Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერები და შს მინისტრის უარი


შინაგან საქმეთა მინისტრი უსარგებლოდ და არასაჭიროდ მიიჩნევს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ძალადობის ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ შინაარსის განცხადება 21 ივნისს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” სტუმრობისას გააკეთა. რამდენად დამაჯერებელია მინისტრის არგუმენტები და როგორ აღიქვამენ ამ უარს იურისტები?

”მათ არა აქვთ მორალური უფლება, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთონ. ეს სასაცილოა, უბრალოდ”, - ამ სიტყვებით ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ექს-მმართველი გუნდის არაერთი წარმომადგენლის მიერ სხვადასხვა ფორმით გამოხატულ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ამგვარი იდეის მომხრეთა ერთი ნაწილი თვლის, რომ თანამშრომლობა თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რომ ფარული ჩანაწერების თემა არ გადაიქცეს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების იარაღად მმართველი პარტიის ხელში. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს ეს თანამშრომლობა გამოძიებისთვის სასურველ ფორმატში არ წარმოუდგენია, რადგანაც, მისი თქმით, საქმე გვაქვს სისტემურ მძიმე დანაშაულთან, რომელიც, სავარაუდოდ, უცხო არ იყო ამჟამად თანამშრომლობის მოსურნე ზოგიერთი პირისთვის და ისინი მაინც ”კომფორტულად” გრძნობდნენ თავს:

”არ მჭირდება მათი თანამშრომლობა. გამოძიებას არ სჭირდება მათი თანამშრომლობა. რაში უნდა გამომადგნენ ისინი?! ერთადერთ შემთხვევაში წარმომიდგენია მათი ჩართულობა გამოძიებაში - თუ გამოიკვეთება რომელიმეს ბრალეულობა”.

ახლა, როდესაც ჩვენ ყველას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვგონია და გვაინტერესებს, გამოძიებამ რა დაადგინა და გამოძიებამ რა სამართლებრივი შეფასება მოახდინა... ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება...
ლია მუხაშავრია
შინაგან საქმეთა მინისტრის ამგვარი პოზიცია გაუგებარია ლია მუხაშავრიასთვის. უფლებადამცველი და ადვოკატი თვლის, რომ როდესაც საქმე ასე სერიოზულად არის და ის ადამიანთა წამების, გაუპატიურებისა თუ ინტიმური ცხოვრების ამსახველ ათასობით ფარულ ჩანაწერს ეხება, მინისტრი თავს უნდა იკავებდეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან:

”ახლა, როდესაც ჩვენ ყველას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვგონია და გვაინტერესებს, გამოძიებამ რა დაადგინა და გამოძიებამ რა სამართლებრივი შეფასება მოახდინა... ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება, რადგან გამოძიებამ უნდა ითანამშრომლოს ნებისმიერ მხარესთან ყოველგვარი წინასწარი აკვიატებისა და მიკერძოების გარეშე”.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, ლია მუხაშავრიას არასაკმარისად მიაჩნია ის ფაქტი, რომ წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოფირებთან დაკავშირებულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა ცხრა პირს შეეფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 ივნისს გამართულ სხდომაზე.

საუბარია სამეგრელოში, მიწისქვეშ აღმოჩენილ პლასტმასის კასრებში ნაპოვნ ვიდეომასალაზე, რაც წამებისა და გაუპატიურების ამსახველ, 2011 წელს გადაღებულ ორ ეპიზოდს მოიცავს. სხვათა შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა 21 ივნისს, ”რუსთავი 2”-ში სტუმრობისას, ისიც განაცხადა, რომ სამეგრელოში პარასკევს აღმოაჩინეს კიდევ 4 კასრი, სადაც ფარული ჩანაწერებიც არის. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას, სავარაუდოდ, ორშაბათს მიეწოდება.

ამიტომ თუნდაც მხოლოდ, აი, ამ კუთხით, რომ წინასწარ იცოდე, გამოძიება რა კუთხით მიდის, მაშინ როცა კვალი შეიძლება მივიდეს იმ პარტიის ელიტამდე, რასაც შენ წარმოადგენ, არასწორი იქნება...
კახი კახიშვილი
მაგალითად, ჩვენებების მისაცემად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას და ასეთი სახის თანამშრომლობას არავინ არავის უშლის, ეუბნება რადიო თავისუფლებას უფლებადამცველი, იურისტი კახი კახიშვილი, მაგრამ, მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიებასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ითხოვს, რაც, მინისტრის მსგავსად, მისთვისაც მიუღებელია:

”პოლიტიკური თანამშრომლობის დროს შენთვის ხდება ცნობილი ყველა მიმართულება და ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გააჩნია გამოძიებას. ამიტომ თუნდაც მხოლოდ, აი, ამ კუთხით, რომ წინასწარ იცოდე, გამოძიება რა კუთხით მიდის, მაშინ როცა კვალი შეიძლება მივიდეს იმ პარტიის ელიტამდე, რასაც შენ წარმოადგენ, არასწორი იქნება”.

კახი კახიშვილი დარწმუნებულია, რომ დღემდე აღმოჩენილ 13 თასამდე ფაილით უკვე იკვეთება სისტემური დანაშაულის არსებობა წინა ხელისუფლების წიაღში, თუმცა ეს, საბოლოოდ, სასამართლოს დასადასტურებელია და ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მტკიცებულება. ნაწილობრივ სწორედ მტკიცებულებების გაფრთხილებასთან კავშირში განიხილება ის ფაქტი, რომ გადაიდო პირადი ცხოვრების ამსახველი დისკების განადგურება, რაც 23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი 5-კაციანი საგანგებო კომისიის წევრი კახი კახიშვილი 21 ივნისის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებელს უწოდებს. მისი ინფორმაციით, ვიდრე პირადი ცხოვრების ამსახველი 50-ზე მეტი დისკი განადგურდება, კიდევ ერთხელ გადაიხედება მათი შემცველობა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG