თბილისიდან 29 მაისს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. უმრავლესობას, რომელიც 20 ივნისს შსს მინისტრსაც შეხვდა და ამ საკითხზე ინფორმაცია მიიღო, სჯერა, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და დამატებითი კითხვები არ გააჩნია, უმცირესობა კი მოითხოვს, პარლამენტში დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პროცესში პარლამენტი ჩაერთოს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატის აზრით, გამოძიება ერთ ადგილზე დგას.
„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 20 ივნისს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, თუმცა, მისი თქმით, მეტის თქმა ხელისუფლებას სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ შეეძლება:
უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ჟურნალისტებთნ შს მინისტრის სიტყვები გაიმეორა, რომ „შსს-ს არც ერთი ქვედანაყოფი არ საქმესთან კავშირში არ არის“. აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე მოთმინებას ითხოვს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც:
„წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რაც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია”.
ამ გამოძიებისას ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, შეიძლება იყოს პარლამენტი. დღევანდელი ვითარებით, თუ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც გავითვალისწინებთ და ბოლო დროს გამოჩენილ ახალ გარემოებებსაც, ფაქტობრივად, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ეჭვმიტანილია ძალიან სერიოზულ დანაშაულში...სერგო რატიანი
თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში კვლავაც მოითხოვენ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ეს საკითხი უმცირესობამ 19 ივნისის ბიუროს სხდომაზეც დააყენა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ ამბავმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი, ხოლო დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები არაერთ ეჭვს აჩენს ამ საქმეში საქართველოს ძალოვანი უწყებების მონაწილეობის შესახებ.
ამ აზრს კატეგორილად უარყოფს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გაზეთ „პრაიმ ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ცალსახად გამორიცხულია შსს-ს თანამშრომლების ჩართულობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეშიო. საქმეს რომ ნათელი მოეფინოს და გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართოს, ამისათვის ერთადერთი გზა ამ პროცესში პარლამენტის ჩართვაა, მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი:
„ამ გამოძიებისას ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, შეიძლება იყოს პარლამენტი. დღევანდელი ვითარებით, თუ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც გავითვალისწინებთ და ბოლო დროს გამოჩენილ ახალ გარემოებებსაც, ფაქტობრივად, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ეჭვმიტანილია ძალიან სერიოზულ დანაშაულში“.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება:
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა. ამიტომ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“, პოზიცია არის ის, რომ ვერ შედგება ვერავითარი გამოძიება, თუ სასწრაფოდ არ იქნა გათავისუფლებული, სულ მცირე, სამი ადამიანი: ორი ძალოვანი მინისტრი და ბატონი ჯეჯელავა, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას და პირველმა დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება“.
თუმცა უმრავლესობა ამ ეტაპზე გამოძიებას ენდობა და არც დამატებითი შეკითხვები აქვს მასთან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას, პარლამენტი პროცესში ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.
რაც შეეხება 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის მიმდინარეობას, როგორც მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გამოძიება მიდის იმ გზით, რომ გამოძიება არ ჩატარდეს. სწორედ ამიტომ ადვოკატმა დააყენა კიდევ ერთი შუამდგომლობა, თუ რომელი კამერების ჩანაწერები უნდა ამოიღოს და შეამოწმოს გამოძიებამ. მხოლოდ ეს არის შანსი, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგეს და სიმართლე დაადგინოს:
„თუ გამოძიება ისევ ასე გააგრძელებს და არ ამოიღებს სათვალთვალო კამერებს, მათ შორის, აეროპორტის გზატკეცილზე დამონტაჟებულ ვიდეო სათვალთვალო კამერებს, თეორიულადაც არ იარსებებს ამ დანაშაულის გახსნის ალბათობა. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ისედაც დაზარალებული აფგან მუხთარლი კიდევ უფრო დაზარალდება და, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის იქნება ეს ზიანის მომტანი. თუმცა ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და სრულყოფილად იქნება ეს საქმე გამოძიებული“.
არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე ადვოკატებს პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი შეშფოთების მიზეზს იძლევა, რადგან გარდა იმისა, რომ მას გატაცებისას სცემეს, აქვს შაქრიანი დიაბეტიც, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მინიმალური სამედიცინო გამოკვლევა - და ისიც ევროსასამართლოს მოთხოვნის შემდეგ - აფგან მუხთარლის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.