საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე კრიტიკისა და დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა 94-ე მუხლი. ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთი ნაწილი მოითხოვს გაუქმდეს ეს მუხლი, რომელიც მთავრობას მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გადასახადების გაზრდის საშუალებას არ აძლევს. რა საჭიროა მსგავსი შეზღუდვა და რას იძლევა ის?
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
ამ ჩანაწერის მოწინააღმდეგენი მას მიიჩნევენ მთავრობის ეკონომიკური თუ საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების ხელშემშლელ ფაქტორად. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, დაბალი ხელფასები თუ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა ძირითადად იმ მიდგომების შედეგია, რომელთაც კონსტიტუციის 94-ე მუხლი განსაზღვრავს. მსგავსი აზრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა:
„პრობლემების სათავე არის ნეოლიბერტარიანულ აზროვნებაში, იმაში, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმი სუფევს საქართველოში, ასევე ბანკებისა და ბიზნესის დიქტატურაა. კონსტიტუციაში 94-ე მუხლის წმიდათაწმინდად გამოცხადება და ეკონომიკური თავისუფლების აქტის დაკანონება ხდება ისე, რომ კაციშვილი ვერ შეეხება მას. აი, ამ ყველაფერშია პრობლემა“.
კიდევ ერთი აზრი გამოითქვა რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევრის, თორნიკე ჩივაძის მიერ:
„ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც სახელმწიფოს დასჭირდა თანხების მოზიდვა მოგების გადასახადის შემცირებისა და გაუქმების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ მას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული უფრო რაციონალური და სოციალური გზა აერჩია - მაგალითად, მოეხდინა ვარირება ამა თუ იმ გადასახადის - და გაზარდა აქციზის გადასახადი, რომელიც არის არაპირდაპირი გადასახადი და დააწვა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. ამიტომ, ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული პროცესის დარღვევა და მკვეთრად არაევროპული პრაქტიკა და, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში მუდმივად ერთ რამეს იმეორებენ ჩვენი ოპონენტები, რომ ევროპა - ეს არის მცირე სახელმწიფო, ევროპა - ეს არის დაბალი გადასახადები. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ სტატისტიკას და ვნახოთ, რომ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ჩვენზე უფრო დიდი გადასახადები და სახელმწიფო ხარჯი აქვთ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით“.
თორნიკე ჩივაძისგან განსხვავებით, ევროპული პრაქტიკისა და ევროკავშირის მიდგომების შესახებ სხვაგვარად ფიქრობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი:
„ევროკავშირმა დიდი სიამოვნებით მიიღო ევროზონაში ლიტვა და ესტონეთი, რომლებიც კონსერვატიულ პოლიტიკას ეწეოდნენ და არასოდეს გადავიდნენ ფლანგველობით ეკონომიკაზე. მათ სისტემაში დანერგილი სავალუტო საბჭოს რეჟიმი, რომელიც ნიშნავს ევროსთან მყარად მიბმულ ვალუტას, ეს მოითხოვდა ასეთი ძალიან სერიოზული შეზღუდვების არსებობას ქვეყნის ფინანსურ სისტემაში. მათ, დაახლოებით, ეს 10 წელი ჰქონდათ და ამის მერე ევროკავშირმა დიდი სიამოვნებით მიიღო კრიზისის მერე ეს ორი ქვეყანა მათ რიგებში, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ყველაზე ფისკალური დისციპლინა მთელს ევროპაში“.
სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ, ასეთი ღარიბი და ასეთი პატარა ეკონომიკის ქვეყანას უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები გაუჩნდეს, მეტი ინვესტიციები წამოვიდეს და მეტი ადამიანი დასაქმდეს, ამისთვის აუცილებელია ძალიან სტაბილური და ფისკალური დისციპლინა...გია ჯანდიერი
გია ჯანდიერის განცხადებით, არც ის არგუმენტია უტყუარი, რომ განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციაში თუ კანონმდებლობაში გადასახადებთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არის. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი მაგალითად შვეიცარიას და ახალ ზელანდიას ასახელებს. მისი აზრით, მსგავსი შეზღუდვები, ქვეყანაში ფისკალური წესრიგის დამყარების გარდა, სტაბილურობის დამკვიდრებასაც ხელს უწყობს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია:
„ჩვენ შეიძლება გაცილებით მეტ შედეგებს მივაღწიოთ იმით, რომ სწორედ ადამიანებს, ინდივიდებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ არა მარტო ხმა მისცენ, არამედ თვითონ აირჩიონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ამ შემთხვევაში 94-ე მუხლი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამიტომ ამ შეზღუდვებს არ აქვს ის დანიშნულება, რომ მთავრობამ ვერ მიიღოს გადაწყვეტილებები და ვერ გაზარდოს გადასახადები, არამედ ამ შეზღუდვებს მნიშვნელობა აქვს მთლიანად ჩვენს ცხოვრებაში, როგორ ვიცხოვრებთ და რამდენად ადვილი ცხოვრება გვექნება. მაგალითად, მე ვხვდები უამრავ უცხოელს და ისინი ამბობენ, რომ იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური თავისუფლება, აუცილებელია სტაბილურობის შეგრძნება არსებობდეს. სწორედ ეს 94-ე მუხლი არის სტაბილურობის, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გარანტი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ 3 წელიწადში შეიძლება ახალ მთავრობას სხვა იდეები ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ მოიზიდოს ამომრჩეველი. მაგრამ თუ ასეთი მუხლი იარსებებს, ისინი შეზღუდული იქნებიან ამ დაპირებებში, თუ ეცოდინებათ, რომ ამისთვის დამფინანსებელს ვერ მოიძიებენ“.
გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ გადასახადების გაზრდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია, რადგან ის ამცირებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და აფერხებს ეკონომიკურ ზრდას:
„თუ საქართველოში დღეს გადასახადების გაზრდა მოხდება, ეკონომიკა დაიწყებს შეფერხებას და შემოსავლებიც შემცირდება. ბევრი ბიზნესი, მათ შორის, ხელფასიც ისევ ჩრდილში აღმოჩნდება და არალეგალურ სექტორს დაემატება. ამიტომ ამით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ, ასეთი ღარიბი და ასეთი პატარა ეკონომიკის ქვეყანას უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები გაუჩნდეს, მეტი ინვესტიციები წამოვიდეს და მეტი ადამიანი დასაქმდეს, ამისთვის აუცილებელია ძალიან სტაბილური და ფისკალური დისციპლინა“.
გია ჯანდიერის მიერ აღწერილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ცვლილებებმა ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო სანიმუშო ქვეყნად აქცია ეკონომიკური თავისუფლების, ბიზნესის წარმოებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თვალსაზრისით. ამ ცვლილებებმა საქართველოს მოსახლეობას სიღარიბის დაძლევის საშუალება მისცა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2004 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი, გადანაწილებული ერთ სულ მოსახლეზე, 900 აშშ დოლარიდან 10 ათას დოლარამდე გაიზარდა.