Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმეორებითი არჩევნების შემდეგ ზუგდიდში მეორე ტურისთვის ემზადებიან


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგების საერთო სურათზე, შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გაიმართება. ამასთან, როგორცზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მეორე ტური გაიმართება იმის მიუხედავად, მოხსნის თუ არა საკუთარ კანდიდატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი.

საოლქო კომიის თვმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, პირველ ტურში არცერთ კანდიდატს არ მიუღია გამსვლელ ხმათა რაოდენობის 50%-ზე მეტი, რა მიზეზითაც მეორე ტური ჩაინიშნა. მისივე თქმით, ეს ბარიერი ვერ გადალახეს კანდიდატებმა განმეორებითი არჩევნების შედეგების დამატებითაც:

„მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიხედვით, ხუთ ნომერს აქვს 438 ხმა, ჯამში, 41 ნომერს კი – 981 ხმა. ბათილი ბიულეტენები მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 29. რაც შეეხება გამგებლის არჩევნებს, 5-მა ნომერმა მიიღო 439, 41-მა ნომერმა კი – 954 ხმა. ბათილი ბიულეტენები – 38-ია”, – განაცხადა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარსა და განმუხურში განმეორებითი არჩევნების დასრულების მეორე დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სანდრა რულოვსმა ადგილობრივ ტელეკომპანია „ოდიშს“ აუწყა, რომ ზუგდიდში ჩამოვიდა, რათა მადლობა გადაუხადოს ნდობისთვის საკუთარ ამომრჩეველს. იგი მეორე ტურში მონაწილეობას შეურაცხყოფად თვლის:

„მე ზუგდიდის რაიონის სოფელში მოვედი, რამდენიმე ოჯახში, რომ მადლობა მეთქვა ხალხის ნდობისთვის, ჩემი მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო, ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში”.

სანდრა რულოვსი ამ გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკეს თანაგუნდელებმა. მათ შორის, განცხადება ზუგდიდში გააკეთა ნიკა მელიამ. მან გაიზირა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების მოსაზრება, რომ ამ ქმედებით, ის გაემიჯნა პარტიის საერთო გადაწყვეტილებას, არჩევნებში ბოლომდე ბრძოლასთან დაკავშირებით:

„ჩემი აზრით, ეს, ქალბატონი სანდრას მხრიდან, არ არის კარგი ჟესტი. მე რომ ვიყო ქალბატონი სანდრას ადგილზე, სამართლიანად მივიღებდი კრიტიკას ჩემი მეგობრების მხრიდან, ვინაიდან მიტოვება სწორედ მაშინ არის იმ შენი ამომრჩევლების, როდესაც შენ არ აპირებ ბრძოლას მეორე ტურში", – განაცხადა ნიკა მელიამ.

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით, განცხადებები 22 ოქტომბერს განმუხურისა და ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებთანაც კეთდებოდა, სადაც კენჭისყრის პროცედურას, მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მათ შორის, ელენე ხოშტარია, გიორგი ტუღუში, ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე. უბნებთან იმყოფებოდნენ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ზვიად ძიძიგური, მანანა კობაიძე. განმუხურის სააჩევნო უბანთან, ხმის დათვლის დასრულებამდე, დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე. მან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ უბანთან იმყოფებიან, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

ჯიხაშკარში განმეორებითი არჩევნები იმიტომ ჩატარდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უბნები დაარბიეს, რის შემდეგაც არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. განმუხურის ერთ უბანზე, აღმოჩენილი დარღვევების გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები ბათილად ცნო, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ზუგდიდის სასამართლომ, მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

XS
SM
MD
LG