Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაამყარებს ლარს


საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს დადებითი პროცესები იმპორტისა და მოხმარების გაზრდის სახით, რაც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას. რას ემყარება მთავრობის მოლოდინი და რას ფიქრობენ ლარის კურსის ცვლილებაზე ეკონომიკის ექსპერტები?

რა გაამყარებს ლარს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:56 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ლარი დაიწყებს გამყარებას და მისი კურსი დოლარის მიმართ გაიზრდება. გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურებას ასეთ ახსნას უძებნის:

„იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით“.

გიორგი კვირიკაშვილმა მოიშველია საქსტატის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა და 9 მილიარდ 950 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 701 მილიონი დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 8 მილიარდ 249 მილიონი დოლარი (31 პროცენტით მეტი). შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლარის კურსის ცვლილება განპირობებულია დადებითი ეკონომიკური პროცესებით:

„მოხმარება არის გაზრდილი. ესქპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება“.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად რეფინანსირების სესხი გამოყენებულია მოკლევადიანი სპეკულაციებისათვის...
პაატა შეშელიძე

თუმცა საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტმა შეადგინა 5 მილიარდ 851 მლნ დოლარი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მთავრობა უარყოფდა ლარის კურსის ვარდნაზე მაკროეკონომიკური ფაქტორების (მათ შორის, იმპორტ-ექსპორტის) გავლენას და მიზეზად ასახელებდა „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ „რუსპუბლიკა ბანკის“ შეძენის ერთჯერად ოპერაციას. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი აღწერს პრობლემას, თუმცა არაფერს ამბობს გამომწვევი მიზეზებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ხუხაშვილიც ვარაუდობს ლარის გამყარებას, მაგრამ მიზეზად სულ სხვა ფაქტორს ასახელებს.

„15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარი გამყარდება, ალბათ, იმიტომ რომ ყველას უნდა საახალწლო სუფრა და ყველას აქვს 100 დოლარამდე გადანახული ახალი წლისთვის ინდაურის შესაძენად. ასე რომ, ლარის გამყარება დეკემბერ-იანვარში იქნება ინდაურის დამსახურება და არა მთავრობისა. ეს არის ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობა - ჩვენ გვაქვს „ინდაურის ეკონომიკა“. ეს არის პრობლემა, რომლის იდენტიფიცირებას ახდენს კვირიკაშვილი, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, ცინიკურად ჟღერს ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ჯანსაღი უწოდა, რადგან შეუძლებელია პოზიტიური ეკონომიკური პროცესები ნეგატიურად აისახებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

პაატა შეშელიძე, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი, ხელისუფლებას ურჩევს შეაჩეროს რეფინანსირების სესხების გაცემა, რაც შეიძლება გამოიყენებოდეს სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებისა და მოსახლეობის გაღარიბებისათვის.

„თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურების მრუდს და ერთმანეთს შევადარებთ, რეფინანსირების სესხების ზრდის მრუდი და ლარის გაუფასურების მრუდი საკმაოდ ახლოს არიან ეთრმანეთთან, აშკარად შეიმჩნევა ვიზუალური კორელაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ემთხვევა ეს მრუდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად რეფინანსირების სესხი გამოყენებულია მოკლევადიანი სპეკულაციებისათვის“, უთხრა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა დაკავშირებულია მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებთან და იმ პრობლემებთან, რომლებიც შექმნილია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებში, თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, მთავრობას დაკარგული აქვს კონტროლი მაკროეკონომიკურ პროცესებზე, ლარის კურსის გამყარება კი შესაძლებელია მხოლოდ გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ათვისებით, ბიუჯეტის დეფიციტისა და ხარჯვების შემცირებით და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG