Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია ტრამპს სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნებაში ადანაშაულებს


დონალდ ტრამპი, სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპი, სერგეი ლავროვი

„ვაშინგტონ პოსტმა“, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ და სხვა ამერიკულმა გამოცემებმა 15 მაისს გაავრცელეს ცნობები, რომელთა თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუზიარა მაღალი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რითაც პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე“ მომუშავე სადაზვერვო წყაროები. ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა ვაშინგტონში. თეთრი სახლი და კრემლი ამტკიცებენ, რომ ცნობები საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ „ყალბია“.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. „ვაშინგტონ პოსტთან“ ერთად სხვა ამერიკული გამოცემები იშველიებენ ხელისუფლების ანონიმი წარმომადგენლების ციტატებს, რომელთა თანახმადაც, ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა, და აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს, გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც აშშ-ს მიაწოდა მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა ქვეყანამ, სადაზვერვო სამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე. ამავე წყაროების ცნობით, ვაშინგტონს არ ჰქონდა ნებართვა პარტნიორი ქვეყნისგან, საიდუმლო ინფორმაცია მოსკოვისთვის გაეზიარებინა. ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ ტრამპის ქმედება დააზარალებს თანამშრომლობას მოკავშირესთან, რომელსაც ხელი მიუწვდება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „შიდა სამზარეულოზე“. ტრამპი რუს დიპლომატებს 10 მაისს შეხვდა ოვალურ ოთახში, სადაც მოულოდნელად დაიწყო საუბარი ექსტრემისტებთან დაკავშირებული საფრთხეების დეტალებზე, მათ შორის, თვითმფრინავში ლეპტოპების გამოყენების საფრთხეზე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში, ტრამპმა ასევე დაიტრაბახა, რომ მას „ყოველდღიურად აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას“ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. აშშ-ის მედიაში გავრცელებული ცნობები თეთრმა სახლმა გუშინვე უარყო და აღნიშნა, რომ ბრალდებები ყალბია.

„არასოდეს, არასოდეს, სადაზვერვო წყაროებსა და მეთოდებზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა. შეხვედრას ესწრებოდა ხელისუფლების სხვა ორი წარმომადგენელი, - მათ შორის, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, - რომელთაც ახსოვთ, რომ შეხვედრა ზუსტად ასე წარიმართა. ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია უნდა გადაწონიდეს ანონიმურ წყაროებს. იმ ოთახში ვიყავი. ეს არ მომხდარა“, უთხრა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰ. რ. მაკმასტერმა.

ბრალდებებს არ ეთანხმება არც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. მისი თქმით, „ტრამპისა და ლავროვის საუბარი შეეხო კონკრეტული საფრთხეების შინაარსს, თუმცა მათ არ უხსენებიათ წყაროები, მეთოდები და სამხედრო ოპერაციები“. საკუთარი თავის დაცვა სცადა აშშ-ის პრეზიდენტმაც ტვიტერის სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული პოსტით: „როგორც პრეზიდენტს, მსურდა და ამის სრული უფლება მქონდა, რუსეთისთვის გამეზიარებინა ფაქტები ტერორიზმსა და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ“. მისი თქმით, ის „ჰუმანიტარული მიზნებით“ მოქმედებდა და, ასევე, სურდა რუსეთს გაეძლიერებინა ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ. კონგრესის წევრმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელების ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაგმეს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და აღნიშნეს, რომ ეს არის „პრობლემური“, „სახიფათო“ და „უგუნური“ ქმედება. კრიტიკოსებს შორის არის დემოკრატი სენატორი კრის კუნსი.

„ეს შეგვახსენებს, რომ პრეზიდენტი, ჩემი აზრით, როგორღაც დაუფიქრებლად მოიქცა რუსეთის მინისტრთან და რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ოვალურ ოთახში. იქ იყვნენ რეპორტიორებიც, რომლებსაც სათანადო შემოწმება არ გაევლოთ. მითითება, რომ ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუზიარა მაღალი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, უაღრესად პრობლემურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო ასპარეზზე“, - აღნიშნა დემოკრატმა კუნსმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი თქვა, რომ „ცნობები შემაშფოთებელია, თუმცა ძნელია შეფასება, რადგან მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არსებობს“. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სენატის სადაზვერვო კომიტეტის დემოკრატი წევრი მარკ ვორნერი, რომელმაც თქვა, თუკი ბრალდებები დამტკიცდება, ეს იქნება „სილის გაწვნა“ აშშ-ის საგამოძიებო სამსახურებისთვისო. ტვიტერში მან დაწერა: „უპატიებელია წყაროებისა და მეთოდების რისკის წინაშე დაყენება, განსაკუთრებით, როცა საქმე გვაქვს ‘რუსებთან’“.

ამერიკის ზოგიერთი გამოცემის ცნობებს „სრული სისულელე“ უწოდა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისმა კოლეგამ კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მარია ზახაროვამ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში ასე უპასუხა სოციალური ქსელის მომხმარებელთა მოთხოვნას ტრამპის მიმართ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით შეფასების გაკეთების თაობაზე: „თქვენ რა, კიდევ კითხულობთ ამერიკულ გაზეთებს? ეს არ უნდა გააკეთოთ“.

XS
SM
MD
LG