Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩეჩენ ომარს" და მურად მარგოშვილს ამერიკელი ექსპერტები აფასებენ


ავტორები: მაიკლ ეკელი, ფატიმა ტლისოვა, ანა კალანდაძე

ომში გამოწვრთნილი ჩეჩნები "ისლამური სახელმწიფოს" ბრძოლის ველზე

უცხოელი მებრძოლების ლეგიონში, რომელმაც ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ჯგუფად აქცია, ჩეჩნები გამოირჩევიან.

“იუტუბზე” ატვირთულ ვიდეოებში ისინი საბრძოლო წარმატებებს ზეიმობენ, ჩეჩნეთის დროშას აფრიალებენ და წითელ წვერებზე ისვამენ ხელს.

რუსეთის ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონებიდან სირიასა და ერაყში ასობით ადამიანი იბრძვის. ისინი „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერიროსტული დაჯგუფება „ალ ნუსრას“ რიგებში ირიცხებიან.

სირიაში მებრძოლ დაჯგუფებებს შორის ჩეჩნების დაჯგუფება ყველაზე მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ შესაძლოა, ყველაზე გავლენიანი იყოს. ექსპერტები ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვთ რუსულ არმიასთან მრავალწლიან ომში გამოცდილ მებრძოლებს. ვარაუდობენ, რომ ამ გარემოებამ რუსეთის პრობლემურ რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შესაძლოა, ძალადობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ჩეჩენი მებრძოლების აქტიურობის გამო ამერიკის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა ცალკეულ ჩეჩენ მოქალაქეებს ახალი სანქციები დააწესეს.

Long War Journal-ის დამფუძნებელი ბილ როჯიო, რომელიც ჯიჰადისტების თემას აშუქებს, ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმატებაში ჩეჩნები საკვანძო როლს თამაშობენ: „კავკასიელი მებრძოლები რუსეთის პროფესიული ჯარის წინააღმდეგ ათეული წლებია, პარტიზანულ ომებს აწარმოებენ. მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ბრძოლაში დაოსტატებულნი არიან,“ ამბობს როჯიო.

„ეს არაა დაჯგუფება, რომელიც ვიღაცის ვილაში შეიჭრება, აუზში ინებივრებს და სნიკერსს მიირთმევს. ეს ხალხი სერიოზული მეომრები არიან,“ ამბობს რიჩარდ ბარეტი, ნიუ-იორკის უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის Soufan Group-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მდგომარეობა კავკასიაში

რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული ორი ომის შემდეგ, ჩრდილოეთი კავკასია შედარებით სტაბილურ რეგიონად, ომებისა და ტერორიზმისგან თავისუფალ მხარედ იქცა, მაგრამ სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევები იქ დღემდე დიდ პრობლემად რჩება.

შამილ ბასაევის, იბნ ალ-ხატაბის, აბუ ჰაფს ალ-ჰუდანის, აბუ ალ-ვალიდისა და დოკუ უმაროვის განადგურების მიუხედავად, მეამბოხე ჩეჩნები არ დანებებულან. სხვა და სხვა ცნობების თანახმად, მათ ჩეჩნეთის მეზობელ დაღესტანში ახალი დაჯგუფება შექმნეს. ბევრი მათგანი სირიის აჯანყებას შეუერთდა მას მერე, რაც 2011 წელს დაწყებული მღელვარება ქაოტურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ბარეტი ამბობს, რომ ჩეჩენი მეამბოხეების მაშინდელმა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ახალბედა მებრძოლები გამოცდილების მისაღებად სირიაში გაგზავნა. უმაროვი, რომელმაც 2007 წელს „კავკასიის საამირო“ დააფუძნა, 2013 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვები, რომ ის მოწამლეს.

ჩეჩენი ომარი

სირიაში წასულ გამოცდილ მეომრებს შორისაა თარხან ბათირაშვილი, რომელსაც ომარ ალ-შიშანის სახელით იცნობენ. ეთნიკურად ჩეჩენი ბათირაშვილი საქართველოში გაიზარდა, ქართულ არმიაში მსახურობდა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სარდალი და „ისლამური სახელმწიფოს“ უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოს, „შურას“ წევრია. ამავე საბჭოშია ალ-ბაღდადი. ბათირაშვილის დაჯგუფება ერთ-ერთია იმ ორ დაჯგუფებას შორის, რომელსაც გასულ ოთხშაბათს შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციები დაუწესა.

„ბათირაშვილმა სირიის ბრძოლებში გაითქვა სახელი და „ისლამურ სახელმწიფოში“ სირიის ოპერაციების სარდალი გახდა“, ამბობს ჩარლზ ლისტერი, ბრუკინგსის ყატარის ცენტრის ცნობილი ანალიტიკოსი. „სირიის მხარეს, „ისლამური სახელმწიფოს“ ყველა მაღალი რანგის პირი რაღაც ფორმით ბათირაშვილთან არის დაკავშირებული.“ ბათირაშვილის მიღწევებს შორისაა 2013 წლის აგვისტოში, ალეპოს სიახლოვეს, მინიგის აეროპორტის აღება. ოპერაციაში რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა.

კიდევ ერთი ცნობილი მეთაურია მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ-შიშანი. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოეთა პერიოდში ის მოლდავეთში მსახურობდა, საბჭოეთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ათი წელი ჩეჩენი ამბოხებულების მხარდამხარ იბრძოდა. მარგოშვილი ისლამურ სახელმწიფოში ჩეჩნების ლეგიონს, „ჯუნუდ ალ-შამს“ მეთაურობს. ხაზინის დეპარტამენტმა ისიც შავ სიაში შეიყვანა. ბათირაშვილის მსგავსად, მასაც წითელი წვერი აქვს.

ბოლო დროს „იუტუბზე“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ავარჯიშებს მარგოშვილი მებრძოლთა რაზმებს. 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში მებრძოლები სირიის საჰაერო ბაზაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავთან დგანან და არაბულად იმუქრებიან, რომ კავკასიას რუსეთისაგან გაათავისუფლებენ. ვიდეოს რუსული სუბტიტრები ახლავს.

ჩეჩნური ბზარი

ჩეჩნების სირიაში ყოფნის მიზეზი ეთგვაროვანი არ არის. ექსპერტების თქმით, სხვა და სხვა ჯგუფებს სხვა და სხვა ინტერესები აქვთ. ზოგადად, ჩეჩნებს ძლიერი კავშირები აქვთ კლანთან და ნათესავებთან, რაც ხშირად დაპირისპირების მიზეზი ხდება როგორც სახლში, ისე უცხოეთში.

ექსპერტების თქმით, ბათირაშვილის გადაწყვეტილებამ, სათავეში ჩასდგომოდა „ისლამურ სახელმწიფოს,“ ჩეჩენთა ჯგუფებს შორის ბზარი გააჩინა. მისი ყოფილი დანაყოფი „მოჰაჯირების ბრიგადა“ სიმპათიას ინარჩუნებს „კავკასიის საამიროს “ მიმართ, რომელსაც ათწლეულზე მეტია, ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. ლისტერი ვარაუდობს, რომ „კავკასიის საამიროს“ ალ-ყაიდასთან თანამშრომლობა გაძლიერდება.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეს აღელვებს. „ისლამურ სახელმწიფოზე“ ამერიკის შეტევამ, ისლამისტი მებრძოლები, შესაძლოა, აიძულოს, სხვა რეგიონებში, მაგალითად, კავკასიაში გადავიდნენ,“ ამბობს ბარეტი.

„ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ დაჯგუფებებისაგან მომდინარე საფრთხეებს მსუბუქად არ უნდა შევხედოთ. ისლამისტებმა დაამტკიცეს, რომ მასშტაბური თავდასხმების ორგანიზების უნარი აქვთ,“ ამბობს როჯიო.

XS
SM
MD
LG