Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილმა და ბაირამოვმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს


აზერბაიჯანში ჯერ მაკა ბოჭორიშვილი გაემგზავრა - ხვალ მას შეუერთდება ირაკლი კობახიძე, რომელიც ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს
აზერბაიჯანში ჯერ მაკა ბოჭორიშვილი გაემგზავრა - ხვალ მას შეუერთდება ირაკლი კობახიძე, რომელიც ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს

აზერბაიჯანში გამართული ვიზიტისას „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოსვლის დასაწყისში ბოჭორიშვილს მიულოცა „წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნა“.

აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო პარლამენტში გამარჯვება მიულოცეს.

მინისტრა ბაირამოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას მუდმივად კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდა და იზიარებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

„ჩარევა“ და თანამშრომლობის მის წინააღმდეგ

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის „თანამშრომლობა საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში“, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:

„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად“.

„ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომლის საუკეთესო ისტორია, ასევე მხარში დგომის საუკეთესო ისტორია გვაქვს. ჩვენი თანამშრომლობა მიმართული არის და იქნება ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი საკუთარი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

ამავე კითხვაზე პასუხად ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევა არ არის ახალი ტენდენცია“:

„ეს ყოველთვის იყო ისტორიაში. ახალი არის ის, რომ არასოდეს ეს პროცესები ასე ღია, აგრესიული, დემონსტრაციული არ ყოფილა“, - ღთქვა მან და დასძინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ქმედებები ამის კარგი მაგალითია.

„ამის ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები არა რომელიღც დიდი ძალების კარნახის შესაბასამისად, არამედ სუვერენულად მოქმედებენ. ამიტომ ვხვდებით მათი სამიზნე“, - განაცხადა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი

„საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყნის ლეგიტიმური პარლამენტის მხრიდან კანონის მიღება მოხდა [სავარაუდოდ, იგულისხმება „აგენტების კანონი“, რაზეც მანამდე ილჰამ ალიევმა ისაუბრა - რ.თ], პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მაინც მოხდა საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ქმედებები“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო იმის გამო, რომ „აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ“, რისი მაგალითიც იყო „გაეროს კლიმატის კონფერენციის“, COP29-ის აზერბაიჯანში ჩატარების წინააღმდეგ „აგორებული კამპანია ყველა ხერხის გამოყენებით“.

„როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფოების მიერ გატარებული პოლიტიკა, ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და ჩვენი ქვეყენბის მოასხლეობის, ხალხის ინტერესებს ეფუძნება. ვერცერთი საგარეო ძალა, რამდენაც დიდი და ძლიერიც უნდა იყოს ის, სუვერენული პოლიტიკის წინაშე არის უსუსური“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

„დაინტერესებულნი ვართ, იყოს საქართველოში სტაბილურობა, განვითარება, მშვიდობა“, - განაცხადა მან.

2024 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, კარგია, რომ საქართველოში ვითარება „სტაბილურობისკენ მიდის“. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებში - საპროტესტო დემონსტრაციებში - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „კვალზე“ ისაუბრა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები მსგავსი ტერმინოლოგიით აკრიტიკებენ დასავლურ ქვეყნებსა და მოთამაშეებს, - შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა თუ საფრანგეთს. თუმცა მათი ქმედებები რიგ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან, - მათ შორის რუსეთის მიმართ პოზიციის დაფიქსირებისას.

შეხვედრის სხვა აქცენტები

საერთო პრესკონფერენციაზე ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისაუბრა „ფლაგმანურ“ პროექტებზე: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის (შაჰდენიზის) გაზსადენი და „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ტრანსპორტის/ლოგისტიკის სფერო.

„ამ პროექტებს ისტორიული როლი გააჩნიათ ორი ქვეყნისთვის და ფართო რეგიონისთვის“, - თქვა მან.

ბაირამოვმა ასევე ისაუბრა სხვა მიმდინარე პროექტზე: „მწვანე ენერგიის დერეფანი“, - რათა „კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მიეწოდოს ელექტროენერგია ევროპას“. ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის პროექტზე.

ამ პროექტებზე მაკა ბოჭორიშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის „საჭიროა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა“.

„საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყანა, რომლის ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც უსაფრთხოების გამოწვევებს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა მან.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზეც, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში; ასევე, ყაზახეთთან ორი ქვეყნის საერთო თანამშრომლობაზე.

ისაუბრა ჰუმანიტარულ სფეროზეც: „განათლება, სპორტი, მეცნიერება, ტურიზმი... ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული კულტურისა და განათლების სფეროში რეალიზებული პროექტები“.

მან ასევე გააკრიტიკა სომხეთი - „მთიანი ყარაბაღის ათწეულების განმავლობაში ოკუპაციის გამო“; ასევე, სომხეთის მიერ კონსტიტუციის შეცვლაზე უარის გამო, რაც მათი მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკამათო საკითხია.

მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა: „საქართველო იყო ერთგული ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოველთვის იქნება მზად მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყოს მეზობლებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითრებას და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის არსებობას“.

კობახიძის ვიზიტი

17 იანვარს აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე.

მისი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობით ჩატარდება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

კობახიძე შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც.

ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტია 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG