Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი იაფდება, ფასები იზრდება


ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. 20 დეკემბრისთვის ერთი დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს გასცდა. ეროვნული ბანკი ამ პროცესს დოლარის გლობალურ გამყარებას და თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებს, თუმცა ეკონომიკის დარგის სპეციალისტები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პრობლემები სახელმწიფო პოლიტიკაშიც ეძებონ. ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტზე ფასები იზრდება, რაც პირდაპირ ეხება მოსახლეობის ინტერესებს.

20 დეკემბერს ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარს და 80 თეთრს გასცდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, ბანკის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი „იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს“.

„გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

თუ ლარის კურსი იქნება მიმდინარე ნიშნულზე, ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ სახელმწიფო იძულებული იქნება გააძვიროს ტარიფები ელექტროენერგიაზე და გაზზე. ეს კი იქნება გაძვირების ძალიან სერიოზული ტალღის დასაწყისი...
დავით ბაქრაძე

საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“.

ლარის გაუფასურების მიმართ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით უკმაყოფილონი არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ 20 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მესვეურებს მოუწოდა, პარლამენტში სამოქმედო გეგმით გამოვიდნენ:

„დღეს ლარის გაუფასურება, გარდა ცხოვრების ზოგადი გაძვირებისა, ქმნის ორ კონკრეტულ საფრთხეს. პირველი ისაა, რომ, თუ ლარის კურსი იქნება მიმდინარე ნიშნულზე, ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ სახელმწიფო იძულებული იქნება გააძვიროს ტარიფები ელექტროენერგიაზე და გაზზე. ეს კი იქნება გაძვირების ძალიან სერიოზული ტალღის დასაწყისი“.

ფასების მომატებაზე საუბრობენ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებიც, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია:

„ჩვენ ველოდებით, რომ არ უნდა ველოდოთ ფასების ძალიან დიდ ზრდას“.

ავთანდილ სილაგაძე
ავთანდილ სილაგაძე

ზოგიერთ პროდუქტზე ფასები უკვე გაიზარდა და, როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ავთანდილ სილაგაძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით, შესაძლებელია, ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ასახული ფასებზე და ვალუტის ვარდნის პირობებში შეუძლებელიც არის ფასები არ გაიზარდოს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი სამომხმარებლო პროდუქტის უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის:

„იმპორტულ პროდუქციას, მოგეხსენებათ, ვალუტაში ვყიდულობთ, შემდეგ კი, როდესაც ქვეყანაში შემოდის, ფასი კურსის მიხედვით დგინდება. ჯერ კიდევ არ არის მიღწეული ფასების მაქსიმალური ზრდა. გაცილებით მეტი იქნება, როცა საგადასახადო ცვლილებები ძალაში შევა“.

ავთანდილ სილაგაძე კიდევ ერთ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ეკონომიკას აქვს ერთი თვისება: როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ფასები იმატებს, შემდეგ როგორც უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ.

XS
SM
MD
LG