Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მომოსვლის უპირატესობები უკრაინის მოქალაქეებისთვის


6 აპრილს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ოფიციალურად ამოქმედებიდან 11 დღეში, ევროპარლამენტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ამჯერად უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლების მინიჭების გზაზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის სათათბირო ორგანოს 521-მა დეპუტატმა. სავარაუდოდ, ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ შენგენის ზონაში შესვლა. არადა, ქვეყანა ომის პირობებში განაგრძობს ცხოვრებას, ჯერაც მოუგვარებელია კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და, ენერგორესურსებით მდიდარ საკუთარ რეგიონებში დაძაბული ვითარების გამო, არასტაბილურია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება. როგორ აფასებენ უკრაინასთან სავიზო ლიბერალიზაციას პოლიტიკოსები? როგორი განწყობაა უკრაინაში „ევროპულ ოჯახში“ დაბრუნების მიმართ და, მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, რა მოლოდინი უკავშირდება რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-დასავლეთის სამომავლო ურთიერთობებს?​

გადმოწერა

ევროპის აღმოსავლეთის საზღვრის გაფართოებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ უკრაინასთან ერთად. ასე იყო გასული რამდენიმე თვის განმავლობაშიც, როდესაც დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების საკითხი. 28 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ ჩამოგრჩეთო“ - ასე მიმართა პოროშენკომ საქართველოს მთავრობის მეთაურს კიევში, სუამის სამიტზე.

გასული კვირის ბოლოს, 6 აპრილს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შენგენის ზონის ქვეყნებში უკრაინის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შემოღებას. რამდენიმე სავალდებულო ეტაპის შემდეგ, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე ევროკომისიის სხდომებს, შემდეგ კი დოკუმენტის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებასა და ოცდღიანი ვადის გასვლას, ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტის 6 აპრილის გადაწყვეტილება, უკრაინის მოაქალაქეებისთვის ოფიციალურად ივნისიდან შევა ძალაში. „მომხსენებელთა თქმით, უკრაინამ დააკმაყოფილა ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა ძირითადი კრიტერიუმი, უფრო მეტიც, მან მოლოდინს გადააჭარბა მდგრადი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“, აღნიშნა პოლონელმა ევროპალარმენტარმა მიხალ ბონიმ. უკრაინის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე პოლიტიკოსები და მიმომხილველები ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ამაზე ისაუბრა ევროკომისარმა ვერა იუროვამაც 5 აპრილს სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც რამდენიმე საათში მოჰყვა კიდეც გადაწყვეტილება უკრანისთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე: „მზარდი ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პირობებში, იზოლაციონიზმისა და გამორჩეულობის ნარატივის ფონზე, ეს იქნება მორიგი სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირი რჩება ღია და ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს თავის სამეზობლოსთან. ძვირფასო ევროპარლამენტარებო, მოგიწოდებთ, გამოავლინოთ ეს გახსნილობა და კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროთ შემოთავაზებულ წინადადებას“ - ვერა იუროვა ერთ-ერთია იმ 521 დეპუტატს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო ევროპარლამენტის 75 წევრი.

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი

ევროკავშირთან კიევის უშუალო ურთიერთობა სათავეს იღებს 1990-იანი წლებიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის ევროპული ვექტორი კიდევ უფრო გამოიკვეთა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ქვეყანა სამართავად ჩაიბარა ვიქტორ იუშჩენკოს გუნდმა. მრავალი საშინაო თუ საგარეო დაბრკოლების ფონზე, რომელთა შორის იყო მასშტაბური პროტესტის სერია მაიდანზე, რასაც მალევე მოჰყვა ყირიმის კრიზისი, 2014 წელს ოფიციალურად გაფორმდა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. ამას მოჰყვა გაწევრიანება „ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობის სივრცეში“.

ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის მთავარი რედაქტორის, როსტისლავ ხოტინის აზრით, უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში დაეხმარება პოლიტიკურ ელიტას და თავად პოროშენკოს იმის დადასტურებაში, რომ ბოლო სამ წელიწადში პრეზიდენტის დაპირებებმა ხორცი შეისხა. ხოტინის თქმით, ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება შვებაა პროევროპელი აქტივისტებისა და იმ მილიონობით უკრაინელისთვის, ვინც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობს. ჩვენმა კოლეგამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებისთვის ეს ევროპულ საფუძვლებთან დაბრუნებას ნიშნავს: „ევროპა ყოველთვის მაგნიტივით იზიდავდა უკრაინას, როგორც კულტურულად, ისე ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად. უკრაინა ხელოვნურად ჩამოაშორეს ევროპას 300 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც დავმარცხდით პოლტავის ბრძოლაში, რომელშიც შვედებთან ერთად ვებრძოდით პეტრე პირველს. ამას მოჰყვა იზოლაცია, რაც გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც. ამიტომ უკრაინელებისთვის ეს ევროპულ ოჯახში დაბრუნების ნიშანია, მილიონობით უკრაინელი ნახავს ევროპას. ეს ასევე იქნება მაგნიტი ევროინტეგრაციის გზაზე, ერთგვარი შუქურა წინსვლისთვის“ - გვითხრა როსტისლავ ხოტინმა. კითხვაზე, თუ რამდენად ცალსახაა უკრაინელების მხარდაჭერა ევროპული მომავალისადმი, მან გვიპასუხა, რომ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი კიდევ უფრო აშკარად გამოკვეთს უკრაინული პასპორტის მნიშვნელობას უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსებისა თუ ბელორუსებისთვის, და მათთვისაც, ვინც აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მდებარე რეგიონებში ცხოვრობს:

„ეს ძალიან მომხიბვლელი იქნება ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის აუზის რეგიონებში მცხოვრებთათვის, მათთვის, ვინც ახლა იზოლაციაშია. ისინი არც რუსები არიან, და არც 100%-ით უკრაინელები. ისინი ცასა და მიწას შორის არიან გამოკიდებული, იზოლირებულ რუხ ზონაში ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გამოკვეთს ერთი მხრივ, უკრაინული პასპორტის მნიშვნელობას და, მეორე მხრივ, უკრაინის ერთიანობას“ - ასე ფიქრობს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მთავარი რედაქტორი, როსტისლავ ხოტინი.

უკრაინის 45-მილიონიანი მოსახლეობიდან თავისუფალი მიმოსვლის სიკეთით სარგებლობას ჯერჯერობით მხოლოდ სამ მილიონამდე მოქალაქე შეძლებს, ანუ ისინი, ვინც უკვე აიღო ბიომეტრიული პასპორტები. უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეებისთვისაც 90 დღეა 180 დღის განმავლობაში. ბევრი ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ადრე თუ გვიან უნდა მოჰყვეს ევროკავშირის წევრობა, რაც ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რუსეთის პოზიციაზე: „დიდი ხანია, მოსკოვიდან ისმის ლაპარაკი, აქაოდა, ევროპაში არავინ გელოდებათ, არც იცით, სად მიდიხართ, თქვენივე აღსასრულისკენ მიდიხართო. უვიზო მიმოსვლის შემოღება გვიჩვენებს, რომ შედეგი აშკარაა, ეს მატერიალური და ფსიქოლოგიური ფაქტორია. უკრაინელები უფრო მეტად ხდებიან ევროპელები, უკრაინა კი - ევროპული ქვეყანა. უკრაინის მომავალი ევროპაშია. ომი რომ დამთავრდება, გვსურს, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ევროპელები ვართ, ევროპის ნაწილი ვართ, და ადრე თუ გვიან, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი“, გვეუბნება ჩვენი უკრაინელი კოლეგა როსტისლავ ხოტინი.

XS
SM
MD
LG