Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი: მე ვიყავი პოლიტპატიმარი


მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლოს შემდეგ
მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლოს შემდეგ

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. საექსტრადიციო პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურებოდა. 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარე საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ჩაბუქის გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ზომა, პატიმრობა, 1000 ლარის გირაოთი შეუცვალა. სასამართლოს დარბაზიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან ერთად დემირელის სახელობის კოლეჯის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმ „სხივისკენ“ გაემართა, სადაც მას შვილები, ლიცეუმის მოსწავლეები, მათი მშობლები და თანამშრომლები დახვდნენ.

გადმოწერა

ოვაცია მოჰყვა დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებას. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მედიისთვის გაკეთებულ პირველ კომენტარში აღნიშა, რომ 9 თვის განმავლობაში, ანუ სანამ სექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, ის ნამდვილად პოლიტპატიმარი იყო. მისი სიტყვებით, ის 15 წლის განმავლობაში საქართველოში მოსწავლეებს მშვიდობას, სიყვარულსა და მეგობრობას ასწავლიდა და ვერ იქნებოდა ვერანაირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ან ტერორიზმის მომხრე. ჩაბუქმა საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს , ომბუდსმენს, ქალბატონ ნინოს [ლომჯარიას], ყოფილ ომბუდსმენს, ბატონ უჩას [ნანუაშვილს], ქალბატონ რებეკა ჰარმსს, ევროპარლამენტარებსა დ მედიის წარმომადგენელებს. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის“.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებით გამოწვეულ სიხარულს ვერ ფარავდა მისი მეუღლე, თუბა ჩაბუქი:

მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან, თუბა ჩაბუქთან ერთად სასამართლოს შემდეგ
მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან, თუბა ჩაბუქთან ერთად სასამართლოს შემდეგ

„მართლაც მიჭირს ჩემი გრძნობების გამოხატვა. ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან შეხვედრა, რადგან ჯერჯერობით ბავშვებმა არ იციან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით - მედიას“.

„სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლის შედეგად“ მიაჩნია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებას მის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს, რომლის სიტყვებითაც, ეს არის ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. სოსო ბარათაშვილის განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობამ საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ცხადყო, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა საფრთხე, რაც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებას შეიძლება მოჰყვეს. ჩაბუქის ექსტრადირების დაუშვებლობაზე ლაპარაკობს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია. გასულ კვირაში საპატიმროში მასთან იმყოფებოდა ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომლის სიტყვებითაც, „ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებით საქართველომ თავისი რეპუტაცია არ უნდა დააზიანოს“.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან, თუბა ჩაბუქთან და შვილებთან ერთად სასამართლოს შემდეგ
მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეუღლესთან, თუბა ჩაბუქთან და შვილებთან ერთად სასამართლოს შემდეგ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, განმარტავს იმ სამართლებრივ პროცედურებს, რომლითაც ექსტრადირების საქმის განხილვა გაგრძელდება:

„მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღიც ჯერ უცნობია, განიხილება დაცვის მხარის პოზიცია ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ექსტრადიციას, ეს გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაეს სასამართლოში 7 დღის განმავლობაში. პარალელურად, ჩვენ უფლება გვაქვს მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების, ანუ ექსტრადირების შეჩერების, გამოყენების თაობაზე. შესაძლებელია ეს პროცედურები იქნეს გამოყენებული, შესაძლებელია არც იყოს გამოყენებული“.

19 თებერვალს სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბრალდების მხარის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნის შეფასებისას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე, ამბობს, რომ ხელისუფლებას დაა პროკურატურას სურს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის განეიტრალება:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„ამ გადაწყვეტილებამ პოზიტიური განწყობები გააჩინა ექსტრადირების საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს და ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის განხილვა გრძელდება, თუმცა ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ შესაძლოა ეროვნულ სასამართლოებში უშუალოდ ექსტრადირების საქმის განხილვა უფრო გაჭიანურდეს დროში, ვიდრე ამის მოლოდინი აქამდე ჩვენ გვქონდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა“.

ჩაბუქის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს. ქართველმა სამართალდამცავებმა ის 2017 წლის მაისში თბილისში დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მას ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით, ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG