Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასრებში დამალული ექს-მაღალჩინოსანთა დანაშაული


ნინო გიორგობიანი
ნინო გიორგობიანი
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ძალადობრივ აქციებსა და ოპონენტებთან ანგარიშსწორებას გეგმავდნენ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამალავში აღმოჩენილი მტკიცებულებების მიხედვით მსჯელობს. ნაპოვნია: საბრძოლო იარაღი, ასაფეთქებელი მასალები, დასასჯელ პირთა სია, ნარკოტიკები თუ ფარული ვიდეოჩანაწერები. ”ქართული ოცნება” ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ დაგეგმილ ანგარიშსწორებაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ლაპარაკობს.

ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს გაახმაურა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა, ფარული ვიდეოჩანაწერები სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების ხელით არის შეგროვილი და მათ შესასწავლად ამ ეტაპზე ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამეგრელოში აღმოჩენილ შენიღბულ მიწისქვეშა სამალავში და, კერძოდ, პლასტმასის კასრებში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის ნაპოვნი:

”ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“ და სხვა.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამალავების აღმოჩენისა და განეიტრალების შედეგად, ”თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაულები”, თუმცა არ კონკრეტდება, თუ ვის ან რის წინააღმდეგ იყო მიმართული სახიფათო გეგმა. ამ ეტაპზე დადასტურებით აღინიშნება, რომ სამალავი მოწყობილია ძველი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით. კეთდება გარკვეული მინიშნება: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ერთ ფრაგმენტში გარკვევით ჩანს რვეული, წარწერით: "მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი". ხელნაწერი დოკუმენტი 1987 წლით თარიღდება და იქ სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი. საყურადღებოა, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას გვარი არ ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექსტურ თუ ზეპირ განცხადებებში.

ყველაფერი ის, რაც შს სამინისტროს მიერ იქნა აღმოჩენილი, ადასტურებს, რა რეპრესიები ელოდებოდა საქართველოს ყველა რეგიონში, 1 ოქტომბრის არჩევნები იმ შედეგით რომ არ დამთავრებულიყო, რა შედეგითაც დამთავრდა...
ზვიად ძიძიგური
მიწიდან ამოღებულ პლასტმასის კასრებში ასევე ნაპოვნია ”წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში”. სამინისტროს მიერ თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს საქაღალდე, წარწერით ”დასაჭერები”. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საზოგადოება რეპრესიებს გადაურჩა:

”ყველაფერი ის, რაც შს სამინისტროს მიერ იქნა აღმოჩენილი, ადასტურებს, რა რეპრესიები ელოდებოდა საქართველოს ყველა რეგიონში, 1 ოქტომბრის არჩევნები იმ შედეგით რომ არ დამთავრებულიყო, რა შედეგითაც დამთავრდა. სამეგრელოში რაც არის აღმოჩენილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ სამეგრელოში მოხდებოდა. ყველამ ვიცოდით, რომ ამზადებდნენ სიებს, ამზადებდნენ ბრალდებებს”.

არსებობს ელემენტარულად უდანაშაულობის პრეზუმფცია და ცოტა მაინც უნდა დამალოს ხელისუფლებამ... ანუ წინა პლანზე არ წამოიღოს ოპონენტის განადგურების დოქტრინის კიდევ ერთი გამოხატულება...
გიგი წერეთელი
”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, ”ნაციონალური მოძრაობა“ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ამახვილებს ყურადღებას და, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლება ოპონენტებს მიუღებელი მეთოდებით ებრძვის:

”არსებობს ელემენტარულად უდანაშაულობის პრეზუმფცია და ცოტა მაინც უნდა დამალოს ხელისუფლებამ... ანუ წინა პლანზე არ წამოიღოს ოპონენტის განადგურების დოქტრინის კიდევ ერთი გამოხატულება. თქვი, რომ აღმოჩნდა, ვნახავთ და გამოვიძიებთ ვის ეკუთვნოდა... როგორ შეიძლება პირდაპირ ამის გამოცხადება”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას ზოგად პოლიტიკურ განცხადებებად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მაღალჩინოსნების ზოგადად დადანაშაულებით, კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ირღვევა, თუმცა დამნაშავეების გამოვლენა სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივაა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG