პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 5 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა უკრაინის მიერ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ.
კობახიძის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ "დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება, რაზეც ვსაუბრობთ, არის ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილი".
ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, "უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის დამოუკიდებელი, მთავარი არის ის, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მძიმე მდგომარეობა", რომელი სცენარის ნაწილიცაა "უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება". ამის მიუხედავად, კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინასთან რჩება "ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", ვინაიდან მათთვის "ძვირფასია ეს ქვეყანა და ძვირფასია უკრაინელი ხალხი".
"აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული და სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.
ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სანქციები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის. ზელენსკიმ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, ანალოგიურად და პრინციპულად იმოქმედონ.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, უკრაინამ სანქციები დაუწესა:
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის მამას, გიორგი კობახიძეს; თბილისის მერ კახა კალაძეს; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს; იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს; შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს და ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს.
სანქცირებული არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა.
უკრაინის სანქციების ქვეშ მოხვდნენ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, და „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეწყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
უკრაინის ამ გადაწყვეტილების ფონია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს, ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.
ფორუმი