თურქეთის მოვლენებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე და, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზეც. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ კავშირებზე, რომლებიც ამ თვალსაზრისით ქვეყნებს შორის არსებობს. დღეს, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება იმ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე შევჩერდეთ, რომელიც თურქეთს არამხოლოდ მეზობლებისთვის აქვს.
ამჟამად თურქეთი გაზის და ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და, ენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპისთვის. თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. 2015 წლის მონაცემებით, ეკონომიკის წამყვანი დარგებია წარმოება, ტრანსპორტი და ვაჭრობა და მათი წილი მშპ-ის 34% შეადგენს. თუმცა, 1998 წლიდან მოყოლებული, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში მკვეთრად შემცირებულია. წარმოების წილი 24.4%-დან 17,6%-მდე, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი 12.9%-დან 8.6%-მდე შემცირდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთი, სურსათის წარმოების თვალსაზრისით, თვითკმარი ქვეყანაა და, ამავე დროს, სურსათის მნიშვნელოვან ექსპორტიორად ითვლება. თურქეთი არის თხილის, ბლის, ლეღვის, გარგარის, კომშის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ხახვის, კიტრის და ა.შ. უდიდესი მწარმოებელი. მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა აღარ წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას და ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ინდუსტრიულ განვითარებასა და ინოვაციურ წინსვლაზე. თურქეთი არის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონლისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი მწარმოებელი. ამჟამად თურქული კომპანია „ვესტელი“ ტელევიზორების ყველაზე მსხვილი ევროპული მწარმოებელია, (მისი გაყიდვის, დაახლოებით, 20% ევროპაზე მოდის). დასავლეთ ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ასევე, თურქული კომპანია „Arçelik“ („ბეკოს“, „გრუნდიგის“ და სხვა ბრენდების მფლობელი).
თურქული ეკონომიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექსტილის ინდუსტრია, რომლის წილიც ქვეყნის მშპ-ში, დაახლოებით, 7%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ, ტექსტილის ექსპორტის თვალსაზრისით, თურქეთი ევროკავშირის მასშტაბით მე-3 უმსხვილეს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-6 პოზიციას იკავებს.
თურქეთი არის გემთმშენებლობისა და საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი - მსოფლიოს მასშტაბით ის ითვლება მე-15, ხოლო ევროპაში მე-6 უმსხვილეს ავტომობილების მწარმოებელ ქვეყნად. გარდა იმისა, რომ თურქეთს აქვს საკუთარი საავტომობილო ინდუსტრია, თურქეთში განლაგებულია ისეთი აღიარებული ბრენდების საწარმოო ქარხნები, როგორიცაა Fiat, Renault, huyndai, Toyota და Honda.
თურქეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო სექტორი. აღსანიშნავია, რომ 250 კონტრაქტორიდან 43 სწორედ თურქეთზე მოდის. თურქეთის სამშენებლო ინდუსტრია მსოფლიოში, ჩინეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება მომსახურების სფეროს, თურქეთი ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. 2014 წელს, ტურისტული ნაკადის მიხედვით, თურქეთმა მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე პოზიცია დაიკავა (საფრანგეთის, აშშ-ის, ესპანეთის, ჩინეთის, იტალიის შემდეგ). თურქეთს ყოველწლიურად თითქმის 40 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ტურიზმის წილი მშპ-ში 2000 წლიდან 10%-ზე მაღალი იყო და 2015 წელს 12,9% -ით განისაზღვრა.
თურქული საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპაში არაევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვეიცარიასა და რუსეთის შემდეგ, აქტივების მოცულობის მიხედვით.
ყველაფერ ამას საფრთხე ემუქრება დესტაბილიზაციისა და/ან მოსალოდნელი ტოტალიტარიზმის გამო, რომელიც ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოიკვეთა. როგორც მედია იუწყება, სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Borsa Istanbul-ზე ვაჭრობა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების კოტირებების შემცირებით დაიწყო. BIST National-100 2,48%-ით - 80769,14 პუნქტამდე - დაეცა. თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Akbank-ის, აქციები 2,13%-ით გაიაფდა, სიდიდით მეორე ფინანსური ორგანიზაცია Garanti Bank-ის აქციები კი 3,21 %-ით დაეცა. ყველაზე მეტად პოლიტიკური არასტაბილურობა ტურისტული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების აქციებზე აისახა. მაგალითად, ნაციონალური ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ვაჭრობის დასაწყისში 5,2%-ით შემცირდა. აეროპორტის თურქული ოპერატორის, TAV Holding-ის, აქციები 5,93%-ით, ლოუკოსტერ Pegasus-ის ფასიანი ქაღალდები კი 3,79 %–ით გაუფასურდა.