Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედები „დედის დღეს“


3 მარტს საქართველოში ტრადიციულად აღნიშნეს “დედის დღე”, რომელიც სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა 1991 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში “დედის დღეს” ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, უნდა შეეცვალა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა როგორც სამი, ასევე რვა მარტი.

„შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავუბრუნოთ დედები შვილებს“, „შეწყდეს ქარლთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გამოვიდნენ ქალები პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, რომლის ორგანიზატორმა, ქალთა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქტიურობისა და სოლიდარობის გარეშე ქალების სასარგებლოდ არც კულტურული გარემო შეიცვლება და არც კანონმდებლობა:

„განსაკუთრებით გვაქვს სოლიდარობის პრობლემა. არადა, ამ მოძრაობას სჭირდება ენთუზიაზმი და დრო, რომლის დეფიციტიც აქვთ ქალებს, კაცების მხრიდან კი განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ, თუმცა ქალებშიც არის დეფიციტი სოლიდარობისა. მგონია, რომ დროა გამოფხიზლდნენ და დაგვიდგნენ გვერდში“.

აქციის მონაწილეთა თქმით, ქალთა მიმართ ძალადობას ადგილი აქვს როგორც ოჯახებში, ასევე შრომის ბაზარზე. 2014 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად 28 ქალი იქნა მოკლული. ქალები ჭარბობენ შრომით მიგრანტთა შორისაც.

სიმბოლური აქციით - ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილების წინ ტრანსპარანტების გაშლით - აღნიშნეს „დედის დღე“ მოძრაობის„ქალები საქართველოსათვის“ წევრებმა, რომელთა ლიდერმა, თეონა ჭალიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალების დისკრიმინაცია უსამართლო კანონებითა და მანკიერი ტრადიციებით საზრდოობს:

„ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ და მივიჩნევთ, რომ ქალების ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის. არადა, ასე ფიქრობს ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი. სწორედ ეს უნდა დავძლიოთ ჩვენ, ქალებმა. ძალა ერთობაშია და დღითი დღე ვძლიერდებით“.

თითო ყვავილი დედებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

თუმცა ქალთა მოძრაობა მხოლოდ ქალების ხარჯზე არ ძლიერდება. ირაკლი ხორავა ორგანიზაცია „კიიფ სმაილინგის“ წარმომადგენელია:

„ქალებზე ძალადობის პრობლემის დასაძლევად უნდა გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ „არა“ ძალადობას და დავუდგეთ მათ გვერდზე“.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქალების დისკრიმინაცია მხოლოდ ფიზიკური ძალადობით არ გამოიხატება. როგორც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, ქალები იღებენ თითქმის ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას და უფრო ხშირად კარგავენ სამსახურს:

„შრომის კანონმდებლობით სამსახურის დაკარგვისგან ისინი დაცულები არიან დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდშიც, მაგრამ დაცული არ არიან იმ დღიდან, როცა სამსახურში გამოდიან. წესით, მათთვვის უნდა იყოს დაწესებული გარკვეული შეღავათიანი პერიოდი, როცა არც შემცირება და არც ტესტირება არ შეეხება და ისინი იქნებიან სამსახურში მყარად და არვინ დაითხოვს“.

თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, შრომითი კანონდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, ქალთა დისკრიმინაციას მაინც აქვს ადგილი. გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, როცა ფეხმძიმე ქალი აიძულეს დაეწერა განცხადება და სამსახურიდან წასულიყო.

„არც ერთი ორსული ქალი, რომელიც დედა უნდა გახდეს ხვალ, ნამდვილად არ დაწერს განცხადებას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, რადგანაც იცის, რომ მის შვილს ხვალ და ზეგ სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. მსგავსი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხდება“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ, რომლის თქმითაც, ფეხმძიმე ქალს აუცილებლად სჭირდება შრომის განსაკუთრებული პირობების შექმნა, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და გააჩინოს ჯანმრთელი ბავშვი, რომელსაც ასევე აქვს თავისი უფლებები. დასაქმებულ ქალს სამსახურში ყოფნისას ასევე უნდა მიეცეს დამატებით ერთი თავისუფალი საათი, რათა გამოკვებოს ბავშვი. ქალს ასევე ეკუთვნის საპატიო გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჰყავს ექიმთან მისაყვანი - ყოველივე ამას ითვალისწინებს დედობის უფლების დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მის რატიფიცირებას ჯიუტად თავს არიდებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG