10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში შეიტანეს საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების შესახებ, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ითვალისწინებს. ჯგუფი გასულ წელს შეიქმნა და აერთიანებს საქართველოში მოქმედ 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. რას შეცვლის მეტი ქალი პოლიტიკაში?
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ქალთა პოლიტიკური მონაწილოების სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაუგზავნეს, სულ 11 გვერდს შეადგენს. წინადადება კი, გენდერული კვოტირების გზით, საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ემსახურება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. წინადადების ხელმომწერთა შორისაა რუსუდან კერვალიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული სამართლიანობის“ პრეზიდენტი. სწორედ ის განმარტავს რადიო თავისუფლებასთან იმ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს:
„პარტიული სიის წარდგენის დროს, არ უნდა იყოს მიღებული პროპორციული სია, სადაც არ იქნება თანაბრად წარმოდგენილი განსხვავებული სქესი. ეს გულისხმობს, რომ პროპორციული სიის წარდგენისას, პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარდგენის ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სია არ იქნება მიღებული“.
დღევანდელი მონაცემებით, პარლამენტში ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილნი. 59 გამგებლიდან, მხოლოდ ორი ქალია. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის კვლევის მიხედვით, რომელშიც 141 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 106-ე ადგილს იკავებს. როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 53%-ს ქალები შეადგენენ, მათი წარმომადგებლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე იმაზე გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ანუ, თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, ამ გათვლით, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს. რატომაა საჭირო მეტი ქალი პარლამენტში? რის შეცვლას შეძლებენ ისინი? ამ კითხვების პასუხად, იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენელი, ამბობს:
„ვიცით, რომ ნამდვილად იქნება უკეთესი სიტუაცია. ქალი გაიტანს იმ საკითხებს, რომლებზეც სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მსჯელობა არ არის“.
კონკრეტულად კი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მატებით, გაიზრდება ისეთი საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი აზრით, სოციალური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. უფრო ზუსტად კი, ისინი ფიქრობენ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ისეთი პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, როგორიცაა კორუფცია, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები. ამის პარალელურად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები იშველიებენ საერთაშორისო გამოცდილებას და მაგალითად მოჰყავთ სკანდინავიის ქვეყნები, სადაც, დროებითი გენდერული კვოტირების შედეგად, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ეს ქვეყნები, დღესდღეობით, მიიჩნევა საუკეთესოდ ქალთა უფლებების რეალიზაციის მხრივ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ზაფხულში, ჟენევაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს კვოტირების შემოღებაზე, რათა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი გაიზარდოს.
მე ყოველთვის თავისუფლების მომხრე ვარ და ვამბობ, რომ დავადგინოთ სტანდარტი, მაგალითად, სიის ყოველ ათეულში ოთხი ქალი იყოს წარმოდგენილი და ამ სტანდარტის დარღვევის შემთვევაში, სია არ ჩაითვალოს კანონის შესაბამისად...ზაქარია ქუცნაშვილი
საკანონმდებლო წინადადების ადრესატმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თაობაზე მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, მართალია, ის კვოტირების წინააღმდეგია, მაგრამ მომხრეა თანასწორობის და, თუკი თანასწორობა კვოტირების გარეშე შეუძლებელია, მაშინ ის კვოტირების მომხრეა. თუმცა, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგებელი, ზაქარია ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ დაუჭრს. ის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის სხვა მექანიზმზე საუბრობს:
„ამ საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ვალდებულნი ხდებიან პოლიტიკური პარტიები, რომ სიებში ყოველი მეორე იყოს ქალი. ეს აიძულებს პარტიებს, რომ ქალები, იმსახურებენ ამას თუ არ იმსახურებენ, სურთ თუ არ სურთ, შეიყვანონ პარტიებში. მე ყოველთვის თავისუფლების მომხრე ვარ და ვამბობ, რომ დავადგინოთ სტანდარტი, მაგალითად, სიის ყოველ ათეულში ოთხი ქალი იყოს წარმოდგენილი და ამ სტანდარტის დარღვევის შემთვევაში, სია არ ჩაითვალოს კანონის შესაბამისად. მაგრამ არა ისე, რომ ყოველი მეორე იყოს ქალი. მე ეს მგონია თავისუფლების შეზღუდვა“.
ზაქარია ქუცნაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი საარჩევნო კოდექსში ცვლილებისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30%-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე, 30%-ით. თუმცა, როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ე.წ. წამახალისებელი ფაქტორები, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ მოქმედებს.
გასული წლის ბოლოს, NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის – „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ – მიხედვით, მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.
პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილოების სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარადგინეს, გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამის კომიტეტს გადასცემს განსახილველად. კომიტეტის წევრებმა კი წინადადება 20 დღის ვადაში უნდა განიხილონ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, იქცევა თუ არა საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად.