ლარი ამერიკული დოლარისა და ევროს მიმართ კიდევ უფრო გაუფასურდა. 13 დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 2 ლარი და 66 თეთრი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2 ლარი და 77 თეთრი. სავალუტო ჯიხურებში ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერია და ეს დროებითი პროცესია, რასაც არ ეთანხმებიან ეკონომიკის სპეციალისტები.
13 დეკემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან, წლის დასაწყისთან შედარებით, თითქმის 4 პუნქტით დაეცა. 1 დოლარი დღეს 2 ლარი და 66 თეთრი ღირს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს მოკლევადიანი პროცესია და გაცვლითი კურსი მალე დასტაბილურდება. ის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს აბრალებს:
„ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვოლატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“.
ხელისუფლების ამ ოპტიმისტურ პოზიციას არ იზიარებენ სპეციალისტები ეკონომიკის სფეროში. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მთავრობის ფინანსური პოლიტიკაა:
„2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არ ტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს იმისთვის, რომ ლარის კურსი სასიკეთოდ შეიცვლება. აქაც გვექნება დეფიციტური ხარჯვა, რაც [უარყოფითად] იმოქმედებს ლარის კურსზე“.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში სწორედ დღეს, 13 დეკემბერს, განიხილება. გოჩა თუთბერიძე ლაპარაკობს საგარეო ფაქტორების, მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარების, ასევე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის შესახებაც, თუმცა დასძენს, რომ ლარის კურსისის ცვლილებას მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ ხარჯები შეამციროს.
სამთავრობო ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირებაზე ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც:
„მთავრობა ვერ ახერხებს ამ კურსის კონტროლს და ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ლარს. რაც მეტ ფულს მოვაკლებთ მთავრობას, მით უფრო გაუიოლდება მოსახლეობას ცხოვრება გაზრდილი კურსის პირობებში. მთავრობისთვის თანხის მოკლება კი შეიძლება არა მხოლოდ დაანონსებული შემცირებებით, არამედ, ზოგადად, მთავრობის შემცირებით და ნაკლები დანახარჯებით სხვადასხვა ადმინისტრაციული მიზნებისთვის“.
გიორგი კეპულაძე და გოჩა თუთბერიძე ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, ლარი 2017 წლის განმავლობაში გამყარდესო. მეტიც, ისინი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდებიან.