22 ოქტომბერს ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე. ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა პარლამენტის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისათვის. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, კენჭისყრამ უბნებში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხოლოდ მცირე პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებენ. წინასწარი მონაცემებით, მარნეულში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 53 %-მა, ზუგდიდში კი - 51%-მა.
იმ ოთხი საარჩევნო უბნიდან, სადაც 22 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, ყველაზე მეტი დარღვევა საარჩევნო კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს. თუმცა, 8 ოქტომბრისგან განსხვავებით, 22 ოქტომბერს იქ ქვები აღარ უსვრიათ. განმეორებითი არჩევნების დარღვევები, ძირითადად, პროცედურულ ხასიათს ატარებდა, რასაც კენჭისყრის ჩატარების პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მთლიანობაში, ოთხივე უბანზე, რომლებიც სოფელ ყიზილაჯლოში, ჯიხაშკარსა და განმუხურში იყო განთავსებული, განმეორებითი არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. საერთო ჯამში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ ცხრა საჩივარი შევიდა. მათ შორის, შვიდი მარნეულიდან და ორი ზუგდიდიდან. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო უბანში 12-საათიანი კენჭისყრის პროცესი ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ შეაჯამა: „არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, ჩაიარა მშვიდ გარემოში. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნება გამოეხატათ და არჩევანი დაეფიქსირებინათ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საარჩევნო კომისიები იწყებენ ხმის დათვლის პროცედურის განხორციელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა შეძლოს ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა“.
ის, რომ 22 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, ამის შესახებ მთელი დღის განმავლობაში საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა, ყურადღებას მაინც ამახვილებდნენ რამდენიმე კონკრეტულ ხარვეზზე, რაც უბნებზე დააფიქსირეს. მათ შორის, ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. მარნეულის 48-ე უბანზე აღმოჩენილ ხარვეზებზე მიუთითა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემაც: „აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართის სიმცირის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, პრობლემები შეიქმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგების კუთხით. ამავე უბანზე, გადასატანი ყუთის სია არასათანადოდ იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების შემდეგ აღმოიფხვრა“.
გავიხსენოთ მიზეზებიც, რის გამოც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ უბანში განმეორებითი არჩევნები დანიშნა. კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრის მიზეზად იქცა, 8 ოქტომბერს კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უბნის დარბევის ფაქტი. სოფელ განმუხურის უბნის შედეგების გაბათილების მიზეზად დასახელდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევები. ჯიხაშკარში 108-ე საარჩევნო უბნის დარბევასა და საარჩევნო უბანზე ძალადობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ეს დარღვევები გახდა მიზეზი იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი ის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმათა 46, 94% მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სანდრა რულოვსმა კი მცირედით ნაკლები – 46,22%.
რაც შეეხება მარნეულსა და სოფელ ყიზილაჯლოს, იქ განმეორებითი არჩევნები 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ხმაურიანი დაპირისპირების გამო დაინიშნა. მაშინ სიტუაციის განმუხტვა სპეცრაზმის საშუალებით მოხერხდა. ინცინდენტიდან რამდენიმე დღეში კი დააკავეს ექვსი პირი, რომელთაც 14 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. სწორედ ამ მიზეზით იქნა ბათილად ცნობილი 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა ამომრჩეველთა 43,41% მიიღო, ხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკმამედ იმამკულიევმა – 47,91%.
22 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ყიზილაჯლოს უბანზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებაში დაადანაშაულა: „მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინ ღამის ჩათვლით, რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები, რომ თუკი აქ მოიგებს ნაციონალური მოძრაობა, იმ ახალგაზრდების ბედი, რომლებიც დაკავებულები არიან, იქნება მძიმე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის ამ რეჟიმის მოქმედების კლასიკური მეთოდი“.
ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდშიც, თუმცა, ყველა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ მმართველი გუნდის წევრები, მათ შორის, იყო მანანა კობახიძე: „დღეს არის სხვა დრო, სხვა ვითარება და ხელისუფლება, პირველ რიგში, თავად არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული“.
ჩატარდება თუ არა ზუგდიდისა და მარნეულის ორ ოლქში არჩევნების მეორე ტური, ეს 22 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული. 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს დაემატება განმეორებითი არჩევნების შედეგები ოთხი უბნიდან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, იქნება თუ არა საჭირო მეორე ტურის გამართვა გამარჯვებული მაჟორიტარობის კანდიდატის გამოსავლენად. აღსანიშნავია ისიც, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მხოლოდ 23 მაჟორიტარულ ოლქში მოხერხდა მაჟორიტარი კანდიდატების არჩევა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ 48 საარჩევნო ოლქში დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.