აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ოჯახის ადვოკატს ხელი კვლავ არ მიუწვდება ჟურნალისტის შესაძლო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების მასალებზე. ასევე უშედეგოა დაცვის მხარის ძალისხმევა, რომ დაზარალებულად გამოცხადდეს 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი, რომელიც, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით, ბაქოს საპატიმროში აღმოჩნდა. ადვოკატის მსგავსად, საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. საგამოძიებო პროცესის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობის გარდა, ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საქმის გამოძიებას შს სამინისტროს მიერ, რომელსაც, დაკავებული მუხთარლის ნაამბობზე დაყრდნობით, გარკვეული ეჭვები უკავშირდება.
„ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო და პროკურატურა არ გვაძლევენ შესაძლებლობას გავეცნოთ საქმის მასალებს, რადგანაც უარს გვეუბნებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აფგან მუხთარლისა და მისი ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა სახლის“ წარმომადგენელმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა. მიღებული უარი მას „ცინიკური დამოკიდებულების“ გამოხატულებად მიაჩნია, რადგან შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და, შესაბამისად, არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ აფგან მუხთარლი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. 7 ივნისს კიდევ ერთი განცხადება შევიდა ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში. დაცვის მხარეს დამატებითი მოთხოვნებიც აქვს:
„კიდევ დამატებით მოვითხოვეთ ამ საქმის მასალების გაცნობა და მათ შორის დამატებით მოვითხოვეთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ქალბატონი ლეილა მუსტაფაევასთვის, ვინაიდან ეს გატაცება და ეს დატყვევება, აფგან მუხთარლის გარდა, მიმართული იყო ასევე ქალბატონი ლეილას, მისი მეუღლის, მიმართ - მის დასაშინებლად. ისიც ანალოგიურად ჟურნალისტი-გამომძიებელია და რომ მასაც შეეშალოს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში. ანუ მის მიმართაც არის ეს დანაშაული განხორციელებული და ისიც დაზარალებულად უნდა იქნეს ცნობილი“.
იმის გამო, რომ 1 ივნისს, მთავრობის სხდომის ფორმატში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წინასწარვე გამორიცხა სახელმწიფო სტრუქტურების რაიმე სახით მონაწილეობა აფგან მუხთარლის საქმეში, არჩილ ჩოფიკაშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ახლა სწორედ პრემიერის ამ წინასწარი განცხადების მიხედვით მოქმედებს. ამასთან, ადვოკატისთვის მიუღებელია გამოძიების წარმოება შს სამინისტროს, ანუ იმ უწყების მიერ, რომლის წარმომადგენლებიც, დაკავებული აფგან მუხთარლის ნაამბობის მიხედვით, ჩართული იყვნენ მის გატაცებაში. ნაამბობის თანახმად, გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვათ, ისინი მთელი გზის მანძილზე თავიანთ ხელმძღვანელს აბარებდნენ ანგარიშს და, საბოლოოდ, მოახერხეს ისიც, რომ თავზე ტომარაჩამოცმული ადამიანი პასპორტის გარეშე გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. არჩილ ჩოფიკაშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართა.
ამ ტიპის ბრალდებებს არ იზიარებს ხელისუფლება და მისთვის არც გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებული ეჭვები და შეკითხვებია მისაღები. როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ გამაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“, გამოძიება მიმდინარეობს და ვიდეოკამერების 30-ზე მეტი ჩანაწერის ამოღების გარდა, სხვა არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა გათვალისწინებული:
„მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით - იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული დროის იმ მონაკვეთში და ესეც გამოძიებამ და სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ - თუ ვინ, როდის იმყოფებოდა იმ მონაკვეთში, ხომ არ ჰქონდათ ამ ადამიანებს რაიმე შესაძლო კავშირი ამ ფაქტთან. ასევე, ასზე მეტი ადამიანია დაკითხული ამ საქმეზე და კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი. მეტსაც გეტყვით, საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
„საიდან და რა საფუძვლით ფლობს პარლამენტის წევრი მთელ ამ ინფორმაციას?“ - ეს შეკითხვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დასვა და იქვე განმარტა, რომ აფგან მუხთარლის საქმე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავს დამტყდარი უბედურება, არამედ ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი“ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ეფექტიანობის შესამოწმებლად:
„პირველივე დღეებიდან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საპარლამენტო კონტროლი უნდა ამოქმედდეს, პარლამენტმა უნდა დაიბაროს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლები, დაუსვას მათ კითხვები და მოისმინოს პასუხები - მათ შორის, კონკრეტულად ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ჯერ ადრეა, გამოძიება მიმდინარეობს და ასე შემდეგ... მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ კონკრეტული პარლამენტარისგან ვისმენთ ინფორმაციას საგამოძიებო მიმდინარეობის შესახებ. აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა“.
იმის გათვალისწინებით, რომ აფგან მუხთარლის ადვოკატს ხელი არ მიუწვდება საქმის მასალებზე და გამოძიება სრულიად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ანა ნაცვლიშვილის აზრით, ხელისუფლება საზოგადოებისგან პრაქტიკულად სიტყვაზე ნდობას მოითხოვს. მაშინ, როცა შს სამინისტროს მისამართით გარკვეული შეკითხვები არსებობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დაუშვებლად მიიჩნევს გამოძიების წარმოებას სწორედ ამ უწყების მიერ და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ იხსენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რასაც უკვე წლებია ამაოდ მოითხოვს არასამთავრობო სექტორი.
საქართველოში მიმდინარე სოლიდარობის აქციების ფონზე აფგან მუხთარლის საქმეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა თუ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს 6 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაც დაემატა. საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა - ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა -შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის გამო. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოზიციის მსგავსად, ისინიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები და მიაწოდოს თანამომხსენებლებს გამოძიების შედეგები, რასაც ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს.