Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არჩევნები ამერიკელი დამკვირვებლის თვალით


ავტორი: ვიქტორ ეში, აშშ-ის ყოფილი ელჩი პოლონეთში

აშშ-ის საარჩევნო კამპანიის ყოვლისმომცველმა გაშუქებამ პოლიტიკის სფეროში ყველაზე მრავლისმნახველ ადამიანსაც კი შეიძლება მოაბეზროს თავი. ამდენად, სიხარულით გამოვიყენე შესაძლებლობა, მიმდინარე თვის დასაწყისში − საერთაშორისო დამკვირვებლის როლში − თვალყური მედევნებინა სხვა, ჩვენსაზე ბევრად უფრო ახალგაზრდა დემოკრატიაში გამართული არჩევნებისთვის.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მესამედ ვესტუმრე. ჩემთან ერთად მუშაობდნენ პარლამენტარები და წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან და გერმანიიდან. მეთვალყურედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და მუდამ მაცვიფრებდა გარემოება, რომ დემოკრატიის ჭეშმარიტ გამოვლინებებს ვხვდებით არა იმდენად დიდ მიტინგებსა თუ დემონსტრაციებზე, რამდენადაც პროცედურებისა და მიუკერძოებლობისადმი არცთუ იოლად მისაღწევი ერთგულების გამოხატვისას. არადა, სწორედ ეს ერთგულებაა ლეგიტიმური არჩევნების ჩატარების აუცილებელი წინაპირობა.

თბილისში ჩემს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ვიღაცამ ააფეთქა პარლამენტის ოპოზიციონერ წევრის ავტომანქანა. ბევრი ელოდა, რომ ამ ინციდენტს ძალადობის ესკალაცია მოჰყვებოდა და, რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნების დღე, დაძაბულობა მართლაც იზრდებოდა. მცირერიცხოვანი ჯგუფის შემადგენლობაში ორი დღე გავატარე შუა და სამხრეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში, სადაც შევხვდი პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლებს. თვით არჩევნების დღის უდიდესი ნაწილი თვალწარმტაცი ბორჯომის საარჩევნო უბნების მეთვალყურეობას დავუთმე.

ნანახმა და მოსმენილმა დამარწმუნა, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი და დინამიკურია, თუმცა დავინახე ზოგიერთი ტენდენციაც, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა პარტიული მიზნების მისაღწევად, კენჭისყრის პროცესის ჩაშლისა თუ მისთვის ხელის შეშლის მუქარები − წინასაარჩევნო პერიოდში ყოველივე ამაზე მრავლად იყო საუბარი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში და, ამა თუ იმ შეხვედრისას, ჩვენც არაერთი საჩივარი მოვისმინეთ. ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პარტიებს ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება უფრო აინტერესებთ, ვიდრე თავად პოლიტიკა. ეს კი ამომრჩევლებს არ მოსწონთ, ყოველ შემთხვევაში, თუ მათი დაბალი აქტიურობით ვიმსჯელებთ.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს − კერძოდ, მარნეულში მომხდარ შეხლა-შემოხლასა და რამდენიმე სხვა მცირე ინციდენტს − არ გამართლდა მათი შიში, ვინც ზემოხსენებული აფეთქების შემდეგ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ელოდა. მაგრამ გადამწყვეტი ის იქნება, შეძლებს თუ არა მთავრობა, ბოლომდე და გამჭვირვალედ გამოიძიოს ის ინციდენტები, დაადგინოს, მართლაც ხდებოდა თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

პოლონეთში აშშ-ის ელჩად მუშაობისას მოწმე გავხდი იმისა, როგორ დასრულდა არჩევნებში კომუნისტების ბატონობა და როგორ იქცა არჩევნები თავისუფალ პროცესად, სადაც შესაძლებელი გახდა აზრისა და პოზიციის გამოხატვა სახელმწიფოს ჩაურევლად. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 25-ე წლისთავზე და „ვარდების რევოლუციიდან“ 13 წლის შემდეგ საქართველო განაგრძობს ძიებას მსოფლიოსა და რეგიონში თავისი განსაკუთრებული ადგილისა, რაც მჭიდროდ უკავშირდება მის არჩევანს, დემოკრატიის გზით იაროს. 30 ოქტომბერს, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ქართველი ხალხი ისევ უყრის კენჭს თავის კანდიდატებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები ყოველ ღონეს იხმარენ უფრო კონსტრუქციული გარემოს შესაქმნელად, რაც ქართველ ამომრჩეველს მისცემს სტიმულს, გამოიყენოს თავისი დემოკრატიული მანდატი.

XS
SM
MD
LG