Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არასასურველი პირობები ქუთაისის ცხოველთა თავშესაფრში


ქუთაისში არსებულ უმეთვალყურეო ცხოველთა თავშესაფარს ცხოველთა დამცველებმა ძაღლების საკონცენტრაციო ბანაკი უწოდეს. გაულესავი ვოლიერები, სტანდარტებთან შეუსაბამო ვეტერინარული ბლოკი, საკარანტინო ვოლიერის არარსებობა, დაავადებული ცხოველების უკონტროლობა და ერთად განთავსებული ათეულობით ძაღლი - თავშესაფრის ის პირობებია, რაშიც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს 100 ათას ლარამდე თანხას ხარჯავს.

უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილი ნაგებობის სტანდარტებთან შეუსაბამობასა და ცხოველთა მოვლის არასათანადო პირობებზე საუბრობს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ წიქორიძე.

„ეს არ არის თავშესაფარი! თავშესაფართან მიახლოებულიც არ არის არც ტექნიკური მდგომარეობით, არც არქიტექტურით. რაღაც უსახურ მიტოვებულ შენობაში განთავსებულია შეულესავი ვოლიერები. ვეტერინარულ ბლოკზე, საკარანტინო ვოლიერებზე ლაპარაკი ზედმეტია. დაავადებულია თითქმის ყველა ცხოველი. თითო ვოლიერში შეყრილია დაახლოებით 20 -30 ცხოველი. ეს დაავადებები არაკონტროლირებადია და მთლიანად მოდებულია. ნებისმიერი ჯანმრთელი ცხოველი რომ მოიყვანო, შეყვანისთანავე უკვე დაავადებულია.ეს სიტუაცია არის არა წვალება, არამედ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. ცხოველს არ აწვდიან წყალს და საჭმელს. ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარი არის საკონცენტრაციო ბანაკი“, - აცხადებს წიქორიძე.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია ქუთაისში არსებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარში მძიმე მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „ნიუპრესის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალით მიიღეს და ქუთაისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

თეიმურაზ წიქორიძე აბსურდულს უწოდებს უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფრისთვის შემუშავებულ პროგრამას და გაუმართავად მიიჩნევს მერიის მიერ ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

„პროგრამას უნდა ასრულებდეს ამ სფეროში მომუშავე არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არ იქნება მოგება და რომლისთვისაც ცხოველი წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას. ხელშეკრულების პირობები აბსურდულია და მეწარმე ვერ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 2014 წლის 7 თებერვალს 129 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მერიამ გამარჯვებულად ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავა გამოავლინა, რომელმაც სამუშაოს შესრულებაში 99 950 ლარი მოითხოვა. პაატა ბოკუჩავას განცხადებით, დროებით თავშესაფარში ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს ასრულებენ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ და თავშესაფარში მიყვანილ ძაღლებს 10 დღის მანძილზე დაკვირვების ქვეშ ამყოფებენ, ჯანმრთელ ძაღლებს კი ქალაქის გარეუბნებში უშვებენ.

თავის მხრივ, ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ დეისაძე აცხადებს, რომ სამსახური ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს. დეისაძის თქმით, თეიმურაზ წიქორიძის შენიშვნების საფუძველზე ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

უფლებადამცველები კი ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის კვალიფიკაციას აძლევენ, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, დასჯადი ქმედებაა.

XS
SM
MD
LG