Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამოკვლევა უმუშევრობის შესახებ


უმუშევრობის თემა საქართველოში კვლავ აქტუალურია. ადრე უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ხელისუფლების განცხადებები და სტატისტიკური მონაცემები უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლის შესახებ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სოციოლოგიურ კვლევებთან, რომლებიც დასაქმების პრობლემას მთავარ პრობლემად ასახელებს.

ამ დღეებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ახალი გამოკვლევა გამოაქვეყნა. გამოკვლევის მონაცემები ეფუძნება იმ გამოკითხვას, რომელიც 2016 წლის 15-28 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დაკვეთით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა და რომელშიც მონაწილეობა 2 032-მა ადამიანმა მიიღო.

როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, გამოკითხვის შედეგების ანალიზის მიხედვით, 2016 წელს იმ მოსახლეობის წილი, ვინც თავს უმუშევრად მიიჩნევს, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ, 2016 წელს გამოკითხულთა 35 % ამბობს, რომ დასაქმებულია, 65 % კი ამბობს, რომ უმუშევარია.

როგორც გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხულთა თვითაღქმით, არიან თუ არა დასაქმებულები, და არ შეიძლება ამ მონაცემებით უმუშევართა რაოდენობა განისაზღვროს.

გამოკვლევის მიხედვით, დასაქმებულებიდან 31 % არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში. გამოკითხულთა, დაახლოებით, 75 % აცხადებს, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარამდე აღწევს.

გამოკვლევის ავტორთა თქმით, აქედან ნათელია, რომ მოსახლეობის ნახევარი, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულად ითვლება, რეალურად ძალიან მცირე პროდუქტს ქმნის. შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანური რესურსები არაეფექტურად გამოიყენება. ვიდრე სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა წილი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უმუშევრობა კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დარჩება. დასაქმების გაზრდის ყველაზე რეალურ გზად გამოკვლევის ავტორებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა მიაჩნიათ, რაც დაბალი გადასახადებით, მაღალი მოგების მარჟით და სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოთი მიიღწევა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 51 % ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა, თუმცა, ქართული სტატისტიკური პარადოქსების რიგშია ის ამბავი, რომ მოსახლეობის მხოლოდ 17 %-ს სურს ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება.
საინტერესო მონაცემია ისიც, რომ, გამოკითხვის მიხედვით, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის, 52 %, ამჟამად დაინტერესებულია სამსახურის შოვნით, 47 % კი - არა.

იმ 35 %-დან, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 35 % ამბობს, რომ არის დაქირავებული მუშაკი ადგილობრივ კერძო ორგანიზაციაში, კომპანიასა ან საწარმოში, 19 პროცენტი ამბობს, რომ არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში და არის საჯარო მოხელე, 18 % ამბობს, რომ უძღვება საკუთარ ბიზნესს, არის თვითდასაქმებული, 12 % მიიჩნევს, რომ არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში და არ არის საჯარო მოხელე და ა. შ.

რაც შეეხება გამოკითხულთა ოჯახების საერთო შემოსავალს, ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ მისი შემოსავალი 400-დან 800 ლარამდე ან 260-დან 400 ლარამდეა. გამოკითხულთა 3 %-ის ოჯახის შემოსავალმა გასულ თვეში 1 200-დან 1 600 ლარამდე შეადგინა, 2 %-ის შემოსავალმა კი - 1 600-დან 2 500 ლარამდე. 2 500 ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 1 %-ს აქვს, 800-დან 1 200 ლარამდე შემოსავალი კი - 8 %-ს. გამოკითხულთა 9 % ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 150 ლარამდეა, 3 % ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი 0 ლარს უდრის.

XS
SM
MD
LG