Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურისთვის


​30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო ვითარება შეაფასეს. ასევე, დღის განმავლობაში, ცნობილი გახდა, რომ პარტია „რესპუბლიკელები“ დატოვა დავით უსუფაშვილმა. ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 2005-2013 წლებში კი თავმჯდომარეც.

პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ის საქმიანობას ოპოზიციაში გაარძელებს, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს, არ უთქვამს.

„დიახ, მე ვადასტურებ, რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება „რესპუბლიკული პატრიის“ დატოვების შესახებ. მე ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს უკვე იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად. ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომელიც, ჩემი აზრით, არის მიუღებელი, მაგრამ მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

წინასაარჩევნოდ, რეკომენდაციები გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პოლიციას მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს იმ ოლქებში, სადაც კანდიდატებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე თითქმის თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს.

„რაც შეეხება დაპირისპირებებს საარჩევნო უბნის გარეთ, ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგ შემთხვევაში პოლიცია იყო ეფექტური, ზოგ შემთხვავაში - არა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ყურადღება მიაქციო განსაკუთრებით იმ ოლქებს, სადაც კანდიდატებს პროცენტულად თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. აქ შეიძლება იყოს უბნებს გარეთ დაპირისპირება“.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

ეკა გიგაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტზე: მისი თქმით, პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნების დღეს მათი პარტიის წევრები, რომლებიც კომისიებში მუშაობდნენ, მმართველმა პარტიამ მოისყიდა და, შესაბამისად, არა მათი, არამედ მმართველი პარტიის ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ. გიგაური საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ამ ფაქტებით დაინტერესდნენ.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)“ კი გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც არჩევნებიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცედურები გაუმჯობესებული იყო, მაგრამ მაინც პრობლემად რჩებოდა ხმების დათვლა და შეჯამება, ასევე ძალიან ბევრი იყო ბათილი ბიულეტენი, ამასთან, ერთ საარჩევნო კომისიას ბიულეტენის ბათილად ცნობის კრიტერიუმები ერთი ჰქონდა, მეორეს კი – მეორე.

ასევე, დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც პირებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამკვირვებლებად წარადგენდნენ თავს, არ იცოდნენ თავიანთი ორგანიზაციების სახელწოდება და მის გასახსენებლად უწევდათ სამკერდე ნიშნებზე დაეხედათ. როდესაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დამკვირვებლები ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ იცოდნენ, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ბევრი აღიარებდა, რომ, სინამდვილეში, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიიდან იყვნენ. დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს დარეგისტრირებული, თუმცა აქამდე პასიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა მათ, დამატებით, ყოლოდათ პარტიის წარმომადგენლები საარჩენი უბნებზე.

ამას გარდა, ანგარიშში ვკითხულობთ:

როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის დასახლებებში საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შეინიშნებოდა. უმეტეს შემთხვევებში, 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი. [ეს] ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა. როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები, უბრალოდ, შეიკრიბნენ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასევე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჭიროებს მეტ კვალიფიკაციას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების რაოდენობა პროცედურულ დარღვევებზე საკმაოდ მაღალი იყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG