Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის გაუფასურებას მთავრობა ბიუჯეტის გაზრდით უპასუხებს


მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციის ცხარე კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, დაგეგმილია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების გაზრდა. ასეთი პოლიტიკის შედეგად, მთავრობა მოსახლეობას 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ჰპირდება.

გადმოწერა

2017 წლის ბიუჯეტის კანონი დამტკიცდა ისეთ პირობებში, როდესაც ეროვნული ვალუტა, ლარი, ვარდნას განაგრძობს, რაც, პირველ რიგში, იმპორტირებული პროდუქციის - განსაკუთრებით კი, მედიკამენტების - გაძვირებას იწვევს. გარდა ამისა, ვალუტის არასტაბილურობა ხელს უშლის ეკონომიკურ აქტივობებს, რადგან მსხვილი თუ წვრილი მეწარმეებისთვის ძნელდება საქმიანობის დაგეგმვა, პროგნოზის გაკეთება. თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებელი ეროვნული ვალუტის სისუსტეს განაპირობებს. ამ პრობლემური წრის არსებობას მთავრობის წევრები არ აღიარებენ და ყველაფერს გარე ფაქტორებს აბრალებენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაგალითად, თურქული ლირა 100 პროცენტით, რუსული რუბლი 90 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათი 100 პროცენტით, ხოლო უკრაინული გრივნა 200 პროცენტით გაუფასურდა:

„ამ ფონზე ქართული ლარი 2012 წლის შემდეგ გაუფასურდა 60-65 %-ით. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო თავისი განვითარების დინამიკით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელშიც ვიმყოფებით, მაინც, ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში, იმისათვის რომ ვიმსჯელოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე“.

მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომაზე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას...
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ადმინისტრაციული ხარჯების 10 %-იანი შემცირება. კვირიკაშვილის თქმით, მოწოდებები ხარჯების 30 %-ით შეკვეცისკენ საკითხისადმი უპასუხისმგებლო მიდგომაა და ამაზე საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს:

„მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომაზე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას“.

ჯანსაღი განვითარების დინამიკის შენარჩუნება მთავრობას წარმოუდგენია რეინვესტირებული მოგების გადასახადის რეფორმით, აქციზის გადასახადის მომატებით სიგარეტზე, ავტომობილებსა და საწვავზე, ასევე, ბიუჯეტის ხარჯების გაზრდით.

„კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია აკრიტიკებს მთავრობის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თან მოჰყვა მოგების გადასახადის რეფორმას:

„სანაცვლოდ მთავრობას ხარჯები უნდა შეემცირებინა...“

აკაკი ცომაიას მიერ ნახსენებ ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს გაზრდილი ბიუჯეტის მოთხოვნები. შექმნილ ვითარებას მთავრობის მიერ გამოცხადებული ადმინისტრაციული ხარჯების 10-პროცენტიანი შემცირებაც ვერ ამსუბუქებს, რადგან ირკვევა, რომ, ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯები კი არ მცირდება, არამედ 68 მილიონი ლარით იზრდება.

მიმდინარე კვირაში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის კანონის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა და ის 11 მილიარდ 457 მილიონი ლარით განისაზღვრა. მათ შორის შემოსავლებია 9 მილიარდ 489,5 მილიონი ლარი, საიდანაც საგადასახადო შემოსავლებია 8 მილიარდ 820 მილიონი, გრანტები - 284, 5 მილიონი, სხვა შემოსავლები კი - 385 მილიონი ლარი. დაგეგმილია ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 პროცენტს არ გასცდეს. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ დეფიციტის შემცირება 2020 წლისთვის საგრძნობი იქნება:

დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი

“შეფასებული ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენ გვექნება 4, 1 პროცენტი, შემდგომში - 3,8; 3,6 და 2,5-მდე ჩამოვალთ უკვე 2020 წლისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დეფიციტის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება არის გათვალისწინებული შესაბამისად. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული დაფინანსების წყაროები იქნება საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 935 მილიონი, საშინაო ვალის ცვლილება აქ იქნება 390 მილიონი ლარი და პრივატიზაცია იქნება 160 მილიონი ლარი“.

ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენებ პარამეტრებს ოპოზიციაც აკრიტიკებს და ეკონომისტებიც ნაწილიც. ისინი მთავრობას დეფიციტის შემცირებასა და ხარჯების შეკვეცას ურჩევენ.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტის, ბესიკ ნამჩავაძის, განცხადებით, სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ბიუჯეტის ხარჯების, ანუ მთავრობის ზომის, მატება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე:

„პირველ რიგში ის არის უკეთესი, რაც ცოტას დახარჯავ... ...ნეგატიურ შედეგს მივიღებთ.“

ბესიკ ნამჩავაძის აზრით, საქართველოს უფრო მეტის გაკეთება ესაჭიროება მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მთავრობის ზომის, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებით მიიღწევა. ეკონომიკური ზრდა კი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შედეგად მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს იღებს უკეთესი ინფრასტრუქტურის, უკეთესი ჯანდაცვა-განათლებისა თუ უკეთესი პენსიის სახით; იქმნება, ასევე, უფრო მეტი სამუშაო ადგილი და პირობები ქვეყნის განვითარებისთვის.

XS
SM
MD
LG