ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლით მოიხსნება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, რომლის ქვეშაც იმყოფება თბილისიდან გატაცებული და ბაქოს ქიურდახანის ციხის დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ჟურნალისტი. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს ასევე აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებას.
არჩილ ჩოფიკაშვილმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადოვკატმა, პირველად 2 ივნისს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს თხოვნით, მიეღო ავღან მუხთარლის მიმართ დროებითი ღონისძიება და შეჩერებულიყო ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პატიმრობის თაობაზე, ვიდრე ევროსასამართლო არ განიხილავდა დაცვის მხარის განაცხადს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღალი ალბათობით, გატაცება განხორციელდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობით, რასაც, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ამტკიცებს კიდეც საპყორობილეში მყოფი ჟურნალისტი.
„საერთაშორისო გამოხმაურების პირობებში აფგან მუხთარლის განცხადებები და ჩვენებები განსაკუთრებულ დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნის როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს. იქ არსებული მდგომარეობისა და სამედიცინო სერვისების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმის, რომ მან გაიზიაროს სხვა ოპოზიციონერების ბედი - ბევრი მათგანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საპყრობილეში. სწორედ ამ საფრთხის აღსაკვეთად მივმართეთ ევროსასამართლოს, რომელმაც 8 ივნისს გაუგზავნა აზერბაიჯანის მთავრობას ხუთი კითხვა, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა სამედიცინო სერვისს და პატიმრობის პირობებს, ასევე აფგან მუხთარლის განცხადებას, რომ მისი გატაცება მოხდა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად“, უთხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
აზერბაიჯანის მთავრობამ 16 ივნისს წარმოადგინა პასუხი, რომელშიც გამეორებულია მათივე ოფიციალური ვერსია, რომ აფგან მუხთარლი დააკავეს საზღვრის კვეთისას მდინარეზე, თუმცა, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ბაქოს არ წარმოუდგენია არც ერთი ფოტოსურათი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამას:
„ამის შემდეგ უკვე ჩვენ განგვისაზღვრა ევროსასამართლომ ერთკვირიანი ვადა 27 ივნისამდე, რომ წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები აზერბაიჯანის პასუხთან დაკავშირებით. დღეს სწორედ ამ მოსაზრებებს წარვუდგენთ ევროსასამართლოს და ვეცდებით დავარწმუნოთ ის, რომ არის გადაუდებელი აუცილებლობა მიღებული იქნეს დროებითი ღონისძიება მუხთარლის მიმართ. ასეთი გადაწყვეტილება ჯერ პრაქტიკულად არ მიუღია სტარსბურგის სასამართლოს, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლო სულ ახალ-ახალ პრეცედენტებს ამკვიდრებს, გვაქვს იმედი, რომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიღებული იქნება ეს დროებითი ღონისძიება“.
არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი აქვს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხელყოფილია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, ამბობს, აფგან მუხთარლის, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული, ხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ სამედიცონო დახმარებაზე:
„სისხლში გლუკოზის დონემ აიწია. მას ხომ დიაბეტი აქვს. სამი დღის წინ გასინჯა კარდიოლოგმა, მკერდში ძლიერი ტკივილები აქვს. წესით, საავადმყოფიში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ საავადმყოფოს ვინ ჩივის, არც ექიმის დანიშნულება მისცეს და არც მედიკამენტები. გასაგებია, რომ უკანონოდ დააპატიმრეს, მაგრამ მედიკამენტებით მაინც ხომ უნდა უზრუნველყონ?! ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ შეიძლება ისე გაუუარესდეს მდგომარეობა, რომ დავკარგოთ კიდეც იგი“.
ლეილა მუსტაფაევას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს დაცვის მხარის მოთხოვნას, თუმცა, მისივე ვარაუდით, აზერბაიჯანის მთავრობამ შეიძლება არ აღასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც არ აღასრულა ილგარ მამადოვის შემთხვევაში. აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ყურადღებით აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, მუხთარლის საქმეში ბევრი უპასუხო კითხვა დაგროვდა, მათ შორის ის, თუ რატომ იძიებს საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„საქმე უნდა გამოძიოს არა შს სამინისტრომ, არამედ სხვა სტრუქტურამ, ამ შემთხვევაში - პროკურატურამ, იმიტომ რომ იყო განცხადებები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო მეტად დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქმეზე დადგეს რეალური ჭეშმარიტება და გაირკვეს ყველა დეტალი“, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.