თბილისის მერია პეკინის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები 16 ივნისს დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, თუმცა უკვე დადგენილია ალტერნატიული მარშრუტები, რომლებითაც ისარგებლებენ ავტომანქანის მფლობელები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული შემოვლითი მარშრუტების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ სატრანსპორტო კომუნიკაციების სპეციალისტები. შესაძლებელია თუ არა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილება?
თბილისის მერიაში დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეკინის ქუჩას სრულყოფილი რეაბილიტაცია ელის. სამუშაოები 16 ივნისს დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გაგრძელდება. გეგმის თანახმად, მოწესრიგდება საავტომობილო გზის საფარი და ტროტუარები, ასევე გამოიცვლება წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ქსელი. უკვე გამოვლენილია ის კომპანიები, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშოებში ჩაერთვებიან და 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები, დაახლოებით, 60 წელია არ ჩატარებულა. მისივე ინფორმაციით, ქალაქის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების მიერ უკვე განსაზღვრულია ალტერნატიული გზები, რომლებითაც ავტომანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ისარგებლებენ.
„პირველ ეტაპზე მოძრაობა ხდება ცალმხრივი. ვაჟა-ფშაველას მხრიდან მომავალი მანქანები ცალმხრივად იმოძრავებენ 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქითა მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე“, განაცხადა დავით ნარმიანამ.
მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. მათთვის დადგენილი ერთ-ერთი მარშრუტი ასეთია: გმირთა მოდნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება მოხვედრა ჟვანიას მოედანზე, საიდანაც ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები პეკინის ქუჩით შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე. დეტალური ინფორმაცია ახალი მარშრუტების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ვებსაიტზე და ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის: პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ, ასევე ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით, ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ. ანა კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით.
სატრანსპორტო კომუნიკაციების სპეციალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის შერჩეულია საზაფხულო პერიოდი, როდესაც ქალაქს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს, შეფერხებები გარდაუვალი იქნება, რადგან თბილისის სატრანსპორტო ქსელის მუშაობას პრობლემას ხშირად დროებითი სამუშაოებიც უქმნის. მისივე თქმით, დროსთან ერთად, მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიაც:
„ეს უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად და ფრაგმენტულად, რომ მთლიანად არ ჩავკეტოთ მთელი გზა. შესაძლებელია მხოლოდ ორ ქუჩას შორის მონაკვეთების ჩაკეტვა. მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი სქემის მიხედვით, ჟვანიას მოედნიდან პეკინის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება“.
ვასილ ურუშაძე მოსალოდნელ კრიზისზე საუბრისას ხაზს უსვამს თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მარშრუტების დაბალგამტარუნარიანობას. მისი თქმით, დროებითი შეფერხების დროს შემოვლითი გზების დასადგენად შესაძლებელი უნდა იყოს მთლიანად ქალაქის გამოყენება, რაც თბილისში შეუძლებელია. უფრო მეტიც, ქალაქს ალტერნატიული მარშრუტების ძალიან მწირი შესაძლებლობა აქვს.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კობა ძნელაძე ფიქრობს, რომ რეაბილიტაცია არა მხოლოდ პეკინის ქუჩას, არამედ სხვა ქუჩებსაც სჭირდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ სამუშაოებისთვის საკურორტო სეზონი შეარჩიეს, მძღოლები გადაადგილებას შედარებით მარტივად შეძლებენ:
„რეაბილიტაცია მეტ-ნაკლებად ყველა ქუჩას სჭირდება. ამ ქუჩასაც სჭირდება, რადგან ორმოებია. პეკინი ისეთი ქუჩაა, რომ ყოველთვის საცობებია, თუმცა გადაადგილება მაინც მოსახერხებელია“.
როგორც იცით, ზაფხულში ხარჯები ისეა გათვალისწინებული, რომ მყიდველი ნაკლებია. არა მგონია, ამან დიდად იმოქმედოს მყიდველის შემცირებაზე, რადგან ზაფხულში ქალაქში, ფაქტიურად, არავინ არ არის...ნიკოლოზ გურგენიძე
განსხვავებულია პეკინის ქუჩაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების მფლობელთა მოსაზრებები. ფეხსაცმლის მაღაზიის მფლობელი ნიკოლოზ გურგენიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ თბილისის მერიამ ისინი ერთი კვირის წინ გააფრთხილა. მისი თქმით, განახლებული და კეთილმოწყობილი ქუჩა კიდევ უფრო მეტ მყიდველს მოიზიდავს, რაც დადებითად აისახება მის შემოსავალზე:
„როგორც იცით, ზაფხულში ხარჯები ისეა გათვალისწინებული, რომ მყიდველი ნაკლებია. არა მგონია, ამან დიდად იმოქმედოს მყიდველის შემცირებაზე, რადგან ზაფხულში ქალაქში, ფაქტიურად, არავინ არ არის“.
მყიდველთა რაოდენობის შემცირებაზე წუხს პეკინის ქუჩის კიდევ ერთი მაღაზიის თანამშრომელი, თამუნა ლურსმანაშვილი:
„თუ გზა იქნება ათხრილი, ტურისტმა შეიძლება აღარ ისურვოს მაღაზიაში შემოსვლა“.
პეკინის ქუჩა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ყველაზე აქტიურ და ხალხმრავალ ნაწილებს. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის მერია მოქალაქეებს ურჩევს გაეცნონ ინფორმაციას შემოვლითი მარშრუტებისა და საზოგადობრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეცვლილი სქემების შესახებ. ამისთვის 26 მაისის მოედანზე სპეციალურად მოეწყობა დროებითი შტაბი, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს ინფორმაციას ხელმისაწვდომი მარშრუტების შესახებ.