Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა დასაქმება საქართველოში და მსოფლიოში


გუშინ, ქალთა საერთაშორისო დღეს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ქალების დასაქმებასთან დაკავშირებული კვლევის შესახებ, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რამდენად არიან წარმოდგენილი ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში უფროს ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე ქალების რიცხვი 29%-ია, მაშინ როცა კომპანიათა 26%-ს საერთოდ არ ჰყავთ ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

იმის გასააზრებლად, თუ რამდენად ჯდება ეს მონაცემები საერთაშორისო ტენდენციებში, შესაძლებელია გადავხედოთ კომპანია "გრანთ თორნთონის" მიერ ჩატარებული ყოველწლიური კვლევის შედეგებს. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ქალების პროცენტული მაჩვენებელი 22 %-დან 24 %-მდე გაიზარდა, თუმცა კომპანიების მესამედს კვლავ არ ჰყავს ქალები ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ამ მხრივ, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს, სადაც წამყვანი თანამდებობები ქალების მხოლოდ 22 %-ს უკავია, ხოლო კომპანიათა 39 %-ს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალები საერთოდ არ ჰყავთ. ორი ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა კი არის იაპონია - 7 %-ით და გერმანია - 5%-ით. ამავე დროს, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში ფიქსირდება ხელმძღვანელ ქალთა უმაღლესი პროპორციული მაჩვენებლები - შესაბამისად, 35 % და 34 %. მხოლოდ ფირმების 16 %-სა და 21%-ს საერთოდ არ ჰყავთ ქალები უმაღლეს ხელმძღვანელ პოზიციებზე.

კომპანიის ბიზნესანგარიში (IBR) ასახავს 36 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანიის შეხედულებებისა და მოლოდინების ადეკვატურ შეფასებას. მედია იუწყება, რომ ეს უნიკალური კვლევა მოიცავს უმეტეს ევროპულ მონაწილეთა მონაცემების 22-წლიან პერიოდს და ასევე მრავალი არაევროპული ქვეყნის 11-წლიან პერიოდს.

რაც შეეხება ქალების დასაქმების ზოგად მაჩვენებელს საქართველოში - ამის შესახებ წარმოდგენას ქმნის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რამდენიმე მონაცემი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბიზნესსექტორის მიმოხილვის ფარგლებში გამოქვეყნდა:

2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584.5 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.4 პროცენტი ქალია. ამ რაოდენობიდან მსხვილ ბიზნესში ქალების 57 პროცენტია დასაქმებული, საშუალოში - 17, 4 პროცენტი, მცირე ბიზნესში კი - 25,5 პროცენტი. საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში შეადგინა 961.1ლარი, მათ შორის, ქალების ხელფასმა - 1044.6 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ხელფასის მიხედვით, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესსექტორის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალები ნაკლებად იჩაგრებიან, თუმცა მათი რაოდენობა დასაქმებული მამაკაცების რაოდენობას ჩამორჩება.

XS
SM
MD
LG