22 მაისს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის კანონიერებას შეეხება და რომლის მიხედვით, მერიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას, განცხადებით, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომლის პირობებშიც ეწერა, რომ კონკრეტული მიწის შემძენი პირი მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეც უნდა ყოფილიყო, მომიჯნავე მიწა კი სწორედ ფარცხალაძის კომპანიას ეკუთვნოდა. თორდია აცხადებს, რომ ამ კორუფციული სქემის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა. ის მოითხოვს, ასევე, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 13 მაისს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების დეტალებს.
22 მაისს, ერთი საათით ადრე ოთარ ფარცხალაძის საქმეზე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნის გამოქვეყნებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა, რომელზეც ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა, და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას, ჩვენებები გაასაჯაროვა და, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარი ჩხუბისას პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია. გასაჯაროვდა ჩხუბის კადრებიც. გამომძიებელმა დავით შაშურაშვილმა განაცხადა, რომ დაპირისპირება დაცვის ჩარევის შემდეგ მალევე ამოიწურა.
ბრიფინგის გამართვიდან ერთ საათში ლაშა თორდიამ ასევე საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამ საქმის გამოძიება მოსთხოვა, რადგან, მისივე სიტყვებით, შსს-მ საქმე, შესაძლოა, ისე შემოატრიალოს, რომ არა ფარცხალაძე, არამედ თავად თორდია აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე.
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის, განცხადებით, არანაირი სამართლებრივი გადაცდომა ამ საქმეში არ არსებობს:
„უფრო მეტიც, ეს არ არის დამოუკიდებელი და მთავარი აუდიტის მიერ გამოტანილი დასკვნა, ეს არის დაინტერესებული პირის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული დასკვნა“.
რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომელსაც საზოგადოება ელოდა და რომელიც, თორდიას განცხადებით, გახდა კიდეც მისი და ფარცხალაძის დაპირისპირების მიზეზი, როგორც 22 მაისს ლაშა თორდიას მოადგილე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 2012-2016 წლებში შპს „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“ უშედეგოდ ითხოვდა კომპენსაციას მის კუთვნილ ნაკვეთებზე ახალი გზის გაყვანის გამო. 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიის მესაკუთრის შეცვლიდან 45 დღის ვადაში დაასრულა კომპენსაციის პროცედურა და შედეგად აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთის რეალური ღირებულება ზარალის მიღების პერიოდში 5-ჯერ აღემატებოდა მერიის მიერ კომპენსაციის სახით გაცემულ და ახალი მესაკუთრის მიერ მასში გადახდილ თანხას. ახალმა მესაკუთრემ 580 000 ლარად შეიძინა 2 615 100 ლარის აქტივის მქონე კომპანია. თბილისის მერიამ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება დაასახელა, ხოლომომიჯნავე საკადასტრო ერთეულის მესაკუთრე გახლდათ ერთი კომპანია, რომლის 100 %-იანი მეწილე არის ოთარ ფარცხალაძე,აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი კი 1.7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ღირებულება.
თბილისის მერი, დავით ნარმანია, აცხადებს, რომ მერია გადაწყვეტილების მიღებისას ექსპერტების შეფასებას დაეყრდნო. ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც განცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მერიამ გადასცა მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და ტყუილია განცხადება, თითქოს მერიაში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გარკვეულ დოკუმენტაციას ვერ მიაკვლიეს.
თორდია-ფარცხალაძის საქმეს 22 მაისს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები და რომ ომბუდსმენის აპარატისაქმის გამოძიებას აკვირდება. მისი თქმით, თუ ამ კითხვებს უახლოეს დღეებში პასუხი არ გაეცა, საჭირო გახდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„ამ საქმესთან მიმართებით შენიშვნები მქონდა - თუნდაც ის, რომ ფარცხალაძე დაგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ, დაკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული თორდია პირდაპირ მიუთითებდა მის გვარს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უკვე კვირაზე მეტია მოითხოვს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება პარლამენტის ღირსების საქმეა, თუმცა უმრავლესობაში კომისიის შექმნა ნაადრევად მიაჩნიათ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, სიტყვებით, შესაბამისი ორგანოს მიერ გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნა რეგლამენტს ეწინააღმდეგება. ამ საკითხის ხელახლა დასმა და პარლამენტის ჩართვა, მისი თქმით, შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ შსს ვერ შეძლებს საქმის ეფექტიანად გამოძიებას.