Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლულია თუ არა თარხან ბათირაშვილი?


ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი
ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი

პანკისის ხეობაში არ აქვთ ინფორმაცია ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრის, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, 30 წლის ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ. ცნობა მისი სავარაუდო ლიკვიდაციის თაობაზე პენტაგონმა გაავრცელა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის პიტერ კუკის თანახმად, გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, მოკლულ იქნა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, მათ შორის, ომარ ალ შიშანი, თუმცა მის დაღუპვას ჯერჯერობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ომარ ალ შიშანის, სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მათ ამერიკის მთავრობისგან მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ვარაუდი და არა მტკიცებულება:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

“გამთენიისას, ძალიან ადრე, გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. ხაზგასმით ვამბობ, ამ წუთის მდგომარეობით, ასეთი ვარაუდი არსებობს. არ შემიძლია მის შესახებ არაფრის თქმა, ამ წუთის მდგომარეობით. ჩვენც ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც თქვენ ან დანარჩენი საზოგადება“.

პენტაგონის ცნობით კი, ოპერაცია სირიის ქალაქ ალ-შადადეში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა და დრონებმა განახორციელეს. საჰაერო თავდასხმების სერიის დროს დაღუპულთა შორის, ამავე ცნობით, სავარაუდოდ, იყო ომარ ალ-შიშანიც, რომელიც ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურად ითვლება. იგი ცნობილია ასევე როგორც „ომის მინისტრი“, რომლის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის 2015 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ინფორმაცია ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ მედიაში აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მისი მამა, თემურ ბათირაშვილი, პანკისის სათემო რადიოს - „რადიო ვეის“ - ინფორმაციით, იმედოვნებს, რომ ახლაც ცრუ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და თარხან ბათირაშვილი ცოცხალია:

“თქვენც ხო ეს იცით, რო ეგრე იყო. რამდენჯერმე გამააცხადეს. ყოველ დილით ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს შვილებს გადააფაროს თავის მფარველობის კალთა. ჩემს პატარას“.

თარხან ბათირაშვილს ორი ძმა ჰყავს. ერთი პანკისში ცხოვრობს, მეორე კი, აბდურაჰმან ალ შიშანი, მასთან ერთად იბრძვის. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში ალეკო კვახაძე განმარტავს, აბდურაჰმან ალ შიშანი არის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიელებით დაკომპლექტებული დანაყოფების ერთ-ერთი იდეოლოგი. რაც შეეხება თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ექსპერტი ფიქრობს, რომ, ამ ინფორმაციის ნამდვილობის შემთხვევაში, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აქამდე თავადაც გააკეთებდა განცხადებას:

“როგორც წესი, თუკი ასეთი მასშტაბის საველე მეთაურის ლიკვიდაცია ხდება, მაქსიმუმ ერთ დღეში თვითონ ადგილობრივი დაჯგუფებები, თავად „ისლამური სახელწიფო“ ამას დაადასტურებს. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი დასტური არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც უარყოფ ამას და ვერც დაადასტურებ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ამას არანაირი რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია“.

თუ ალაჰი ისურვებს, ჩვენ აღვადგენთ ხილა-ხალიფატს, თუ არადა, ჩვენ ყველანი „წმინდა ომში დავიღუპებით“ - ეს ეხება მუჯაჰედებს სხვადასხვა ქვეყნებიდან -კავკასიიდან, იემენიდან, ლომალიდან, ლიბიიდან, ინდონეზიიდან, ბირმიდან, კენიიდან და სხვა ქვეყნებიდან...
თარხან ბათირაშვილი

თარხან ბათირაშვილის სავარაუდო სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მედიას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პიტერ კუკმა 8 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა. მისივე ცნობით, საჰაერო თავდასხმები 4 მარტს განხორციელდა. ანუ, ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ საკმარისი დროა გასული იმისთვის, რათა, თუ თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაცია მართლაც მოხდა, ინფორმაცია ამის შესახებ თავად ექსტრემისტულ გაერთიანებას გაევრცელებინა.

თარხან ბათირაშვილი 2013 წლიდან მეთაურობს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ ძალებს.

„გასაგები და ნათელია, რისთვის ვიბრძვით. ჩვენი გზა მიდის ხალიფატის მიმართულებით. თუ ალაჰი ისურვებს, ჩვენ აღვადგენთ ხილა-ხალიფატს, თუ არადა, ჩვენ ყველანი „წმინდა ომში დავიღუპებით“ - ეს ეხება მუჯაჰედებს სხვადასხვა ქვეყნებიდან -კავკასიიდან, იემენიდან, ლომალიდან, ლიბიიდან, ინდონეზიიდან, ბირმიდან, კენიიდან და სხვა ქვეყნებიდან“, - ამბობს იგი ერთ-ერთ მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გვხვდება.

2006-2010 წლებში თარხან ბათირაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც. როგორც ალეკო კვახაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიკვიდაცია დადასტურდა, თარხან ბათირაშვილის ადგილს, სავარაუდოდ, საქართველოში კარგად ცნობილი, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული და შემდეგ სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილი, ახმედ ჩატაევი დაიკავებს. ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ თარხან ბათირაშვილის შემდეგ იგი ყველაზე ავტორიტეტული მეთაურია „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიელებით დაკომპლექტებულ დაჯგუფებებში, განსაკუთრებით იმ ფრთაში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე იბრძვის.

XS
SM
MD
LG