გასულ კვირაში ევროპაში გამართული მაღალი რანგის შეხვედრების დასრულებიდან მალევე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპას აღარ შეუძლია სრულად დაეყრდნოს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს და რომ ევროპელებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ბედი. მერკელის მიერ მიუნხენში წარმოთქმულ ამ სიტყვებს აფასებენ, როგორც „ ყველაზე მწვავე გამოხმაურებას“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველ საგარეო ტურნესთან დაკავშირებით. „ვაშინგტონ პოსტი“ იმასაც ამბობს, რომ ევროპელი ლიდერის ეს განცხადება შესაძლებელია გახდეს „ახალი ქვეთავი“ ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობებში.
გასულ კვირაში ევროპის კონტინენტზე ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა. ჯერ იყო ბრიუსელში ნატოს სამიტი, რომელშიც, თავისი პირველი ოფიციალური საგარეო ტურნეს ფარგლებში, მონაწილეობდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების სამიტს მოჰყვა „დიდი შვიდეულის“ წევრი განვითარებული სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა კუნძულ სიცილიაზე, სადაც მსოფლიოს ლიდერებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, სავაჭრო ურთიერთობები, მიგრანტები და უსაფრთხოება - თემები, რომლებზეც, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, სამიტის მონაწილეები „ხშირად დაობენ“. თუმცა ის, რაც ევროპაში ამ მაღალი რანგის შეხვედრების დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, პოლიტიკური დისკუსიების კიდევ ერთ ახალ ქვეთავად შეიძლება ჩაითვალოს. მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე მერკელმა ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, 28 მაისს ის დაბრუნდა გერმანიაში და მიუნხენში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ევროპელებს მოუწოდა საკუთარი ბედი დამოუკიდებლად განსაზღვრონ:
„დასრულდა დრო, როდესაც ჩვენ შეგვეძლო სხვების მიმართ სრული ნდობა გვქონოდა. ამას გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მივხვდი. და სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ, ევროპელებმა, საკუთარი ბედი ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ, რა თქმა უნდა, მეგობრული ურთიერთობებით აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა კარგ მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მომავლისა და ბედის განსაზღვრისთვის მარტო ბრძოლა მოგვიწევს. სწორედ ამის გაკეთება მსურს თქვენთან ერთად“, - განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ უნდობლობის საფუძველი გარკვეულწილად შექმნა ბრექსიტმა, ანუ დიდი ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირიდან, და, ასევე, ანტაგონისტურმა განწყობებმა, რომლებიც აშშ-ში გაჩნდა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.
ევროპაში ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნის - გერმანიის - ლიდერის მტკიცებას, რომ ევროპა გამოწვევებს მარტო უნდა გაუმკლავდეს, წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა, რომ ნატოს წევრები ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას სამხედრო ხარჯების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
„ნატოს 28 წევრი ქვეყნიდან 23 ქვეყანა ჯერ კიდევ არ იხდის იმდენს, რამდენსაც მათგან მოელიან თავდაცვის უზრუნველყოფისთვის. ეს უსამართლო დამოკიდებულებაა ამერიკელი ხალხისა და გადასახადების გადამხდელთა მიმართ. ამ ქვეყნებმა გასულ წლებში დიდი თანხები მოაგროვეს, თუმცა არაფერი გადაუხდიათ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა 25 მაისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა წინაშე. ბრიუსელსა და სიცილიის საკურორტო ქალაქ ტაორმინაში გამართული შეხვედრების მონაწილე ქვეყნების ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პარიზის შეთანხმების შესრულება, ასევე საერთაშორისო ვაჭრობა და მიგრანტთა კრიზისი.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერმა მიუნხენში გაკეთებული განცხადების შემდეგ განმარტა, რომ ევროპა გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც აშშ-თან, ისე დიდ ბრიტანეთსა და რუსეთთან, პოლიტიკურ მიმომხილველებს მძლავრი საბაბი მიეცათ იმაზე სასაუბროდ, რომ მერკელის განცხადება საფუძველს უყრის აშშ-გერმანიის ურთიერთობის ახალ ეტაპს, რომელიც შესაძლებელია იმაზე დაძაბული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ. ამ აზრს იზიარებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი. მაგალითად, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია „საგარეო ურთიერთობების საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ჰაასი ტვიტერში გამოეხმაურა მერკელის კომენტარს. ჰაასი წერს, რომ ის, რასაც მერკელი ამბობს, „წყალგამყოფია“ აშშ-ევროპის ურთიერთობებში და ცხადყოფს იმას, რის თავიდან აცილებასაც „მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები“.
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიმართ მერკელის უნდობლობა გაიზიარა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმაც, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა მოიხსენია, როგორც „ახლომხედველური“, რამაც, მისივე თქმით, „დაასუსტა“ როგორც დასავლეთის, ისე ევროკავშირის ინტერესები:
„ყველა, ვინც ცდილობს გარემოს დაცვითი პოლიტიკის შესუსტებით დააჩქაროს კლიმატის ცვლილება, ვინც სულ უფრო მეტ იარაღს ყიდის კონფლიქტის ზონაში და ვისაც არ სურს პოლიტიკურად მოაგვაროს რელიგიური კონფლიქტები, საფრთხის წინაშე აყენებს მშვიდობას ევროპაში“.
ევროპული თანამშრომლობის იდეის მნიშვნელობას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმაც, რომელიც მერკელის მთავარი კონკურენტია გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები მეტად უნდა დაახლოვდნენ, რათა გაუმკლავდნენ ტრამპის პოზიციას. შულცმა ტრამპს უწოდა „ავტორიტარი“ ლიდერი, რომელსაც „სხვების დამცირება“ სურს, თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიემ აღნიშნა, რომ გერმანიისა და ევროპისთვის აშშ კვლავაც მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში აშშ-თანაც და არა პირიქით. ეს კარგი სიახლეა ჩვენი ქვეყნის, მთელი ევროპისა და სხვათა შორის, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერლინში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
29 მაისს მერკელის ნათქვამში დაზუსტების შეტანა სცადა მისმა პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა. მან აღნიშნა, რომ მერკელი ნამდვილი „ტრანსატლანტიკელია“, რომელსაც სჯერა, რომ სწორია აშშ-თან მისი ქვეყნის ურთიერთობაში უთანხმოებაზე მითითება, რათა თანამშრომლობა უფრო ჯანსაღი გახდეს. ამავე დღეს მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპას მარტოს მოუწევს საკუთარი ბედის განსაზღვრა, თუმცა დაამატა, რომ ის „ტრანსატლანტიკოსად“ რჩება.
„დარწმუნებით ვამბობ, რომ ტრანსატლანტიკოსებად ვრჩებით. ამაში დარწმუნებულები ვართ ზუსტად, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდია ამ ურთიერთობების მნიშვნელობა. მას საფუძვლად უდევს საერთო ღირებულებები და ინტერესები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ასეთი ძლიერი გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა მერკელმა ბერლინში 29 მაისს გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხებს შეეხებოდა.
ზოგიერთი მკვლევარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მერკელისთვის არ არის დამახასიათებელი საგარეო პოლიტიკის ასე რადიკალურად შეცვლა ისეთი უშუალო შეხვედრების დროს, როგორიც მან მიუნხენში გერმანელ ამომრჩეველთან გამართა. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო „დეპეა“ იმოწმებს მკვლევარ ულრიხ შპეკის მოსაზრებას, რომ „გერმანელი პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან იმ ფაქტს, რომ საჭიროა თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.
გერმანიის მიმართ უკმაყოფილება დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 30 მაისს გავრცელებულ ტვიტერის პოსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დისბალანსია, რაც უარყოფითად აისახება აშშ-ზე. მან ასევე მოუწოდა გერმანიას გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და პირობა დადო, რომ „ვითარება შეიცვლება“.