Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა "შავ სიაში" შეიყვანა თარხან ბათირაშვილი


თარხან ბათირაშვილი (მარცხნივ)
თარხან ბათირაშვილი (მარცხნივ)

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 11 ადამიანი „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა დაჯგუფებებისთვის ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფდა, ისინი ტერორისტთა გლობალურ სიაში შეიყვანეს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ სიაში შეყვანილთა შორის არის საქართველოში დაბადებული თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი.

ტერორისტებად ეს პირები მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისინი ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის. ესენია: „ისლამური სახელმწიფო“ „ალ ნუსრა“, „ალ ყაიდა“ და „ჯამაალ ალ ისლამია“. ტერორისტთა სიაში შეყვანა იმას ნიშნავს, რომ ამ პირთა ფინანსური საქმიანობა და საზღვრების გადაკვეთის მცდელობა ყველა მეთოდით აღიკვეთება.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხაზინის გადაწყვეტილება კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ამ ადამიანებისა და მათი ორგანიზაციების იზოლაციასა და ფინანსური წყაროების გადაკეტვას ითვალისწინებს. ჩეჩირეს ვარაუდით, თარხან ბათირაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ "შავ სიაში" მისი შეყვანა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ყველა შესაძლო არხის დახურვას ისახავს მიზნად. ექსპერტის აზრით, სირიაში საქართველოდან წასული 20-30 კაცი იბრძვის, რომელთა უმრავლესობა ჩეჩენი ან პანკისელი ქისტია. ჩეჩირეს შეფასებით, ყველაზე ნიშანდობლივი ასპექტია ქართველების დისპროპორციული როლი ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პოსტებზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თარხან თემურის ძე ბათირაშვილი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაცია „სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელეთა რიგებში ირიცხება და არაერთი თავდასხმის ორგანიზატორია.

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია. მისი დავალებით, 2014 წლის ივნისში, მანქანების, იარაღისა და ტყვია-წამლის მოსაპოვებლად „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიიდან ერაყში გადავიდნენ. ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ბათირაშვილი ავტორია ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნიკესი, რომელშიც ის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად ერაყის ქალაქ მოსულში საყოველთაო მობილიზაციას ითხოვს.

ბათირაშვილი ასევე არის „ისლამური სახელმწიფოს“ შურას საბჭოს წევრი. 2013 წლის მაისში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქარ ალ ბაღდადიმ ის ორგანიზაციის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურად დანიშნა. ამჟამად ბათირაშვილის დაქვემდებარებაშია ათასამდე ისლამისტი მებრძოლი.

თარხან ბათირაშვილი ცნობილია არაერთი ფსევდონიმით: ომარ ალ-შიშანი, ჩეჩენი ომარი, აბუ უმარ ალ-შიშანი და აბუ უმარი.

XS
SM
MD
LG