Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიფესტაცია ქოლგებით - მოძრაობა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ


ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად 25 ნოემბერს თბილისში, ისევე როგორც საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში, მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა. აქცია, რომელიც თითქმის ერთი თვე სოციალური ქსელის საშუალებით მზადდებოდა და რომლის ორგანიზატორებიც აქტიური ქალები არიან, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო დასწრებით აღინიშნა. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მარტო თბილისში რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“ - ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციასაც, რომლის ადრესატებიც მთავრობის წევრები არიან. პეტიცია მოუწოდებს მათ გააცნობიერონ ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში.

წვიმს. პარლამენტის წინ ნემსი არ ჩაიგდება. ფერადი ქოლგების ქვეშ, წვიმა რომ წვეთ-წვეთად ჩამოდის, გზას ძნელად იკვლევ. პარლამენტის კიბეებთან მიახლოება ჭირს. ხალხი მჭიდროდ დგას. კიბეებზე ჩამომდგარი აქტივისტების პლაკატებს წვიმა ასველებს, მაგრამ ისე ვერა, რომ ზედ დაწერილი გზავნილები წაშალოს: „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „მეც მინდა ცხოვრება“, „არა სექსიზმს და გენდერულ სტერეოტიპებს“, „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქალი ძალადობისგან“ და კიდევ სხვა გზავნილებიც. ხალხის ნაკადი ნელ-ნელა მატულობს. პარლამენტის წინ, კიბეებზე გაშლილ ლურჯ კარავში აქტივისტები იკრიბებიან - ქალები, რომლებმაც 25 ნოემბერი, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე, საქართველოში უპრეცედენტო მანიფესტაციის დღედ აქციეს; ქალები, რომლებმაც სხვა ქალები და კაცები საქართველოს მასშტაბით გააერთიანეს და 25 ნოემბერს, პირველ საათზე, საქართველოს 23 ქალაქში ერთობლივი მანიფესტაციის ორგანიზება მოახერხეს. მათ შორისაა ქალთა მოძრაობის აქტივისტი ბაია პატარაია: „როდესაც მე შემეკითხებიან, სად ვიყავი, როცა ძალადობდნენ ქალებზე, მე ვიტყვი, რომ მე ვიდექი აქ, პარლამენტის წინ, იმიტომ რომ ეს იყო ადგილი, სადაც მე შემეძლო ამაზე მესაუბრა თქვენთან ერთად. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი. და უფრო და უფრო გავმრავლდებით. და როდესაც ჩვენ გავმრავლდებით და როდესაც ჩვენ ჩვენს ხმას გავაერთიანებთ და ყველა ერთად დავგმობთ ძალადობას, მაშინ ძალადობა დაიხევს უკან. თუ ჩვენ დღეს ამას არ გავაკეთებთ, მაშინ უარესი მოხდება ხვალ. ჩვენ ისევ მოგვკლავენ, ისევ გვცემენ, ისევ დაგვჩაგრავენ. ეს არის გარდამტეხი მომენტი“.

საქართველოში სერიოზულად არ იდგა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი და დღეიდან, მე ვფიქრობ, ასეთი მოძრაობები აჩვენებს, რომ საზოგადოებას აწუხებს ეს პრობლემა, ეს არის მნიშვნელოვანი...
ნინო ლომჯარია

ბაიას გვერდით დგას ნინო ლომჯარია, აქციის ერთ-ერთი აქტივისტი და "სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. მას სჯერა, რომ ეს აქცია, პირველ რიგში, საზოგადოების განწყობისა და შეგნების შეცვლის საწყისი იქნება. „25 ქალის მკვლელობამ კარგად დაგვანახვა, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოება მეტ-ნაკლებად ტოლერანტული აღმოჩნდა ამ ტიპის დანაშაულის მიმართ“, - მეუბნება ნინო და წუხს, რომ საზოგადოება ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ფემიციდისათვის გამართლებაც კი მოეძებნა: „და კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველოში სერიოზულად არ იდგა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხი და დღეიდან, მე ვფიქრობ, ასეთი მოძრაობები აჩვენებს, რომ საზოგადოებას აწუხებს ეს პრობლემა, ეს არის მნიშვნელოვანი და ყველა დონეზე, საკანონმდებლო დონეზე თუ აღსრულების თვალსაზრისით, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს არის საზოგადოების და არა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

ძლიერი წვიმა ვერ ერევა პარლამენტის წინ გაშლილ თეთრ სტენდზე ფერადი საღებავებით დატოვებულ ხელის ანაბეჭდებს. ამ ანაბეჭდებს აქციის მონაწილეები ტოვებენ. მათ შორისაა სტუდენტი გიორგი ხაჩიძე. ხელის გული ყვითელ საღებავში აქვს ამოვლებული. სტენდზე, წითელი წარწერით „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“, თავისი ანაბეჭდი სულ ახლახან დატოვა. ამბობს, რომ ხალხის რეაქცია ქალთა მკვლელობებსა და მათ მიმართ ძალადობაზე დაგვიანებულია: „საზოგადოებას არ აქვს გათავისებული, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემაა. ეს რომ გაცნობიერებული ყოფილიყო, აქამდე უნდა მოგვარებულიყო პრობლემა. მე ჩემი ანაბეჭდით უარი ვუთხარი ძალადობას“.

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00

პარლამენტის წინ გაშლილი ლურჯი კარვის ქვეშ რიგი არ წყდება. იქ აქციის მონაწილეები პეტიციას აწერენ ხელს, პეტიციას, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პეტიციის ხელმომწერნი ხელისუფლებას მოუწოდებენ გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში.

ქალზე ძალადობა სისტემურია. ქალებს კლავენ ყველგან, ყველა სოციალურ ჯგუფში - ქალაქში, სოფელში, ოჯახში, სასწავლო დაწესებულებებში...
ნატა მურვანიძე

პეტიციის გარდა, 25 ნოემბრის აქციაზე ქალთა მოძრაობის მანიფესტიც გამოქვეყნდა. „საქართველოში დღეს ჩამოყალიბდა ქალთა მოძრაობა, რომელიც აერთიანებს თანასწორობის, სამართლიანობისა და თავისუფლების ცნებების ერთგულ ადამიანებს - მათ, ვისთვისაც აშკარაა საქართველოში ქალებისა და გოგონების დისკრიმინაციის უმწვავესი პრობლემა, რომელიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“, - ასე იწყება მანიფესტის ძირითადი ტექსტი, რომლის შინაარსიც პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსახიობმა ნატა მურვანიძემ წაუკითხა:

„დღეს, როცა მოქმედება გვიწევს ქალთა მიმართ ძალადობის და მათი მკვლელობის აშკარა გახშირების ფონზე, ვითარება უკვე ტრაგიკულია. ქალზე ძალადობა სისტემურია. ქალებს კლავენ ყველგან, ყველა სოციალურ ჯგუფში - ქალაქში, სოფელში, ოჯახში, სასწავლო დაწესებულებებში. მაგრამ სანამ სიცოცხლის მოსპობამდე მივიდოდეს, ქალების და გოგონების ჩაგვრა, დისკრიმინაცია, მათთვის თავისუფლების შეზღუდვა უამრავი, ფართო საზოგადოებისთვის ხშირად შეუმჩნეველი, ფორმით იჩენს თავს. და ჩვენ ბრძოლას სწორედ ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად ვიწყებთ. ჩვენ ვერთიანდებით იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა ქალის ღირსება და თანასწორი უფლებები, რაოდენ განსხვავებული შესაძლებლობები თუ საჭიროებებიც უნდა ჰქონდეთ მათ; იმისთვის, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფომ თვალი გაუსწორონ საქართველოში სქესებს შორის უთანასწორობას და ერთად ვიფიქროთ ამ უსამართლობის აღმოფხვრის გზებზე; იმისთვის, რომ შეიცვალოს პატრიარქალური კულტურა, რომელშიც ქალს ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე კაცს; იმისთვის, რომ შევთანხმდეთ - ქალზე ძალადობა, მათ შორის ოჯახში, მთელი ქვეყნის და საზოგადოების სატკივარია და არამც და არამც ვინმეს „პირადი საქმე“. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გავიაზროთ, რომ ქალი არასოდეს, არც ერთ ვითარებაში, არანაირი მიზეზით არ „იმსახურებს“ ძალადობრივ მოპყრობას“...

ქალთა მოძრაობის მანიფესტს ისმენს 4 თვის მატასის დედა. მატასის ცისფერ კაპიუშონზე აწვიმს. ის დედას გულზე ჰკიდია. სძინავს. მატასის დედა, ლელა, მეუბნება, რომ ის აქციაზე შვილების გამო მივიდა, იმ შვილების გამო, რომლებიც მისგან აუცილებლად ისწავლიან, რომ ძალადობა ქალზე დაუშვებელია: „ვერც კი გამოვხატავ ჩემს წუხილს იმ ფაქტების გამო, რაც ხდება. ამიტომ ყოველთვის და ყველგან შევუერთდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებებს და შევუერთდები ჩემს შვილებთან ერთად“, - ამბობს ლელა.

ღია ფერის ქოლგას ეფარება ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. მეუბნება, რომ საქართველოში ქალები ძალიან ხშირად იმიტომ ვერ გაურბიან მოძალადეებს, რომ გასაქცევი არსად აქვთ. ის იცნობს ასეთ ქალებს. ნათელა სწორედ ახლა მუშაობს პროექტზე „ქალთა ფოტო-ისტორიები“. მის ობიექტივში ექცევიან ძალადობის მსხვერპლი ქალებიც: „რთულია მათთვის ფოტოების გადაღება და მე მათი ძალიან კარგად მესმის. მგონია, რომ ასეთი აქციები, თანადგომა, ამ ადამიანებს ძალიან დაეხმარება, რომ უფრო გახსნილები გახდნენ და მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო“, - ამბობს ნათელა გრიგალაშვილი.

XS
SM
MD
LG