Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწიდან ამოღებული სამხილების კვირა


შსს
შსს
გასული კვირის ყველა პოლოტიკური მოვლენა გადაფარა იმ ვნებათაღელვამ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილმა სამალავებმა გამოიწვია. 17 ივნისს სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სამეგრელოში, მიწაში ჩამარხულ პლასტმასის კასრებში ნანახი იქნა წაბემისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები, ნარკოტიკები, დასასჯელ პირთა სია და არარეგისტრირებული საბრძოლო იარაღი:

”ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“ და სხვა”.

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 9 პირი - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას - ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოჩენილ ვიდეომასალაზე საუბრისას გამოყო ეპიზოდები, რომლებიც 2 ადამიანის წამებასა და გაუპატიურებას ეხება. მისი თქმით, დადგენილია დაზარალებულთა ვინაობა:

”იქ საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, საკუთარ თავზე აღებაზე. აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება საერთოდ არ იყო არც გასამართლებული, არც ციხეში ნამყოფი. ის, უბრალოდ, აწამეს. მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იყო დაკავებული და იჯდა ციხეში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ტარების გამო”.

ამ კადრების საჯაროდ გამოქვეყნება რომ არ შეიძლება, ცხადია, რადგანაც შეიძლება ადამიანები ქუჩაში, უბრალოდ, ერთმანეთს დაერიონ. აქაც კი ვერ შეიკავეს ემოციები, როგორც ვნახეთ...
რამაზ საყვარელიძე
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩანაწერების ნაწილი ჯერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, შემდეგ კი ადგილობრივ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, თუმცა მიწვეულთა ნაწილმა, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, სამინისტროს შენობა ჩვენების დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა:

”ყველამ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ამ კადრებში. როდესაც ეს ადამიანები გაიგებენ, რომ დაახლოებით 100 ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ზის და ამ კადრებს უყურებს, მათ გრძნობებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, ეს, სულ ცოტა, არაეთიკური იყო. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ კადრების ჩვენება”.

ეკა გიგაურისაგან განსხვავებით, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ოქროს შუალედი გამონახა და საზოგადოება მძიმე დანაშაულის შესახებ ისე ჩააყენა საქმის კურსში, რომ დაზარალებულთა ინტერესები არ შეილახა:

”ამ კადრების საჯაროდ გამოქვეყნება რომ არ შეიძლება, ცხადია, რადგანაც შეიძლება ადამიანები ქუჩაში, უბრალოდ, ერთმანეთს დაერიონ. აქაც კი ვერ შეიკავეს ემოციები, როგორც ვნახეთ. მაგრამ რომ გაჩუმდე და ეს საერთოდ არ ამოატივტივო, ესეც პრობლემაა, რადგანაც ”ნაციონალური მოძრაობა” სულ უფრო ამბიციური და პრეტენზიული ტონით საუბრობს საზოგადოებასთან. ამასთან, ხშირია საზოგადოებაში ფრაზა, რომ უხერხემლოა ეს ხელისუფლება და ვერ დგამს საჭირო ნაბიჯებს... ჩემი აზრით, მოიძებნა ამ სამი წერტილიდან დაბალანსებული გამოსავალი”.

კვირის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მორიგი განცხადება კიდევ ოთხი სამალავის აღმოჩენის შესახებ. გასულ კვირაშივე შეიკრიბა მინისტრთან არსებული კომისია, რომელმაც უკანონო ჩანაწერების არქივის განადგურების შესახებ იმსჯელა. კომისიის წევრის კახი კახიშვილის თქმით, ჩანაწერები მოგვიანებით, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ განადგურდება.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა "სახალხო მოძრაობის" მიმართვის შესახებ იმსჯელა. მოძრაობის ლიდერის ნანა კაკაბაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის და შეაფასებს:

"იყვნენ პოლიტპატიმრები, იყო პოლიტიკური დევნა, ვნახეთ წამების ამსახველი კადრები, იყო ტოტალური თვალთვალი და მიყურადება. ფაქტია, რომ ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი გაქცეულია, შს მინისტრი კი - დაპატიმრებული, ანუ გვაქვს ისეთი გარემოება, რომელიც არ შეიძლება, რომ არ შეფასდეს“.

გამოძიებაში ცალსახად წერია, რომ ბოლო წლის განმავლობაში იკლო გამოძიებების რიცხვმა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოტანილმა სასჯელმაც, ასევე ნაკლებია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა...
მარკ ჰულსტი
პარლანეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 17 მაისის მოვლენების შეფასების გამოც მოექცა. კომიტეტის დასკვნის პროექტი 20 ივნისს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ გურჩიანის თქმით, დასკვნის პროექტის ტექსტი ისეა შედგენილი, რომ იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ განმარტების შესაძლებლობას. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ 17 მაისის მოვლენების ეფექტიან გამოძიებასა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას. მოგვიანებით აქციის ორგანიზატორები კომიტეტის თავჯდომარეს შეხვდნენ:

„ბევრ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება. კომიტეტი დაგვთანხმდა, ამოიღონ დასკვნის პროექტიდან ისეთი საკითხები, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, პროპაგანდა, პასაჟი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ, რომელიც სრულიად არაადეკვატური იყო. ასევე ის, რომ 17 მაისის კონტრდემონსტრაცია მშვიდობიანი არ იყო და ისიც, რომ შსს-მ პრევენციული ზომები არ გაატარა“.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა სახელწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, პირველად უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, პირველი კალათიდან მეორეში გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და მიმღებ ქვეყნად. ამერიკის კონგრესის მიერ დადგენილი სამი კალათის პრინციპის თანახმად, მეორე კალათაში ხვდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად გარკვეულ ზომებს მიმართავენ, მაგრამ მათი მუშაობა არც ისე ეფექტურია, ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი:

"გამოძიებაში ცალსახად წერია, რომ ბოლო წლის განმავლობაში იკლო გამოძიებების რიცხვმა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოტანილმა სასჯელმაც, ასევე ნაკლებია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველომ უკან დაიწია. საქართველოს, როგორც მიმღები ქვეყნის, როლი ასევე გაზრდილია და, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება. გააჩნია, როგორ განვითარდება საქართველოს სავიზო პოლიტიკა სხვა ქვეყნებთან. ამას გარდა, თუ საქართველო ეკონომიკურად წინსვლას განაგრძობს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ ის კვლავაც დარჩება მიმზიდველ ქვეყნად იმ უცხოელებისათვის, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში უარეს პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, უზბეკეთის მოქალაქეებისათვის მიმზიდველ ადგილებად ბათუმი და თურქეთის ქალაქები რჩება“.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით კვლავაც მიჰყავთ თურქეთში, არაბეთში, შედარებით უფრო ნაკლებად - ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანისა და ავსტრიაში. ასევე ქალები უზბეკეთიდან და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც ჩაჰყავთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონაში - ბათუმსა და გონიოში, სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებენ. უცხოელები ასევე მუშაობენ საუნებში, სტრიპტიზ კლუბებსა და სასტუმროებში, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG