ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გაავრცელა ბაქოში, 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრ ბაირამოვის თქმით, USAID-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ USAID-ს ჯერ საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია.
„აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - ეუბნებოდა ბაქო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-სა და მის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში.
2023 წლის 22 ნოემბერს პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) გამოქვეყნებულ წერილში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა აშშ სომხეთის „სისხლიანი რეჟიმის გვერდით დგომაში“ დაადანაშაულა და სამანტა პაუერს მიმართა:
„ჩამოიხსენით ნიღაბი! აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“.
სამანტა პაუერი დიპლომატია, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 2013-17 წლებში გაეროში აშშ-ის ელჩი იყო, 2021 წლიდან კი USAID-ს ხელმძღვანელობს.
2023 წელსვე, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარება.
- აშშ-ის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექცია კრძალავს შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას;
- 2001 წლიდან 2023 წლამდე შტატების ხელისუფლება ყოველწლიურად აუქმებდა ამ აკრძალვას, - რითაც ფაქტობრივად ეხმარებოდა აზერბაიჯანს.
- 2023 და 2024 წლებში კი აკრძალვა ძალაში დატოვა. შედეგად აზერბაიჯანი დახმარებას ვერ იღებს.
USAID-თან კონტაქტები 2012 წელს გაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ.
განვითარების სააგენტოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც USAID-ს საქართველოში „არეულობისა და რევოლუციის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
2023 წლის ოქტომბერში სწორედ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში დაინახა „ოცნებამ“ ხელისუფლების „ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადება“ და 2023 წლის შემოდგომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS-ის „ტრენინგების საქმის“ გამოძიებაც დაიწყო. ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ.
ფორუმი