობო დაშვების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაც, არაშერჩევითი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, სასამართლოსგან წინასწარი ნებართვის სავალდებულოდ მიღებას გულისხმობს:

საუბარი და დისკუსია იყო სანქციებზე, მათ ოდენობაზე, კანონის მოქმედების სფეროზე, ასევე იმაზე, რომ საზედამხედველო ორგანოს არ გააჩნია უპირობო დაშვების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე...
აკაკი ზოიძე

„მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქვს კანონს და რომელიც არის მთავარი საერთაშორისო სტანდარტი ინსპექტირების მექანიზმისა და მისი მუშაობის, ეს არის უპირობა დაშვება სამუშაო ადგილებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ეფექტიანობის კუთხით. მაგალითად, თუ არსებობს ნებისმიერი რისკი ან შეტყობინება და თუ არსებობს სიცოცხლის მყისიერი მოსპობის რისკი, რა თქმა უნდა, ინსპექციას უნდა ჰქონდეს უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილზე. როცა მთავრობა ამბობდა, რომ კანონპროექტზე იწყებოდა მუშაობა, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ამას გაითვალისწინებდა, მაგრამ კანონპროექტში ვნახეთ, რომ მთავრობამ ჩადო სასამართლოს წინასწარი ნებართვის ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, ბრძანების მექანიზმი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლინა ღვინიანიძე.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელზეც არასამთავროვო ორგანიზაციები და პროფკავშირები ლაპარაკობენ, ეს არის სანქცირების მექანიზმის არაეფექტიანობა. მათი განცხადებით, კანონპროექტით შემოთავაზებული სანქციების მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს და არ ითვალისწინებს სანქცირების ადეკვატურ ოდენობებს სხვადასხვა ბრუნვისა და შემოსავლის მქონე დამსაქმებელთათვის.

ხელმოწერების შეგროვება
ხელმოწერების შეგროვება

​ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ ფიქრობს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღების პროცესი დაუსაბუთებლად ჭიანურდება. წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მუშაობის პროცესში დასაბალანსებელი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე მუშაობაც გარკვეულ დროს მოითხოვდა:

„საუბარი და დისკუსია იყო სანქციებზე, მათ ოდენობაზე, კანონის მოქმედების სფეროზე, ასევე იმაზე, რომ საზედამხედველო ორგანოს არ გააჩნია უპირობო დაშვების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე, ანუ ყველა იმ საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს ბალანსს იმ ორ ყველაზე მაღალლეგიტიმურ ინტერესს შორის, რაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით აქვს - პირველი, ეს არის სამუშაო ადგილები, რომ იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ამისათვის იყოს ხელსაყრელი გარემო, ნაკლები რეგულაციები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შემოსავალი და, მეორე, ამ ყველაფერთან ერთად, სამუშაო ადგილები უნდა იყოს უსაფრთხო, არ უქმნიდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რადგან არანაირი სამუშაო ადგილი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. მაგალითად, სანქცია და ჯარიმა უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ, ერთი მხრივ, არ იყოს ისეთი მცირე, რომ ბიზნესს უღირდეს ჯარიმის გადახდა ნაცვლად იმისა, რომ ინვესტირება გააკეთოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებში და, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს მცირე დარღვევისთვის ისეთი მაღალი ჯარიმა, რომელიც გააჩერებს და გააკოტრებს ამ კონკურენტულ საქმეს და ბიზნესს. ეს იყო დაბალანსებისა და დისკუსიის ძირითადი ამოცანა. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე და ყველა ამ მონაწილე მხარის მოსაზრებები, რჩევები და ინტერესები შევეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა. გასულ კვირაში ჩატარდა კომიტეტის სხდომა, სადაც საბოლოო პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ერთ კვირაში მოხდებოდა ამ პოზიციების შეჯერება. კომიტეტის მომდევნო სხდომა დაინიშნა 15 თებერვალს და დიდი იმედი მაქვს, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს მეორე მოსმენით, რომელსაც მომდევნო კვირაშივე გავიტანთ პლენარულ სხდომაზე და უმოკლეს დროში ჩვენ გვექნება ეფექტიანი და ოპტიმალური კანონი“.

ხელმოწერების შეგროვება
ხელმოწერების შეგროვება

​შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „შრომის საერთაშორისო სტანდარტები 2018“, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოში შრომის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების დარეგულირებისა და გამოსწორების აუცილებლობაზე. მათ შორის, ანგარიშში კონკრეტული მითითებებია შრომის ინსპექტირების, გენდერული თანასწორობის, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. ამავე ანგარიშში ექსპერტთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, სფერო დარჩენილია უკონტროლოდ და მიუთითებს შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში ზედამხედველი ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე.

დაღუპული და დაშავებული მუშების სტატისტიკა
დაღუპული და დაშავებული მუშების სტატისტიკა

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წელს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა, თუმცა შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ასრულებს თავის მთავარ, საზედამხედველო, ფუნქციას: მას არ შეუძლია დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე მივიდეს შესამოწმებლად, ხოლო მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება არ არის სავალდებულო. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო დაიღუპა 41 და დაშავდა 63 მუშა.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ხოლო ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში.

XS
SM
MD
LG