Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ძალიანაც შევეცდები გავლენის გაზრდას


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ”აბსურდს” უწოდებს ეჭვებს იმის თაობაზე, თითქოს ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის მართვას ”კულუარებიდან” აპირებს. სწორედ ამგვარი ეჭვის წინააღმდეგ არის მიმართული მორიგი ღია წერილი, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, აწ უკვე ექს-პრემიერ-მინისტრმა 21 ნოემბერს გამოაქვეყნა. თუმცა ის მისასალმებლად მიიჩნევს ზეგავლენას, რომელიც მას ექნება ხელისუფლებაში დარჩენილ საკუთარ გუნდზე.

”მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მე დავამტკიცე, რომ უკადრისი არასოდეს არაფერი ჩამიდენია”, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილში, სახელწოდებით ”პოსტსკრიპტუმი”, სადაც ის, დიდწილად, სწორედ საკუთარი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, განიხილავს სამომავლო გეგმებს სამოქალაქო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ექს-პრემიერ-მინისტრი იხსენებს ბიზნესმოღვაწეობის ხანას რუსეთში და ამბობს, რომ ურთულეს პირობებში მან შეძლო ”სრულიად სამაგალითო და გამჭვირვალე” ბიზნესის წარმოება და ამ პროცესში, ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერავინ აღმოაჩინა ”შავი ლაქები”.

”მე არათუ კანონი არ დამირღვევია არასდროს, კონტრაქტიც კი არ მომიშლია, მეტიც, სიტყვაც არ გამიტეხია” ,- ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ის ასევე აღნიშნავს, რომ ”აბსოლუტური გამჭვირვალობა” მისი ცხოვრების მთავარ ხელწერას წარმოადგენს. ამ კონტექსტში ექს-პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაწეულ კონსულტაციებსა და ქვეყნის სასიკეთო ფინანსურ დახმარებას უსვამს ხაზს:

”მე მათ ყოველთვის ისეთ რჩევებს ვაძლევდი, რომლებიც ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდებოდა და არა პირადად მე.

ჩემი ინიციატივით იმ ფონდს ვაფინანსებდი, რომელიც ორ-ნახევარ წელზე მეტხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დასდგომოდა.

ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი...
ბიძინა ივანიშვილი
რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდი პოლიციას პატრულის მანქანების ყიდვაში და არავითარ შემთხვევაში - იარაღის შეძენაში. ვეხმარებოდი ჯარს, ვაშენებდით ყაზარმებს, ვყიდულობდით ტანსაცმელს ჯარისკაცებისთვის. და იქაც მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ამ დახმარებით არ ეყიდათ იარაღი”.

”ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი”, - განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი და იქვე იმასაც ამბობს, რომ საკუთარი გუნდის წევრები ზოგჯერ სწორედ „კულუარებში“ აკრიტიკებდნენ ხოლმე მას ”პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის”. მისი თქმით, ამ ღია, გულწრფელ და თავისუფალ სამოქმედო წესებს ის არც სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობის დროს უღალატებს:

”მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ.

ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?”

ხელისუფლებაზე სამომავლო გავლენა ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დემოკრატიულ კალაპოტში წარმოუდგენია. როგორც ის აღნიშნავს 21 ნოემბრის ღია წერილში, ”ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს”.

ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის ,,think tank“-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ ,,brain trust“-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს...
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის თვალთახედვით, ”საბოლოოდ, საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია” და, ბუნებრივია, ”მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება”. ამასთან, არამართებულია მიდგომა, რომ ამის უფლება არ უნდა მიეცეს ყოფილ პოლიტიკოსს.

როდესაც ხელისუფლებაზე ზეგავლენის სასურველ და მისასალმებელ ასპექტებზე ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ მიმართულებებს ჩამოთვლის. ”ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა - ეს არის ჩემი ღირებულებები და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით”, - აღნიშნავს ის 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი შეახსენებს მკითხველს, რომ მას საქართველოში ბიზნესი არა აქვს, რომ ამას არც მომავალში აპირებს და შეუძლებელია სხვა მოტივაცია ამოძრავებდეს, გარდა ქვეყნის სამსახურისა.

”ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის ,,think tank“-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ ,,brain trust“-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მოქმედი ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების ტოლფასია. ამ ,,think tank“-ის სათავეებთან კი, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები დგანან”, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

”არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე”, - ეს სიტყვებიც ”პოსტსკრიპტუმიდან” არის.

აქ არის ცოტა უხერხული მომენტი, როდესაც ამ რჩევებს იძლევა ძალიან მდიდარი ადამიანი და ძალიან დიდი ბიზნესმენი. აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები და სირთულეები, რომელთა გადალახვაც ადვილი არ იქნება...
კახა გოგოლაშვილი
ეჭვები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს მორიგი ღია წერილი დააწერინა, გაჩნდა მაშინვე, როცა მან გააკეთა კონკრეტული განცხადებები პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების თაობაზე. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ამგვარი ეჭვები და პროგნოზები მოსალოდნელ ცუდ შედეგებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორშიც გამოითქმებოდა და, მათ შორის, „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას მიერაც:

”კითხვები რჩება - რა გავლენა ექნება მთავრობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე... რადგან ფაქტია, რომ მისი გავლენა ღარიბაშვილზე და მთლიანად პოლიტიკურ გუნდზე არის ძალიან მაღალი და არ გამოვრიცხავ, რომ ის გარკვეული ორიენტირების მიცემის თვალსაზრისით - არა მიკრომენეჯმენტში, მაგრამ - მთავრობაზე მას ჰქონდეს გავლენა. ეს გავლენა იქნება ჩრდილოვანი და ასევე - არასასურველი ჩვენი ქვეყნისთვის”.

სამოქალაქო სექტორიდან მთავრობისთვის რჩევების მიცემასა და გარკვეულ დახმარებაში უცნაურსა და მიუღებელს ვერაფერს ხედავს „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, თუმცა მისთვის მაინც დამაფიქრებელია გარემოება, რაც შესაძლოა ხელისუფლების საქმიანობაზე აისახოს:

”აქ არის ცოტა უხერხული მომენტი, როდესაც ამ რჩევებს იძლევა ძალიან მდიდარი ადამიანი და ძალიან დიდი ბიზნესმენი. აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები და სირთულეები, რომელთა გადალახვაც ადვილი არ იქნება”.

ამ პროცესში უხერხულობის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. ექსპერტის აზრით, ეს ყველაფერი ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარეობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამშრომლობა სასარგებლო კონსულტაციების ფარგლებს არ გასცდება. ამასთან, კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ, თავისთავად, იოლი არ არის პოლიტიკოსების მართვა და რომ ამის მცდელობა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი არ წავიდოდა პოსტიდან.

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი 21 ნოემბერს სოციალურ ქსელში ინგლისურ ენაზეც გამოქვეყნდა და პირველსავე აბზაცში ჩანს, რომ ”პოსტსკრიპტუმის” ადრესატები უცხოელებიც არიან:

”ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემს განცხადებას მოჰყვა. ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG