Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული კუდი“? - ანალიტიკოსები არჩევნების მონაცემებში ანომალიებს ხედავენ


ცესკოს შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ, საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებთან შედარებით (2021 წლის ადგილობრივი არჩევნები), მხოლოდ 1000-მდე ხმით გაიუმჯობესა შედეგი, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 300 000-მდე ხმით.
ცესკოს შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ, საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებთან შედარებით (2021 წლის ადგილობრივი არჩევნები), მხოლოდ 1000-მდე ხმით გაიუმჯობესა შედეგი, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 300 000-მდე ხმით.

საარჩევნო ექსპერტები და მონაცემთა ანალიტიკოსები საქართველოს რეგიონებში გადანაწილებული ხმების გრაფიკულ გამოსახულებაში კანონზომიერებიდან გადახრებს ამჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნების გაყალბების ირიბი მტკიცებულებაა. „რუსული კუდი“ - ასე ეძახიან ისინი ამ ანომალიებს.

არჩევნების დამკვირვებლების გამოვლენილი ასობით დარღვევისა და ხმის მიცემის ფარულობაზე გაჩენილი კითხვების ფონზე, პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. ცესკო და „ქართული ოცნება“ გაყალბებაზე ბრალდებებს უარყოფენ.

ამ სტატიაში ვარკვევთ, რას გვეუბნება საარჩევნო სტატისტიკა და რის ინდიკატორად (არ) შეიძლება გამოდგეს.

„საქართველოს რიცხვებში დევიაციებია“

„თუკი არჩევნები თავისუფალ გარემოში, დარღვევების გარეშეა ჩატარებული, პარტიების მიღებული ხმების გრაფიკული გამოსახულება გარკვეულ კანონზომიერებას აჩვენებს. თუკი არათავისუფალ გარემოში, დარღვევებისა და სხვადასხვა მანიპულაციის პირობებში ტარდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ მონაცემთა გრაფიკულ გამოსახულებაში უწესრიგობები, დევიაციები, გადახრები.

საქართველოში სწორედ ასეთ დევიაციებს ვხედავთ“.

ეს რომან უდოტია, მონაცემთა ანალიტიკოსი, ყოფილი პოლიტპატიმარი რუსეთში. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „გოლოსის“ (ГОЛОС) თანათავმჯდომარე 2013-23 წლებში. „გოლოსი“ იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთის „უცხოეთის აგენტების კანონი“ შეეხო.

რომან უდოტი, „გოლოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი
რომან უდოტი, „გოლოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი

უდოტი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ერთ-ერთია მონაცემთა იმ ანალიტიკოსებს შორის, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ დასკვნამდე: საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიანიშნებს, რომ ამ პროცესს მანიპულაციის გარეშე არ ჩაუვლია.

თუმცა იმას, თუ რა შეიძლება იდგეს ამ მანიპულაციების უკან, ფართო ინტერპრეტაცია აქვს.

როგორ შეიძლება უბრალო რიცხვებმა მიანიშნოს დამკვირვებლებს, რომ არჩევნებისას ხმის მიცემის პროცესი მანიპულაციური იყო?

„კისლინგ-შპილკინის მეთოდი“

რუსი მონაცემთა ანალიტიკოსები და მეცნიერები უკვე წლებია, სხვადასხვა მეთოდით აანალიზებენ, რას შეიძლება ამბობდეს არჩევნების სამართლიანობაზე ამომრჩეველთა აქტივობა, პარტიების მიერ მიღებული ხმების გადანაწილება და კანონზომიერებები თუ უწესრიგობები ამ კანონზომიერებებში.

ერთ-ერთი ასეთი იყო სერგეი შპილკინი, რუსი ფიზიკოსი, რომლის მიდგომასაც ხშირად იყენებენ რუსეთში ანალიტიკოსები და ჟურნალისტები; მისი სახელი შეგხვდებათ ამერიკელი დიპლომატის, ჯონ ბრეიდი კისლინგის სახელთან ერთად, - რომელმაც 2004 წელს სომხეთის არჩევნების შედეგები მსგავსი მიდგომებით გააანალიზა.

რუსული სადამკვირვებლო ორგანიზაცია „გოლოსი“ არაერთი არჩევნების დაკვირვებისას მიუთითებს, რომ „კისლინგ-შპილკინის“ მეთოდს ეყრდნობა. აი, როგორ მუშაობს ეს მეთოდი:

  • თავდაპირველად ხდება მოქალაქეთა აქტივობის ანალიზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბნის ჩათვლით (2024-წელს საქართველოში აქტივობამ 58.94% შეადგინა).
  • თეორიის თანახმად, სამართლიან არჩევნებში, აქტივობის მაჩვენებლები ტიპურად მიჰყვება გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც ზარის ფორმას იმეორებს. აი, ასე:

პოლონეთის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითი. პარტიების წარმომადგენელთა მიღებული ხმები „ზარის“ ფორმას მიჰყვება.
პოლონეთის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითი. პარტიების წარმომადგენელთა მიღებული ხმები „ზარის“ ფორმას მიჰყვება.
  • თუკი მონაცემებში ანომალიები ჩნდება, - ზარის ფორმა ირღვევა, მაგალითად, ის „კუდს“ გამოიბამს, - ეს არასამართლიან არჩევნებზე მიანიშნებს.

რას აჩვენებს საქართველოს მონაცემები?

ლევან კვირკველია ერთ-ერთია მონაცემთა ანალიტიკოსებიდან, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში თავისი მიგნებები გამოაქვეყნა. მოგვიანებით მისი მიგნებები გააზიარა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კვირკველიას მიგნების თანახმად, არსებობს ცხადი განსხვავებები საქართველოს საქალაქო და რეგიონულ ოლქებში ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებლებს შორის.

თუკი ქალაქებში მონაცემთა გამოსახულება მეტწილად ზარის ფორმას მიჰყვება, რეგიონებში იგი ანომალიურად არის გადახრილი. აი, ასე:

„სასოფლო დასახლებებში შეიმჩნევა უჩვეულო „კუდი“ - გრაფიკულ გამოსახულებაზე, მარჯვენა მხარეს, - რაც მიანიშნებს გაყალბებას, რასაც რუსულ კუდს უწოდებენ“, - წერს იგი.

იმავე აზრზეა რომან უდოტი, რომელიც ამავე მონაცემებს სხვა ხერხით, - სობიანინ-სუხოვოლსკის მეთოდით წარმოადგენს გრაფიკულად.

„სობიანინ-სუხოვოლსკის მეთოდი“

შპილკინის მეთოდის მსგავსად, სობიანინ-სუხოვოლსკის მეთოდიც რიცხვებზე დაკვირვებით „ხედავს“ საარჩევნო მანიპულაციებს.

იგი შემუშავებულია რუსი მკვლევრების, სერგეი სობიანინისა და ვიაჩესლავ სუხოვოლსკის მიერ. ამ მეთოდს სიმარტივისათვის „გაფანტული წერტილების“ (Scatter Plot) მეთოდსაც უწოდებენ.

მეთოდი ზუსტად იმავე მონაცემებს ეყრდნობა, რასაც შპილკინის მეთოდი, უბრალოდ გრაფიკულად განსხვავებულად გამოისახება და პარტიების მიღებულ ხმებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ:

  • მეთოდი აანალიზებს ყველა საარჩევნო უბანზე ხმების განაწილებას პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამ გზით ცდილობს, ამოიცნოს დევიაციები, რაც არასამართლიანი არჩევნების ინდიკატორია;
  • თეორიის თანახმად, თუკი გამოიკვეთა უბნების ისეთი რაოდენობა, სადაც ერთი კანდიდატი - „ბენეფიციარი“ - უჩვეულოდ მაღალია - შესაძლოა, ეს გაყალბებაზე მიანიშნებდეს;
  • ამ მეთოდის თანახმად, მანიპულაციების მაღალი რისკია იქ, სადაც ამომრჩეველთა საერთო აქტივობის ზრდა მხოლოდ „ბენეფიციარზე“ აისახება და არა სხვა პარტიებსა და მათ მხარდაჭერაზე.

როგორაა „წერტილები გაფანტული“ საქართველოში?

რომან უდოტი ამბობს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში მეტ-ნაკლებად წესიერი სურათი ჩანს, რეგიონებში კი ვითარება განსხვავებულია.

აი, ასეთია გრაფიკული გამოსახულება საქართველოს ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და სენაკში:

„მეტ-ნაკლებად ჯანსაღი რეგიონები ასე გამოიყურება, - ერთი წერტილიდან იღებს სათავეს და სწორად ვითარდება, - რა თქმა უნდა, გარკვეული დევიაციები აქაც არსებობს, მაგრამ არა დრამატული“, - განმარტავს უდოტი.

„მაგრამ როდესაც ვაკვირდებით ყველა დანარჩენ უბანს, ჩემთვის ისინი უბრალოდ უცნაურია. არაჯანსაღია. აქ დევიაცია მოსალოდნელზე მაღალია. წერტილების გაბნევა იმაზე ფართოა, ვიდრე მოსალოდნელია. იგი არ მისდევს სწორ ხაზს და, რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს“, - ეუბნება რომან უდოტი რადიო თავისუფლებას.

გრაფიკა აჩვენებს, რომ „ოცნების“ მიერ მიღებული ხმების გაბნევის დიაპაზონი ფართოა - ერთსა და იმავე ოლქში, სხვადასხვა უბანზე, მან ზოგან 30%-ის ფარგლებში მიიღო ხმები, ზოგან - 70%-მდე.

იგი განმარტავს: „ანომალია გახლავთ მაღალი აქტივობის პირობებში, „ქართული ოცნების“ მაღალი ხმები კონკრეტულ წერტილებში, - ანუ უბნებში… კონკრეტულ უბნებში ზედმეტად იყო გაბნეული ის წერტილები, და მათ მიღებულ ხმებს აჩვენებს“.

სტატისტიკურად ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ერთსა და იმავე ოლქებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში - საარჩევნო უბნებზე - ზოგადი ტენდენციის ნაცვლად მკვეთრი ნახტომები გამოვლინდეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ, საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებთან შედარებით (2021 წლის ადგილობრივი არჩევნები), მხოლოდ 1000-მდე ხმით გაიუმჯობესა შედეგი, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 300 000-მდე ხმით.

ეს ნიშნავს, რომ გაზრდილმა აქტივობამ თითქმის სრულად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა.

„იმავეს მივიღებთ სუხოვოლსკის მეთოდის გამოყენებისას. რიცხვების ამ განაწილებას ვუწოდებთ ჰისტოგრამას, ჰისტოგრამის თხელ ნაწილს კი - კუდს. ამას მე ჩემს კვლევებში ვეძახი რუსულ კუდს, რადგან ხშირად გვინახავს იგი რუსეთში. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ იზრდებოდა იგი, როგორც სიმსივნე, და როგორ ჭამდა უბნების ჯანსაღ ნაწილებს“, - ამბობს რომან უდოტი.

„რუსეთის რეფერენდუმი“

რუსეთის 2020 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი, - რამაც ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა მისცა, კიდევ უფრო მეტად გაეხანგრძლივებინა მმართველობის ვადა, აჩვენა ხმის მიცემის დევიაციური მონაცემები.

შპილკინის ანალიზი მიანიშნებდა, რომ სარეფერენდუმო კითხვაზე დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმ უბნებზე, სადაც აქტივობაც მაღალი იყო, - რაც პოტენციურ დარღვევებზე მიანიშნებდა.

აი, ასე გამოიყურებოდა მონაცემები, რასაც კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნების პირობებში ზარის ფორმა უნდა ჰქონოდა:

„კუდი“ რუსეთის 2020 წლის რეფერენდუმის შედეგებში
„კუდი“ რუსეთის 2020 წლის რეფერენდუმის შედეგებში

რა შეიძლება „ანომალიების“ მიზეზი იყოს?

„ასეთი პატერნები ბევრ ქვეყანაში გვინახავს. ვაკვირდებოდით, როგორ ჩნდება ეს „კუდი“ და როგორ ქრება, როცა საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ იცვლება. გაყალბებულ არჩევნებში ასეთი რამის ხილვა უცნაური არ არის“, - ამბობს რომან უდოტი, „გოლოსის“ ხელმძღვანელი.

თეორიულად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „რუსული კუდი“ თუ სხვა ანომალიები შეიძლება არჩევნების გაყალბების ირიბ მტკიცებულებად გამოდგეს - ყალბი ბიულეტენების საარჩევნო ყუთში მოთავსების, ამა თუ იმ ფორმის „კარუსელების“, „ავტობუსებით ამომრჩევლის მიყვანის“.

მაგრამ როგორ შეიძლება, რიცხვებში ანომალიები „გაყალბების“ მტკიცებულება გახდეს? თუნდაც ირიბი.

ხომ არ შეიძლება, რომ ეს გადაცდომები სხვა რამით აიხსნას? მაგალითად, როგორიცაა:

  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
  • სოციალური დაცვის სისტემით მანიპულირება;
  • „ბენეფიციარის“ - ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ რეგიონებში საარჩევნო კამპანიის აქტიური წარმოება, განსხვავებით ოპოზიციისაგან.

„დიახ. ამ სამყაროში ყველაფერი შეიძლება განსხვავებულად აიხსნას. და ხელისუფლება რუსეთში ჩვენს ნებისმიერ მიგნებას სწორედაც ათასნაირად ხსნიდა… აი, როდესაც ქუჩაში ლოთი ისე იქცევა, როგორც იქცევა, ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრო, რატომ იქცევა ასე, მაგრამ, სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი, უბრალოდ, ბევრს სვამს. და როცა ჩვენ ამ „გაბნეულ წერტილებს“ ვაკვირდებით და ვხედავთ, ვიცით, რომ ეს არ არის ნორმალური“, - ეუბნება უდოტი რადიო თავისუფლებას.

„აი, სწორედ ასეთ დროს უნდა შევხედოთ მაგალითებს. მაგალითად, რუსეთს, სომხეთს, პოლონეთს. მოდით, ამ ეტაპზე შევჩერდეთ სომხეთზე, რომელიც ამ განსხვავების საილუსტრაციოდ იდეალური მაგალითია“, - ამბობს უდოტი.

ერევნის საკრებულოს არჩევნები - 2017 vs 2018

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საკრებულოს არჩევნები მიყოლებით ორ წელიწადში ჩატარდა - 2017 და 2018 წლებში.

2017 წელს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“ იყო, 2018 წელს კი - ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად მოსული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„ათასჯერ გამიგია ეს არგუმენტი: „სომხეთში რეგიონებში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს. მათ უბრალოდ მოსწონთ კორუმპირებული რესპუბლიკელები“. დღეს სომხეთში არავის ახსოვს რესპუბლიკური პარტიის სახელი! სარქისიანიც თითქმის დავიწყებულია, მაგრამ მაშინ მარწმუნებდნენ, რომ საყვარელი ლიდერი იყო“, - ამბობს ის.

მაინც, რა აჩვენა ამ ორმა არჩევნებმა?

„იგივე ვითარება. მათ ხმების იგივე, არანორმალური განაწილება ჰქონდათ. რევოლუციის შემდეგ ეს ანომალიები, უბრალოდ, გაქრა“.

აი, ასე გამოიყურებოდა „ზარი“ ხმების გადანაწილება 2017 წელს:

ერევნის საკრებულოს არჩევნები 2017 წელს
ერევნის საკრებულოს არჩევნები 2017 წელს

2017 წლის მაისში არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ 71.25% მოაგროვა, ფაშინიანის პარტიამ - მხოლოდ 21%.

2018 წლის მაისში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა. ვადამდელი არჩევნები 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა.

აი, ასე გამოიყურებოდა „ზარი“ 2018 წელს.

ერევნის საკრებულოს არჩევნები 2018 წელს
ერევნის საკრებულოს არჩევნები 2018 წელს

ფაშინიანის „ჩემი გზის“ ალიანსმა 81% მიიღო, თუმცა ამომრჩევლის ქმედებებში დევიაციები არ გამოვლენილა.

საარჩევნო დარღვევები - რას ამბობენ დამკვირვებლები

ექსპერტები ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, თუ რამხელა გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე შესაძლო მანიპულაციებმა.

ამაზე დამატებითი წარმოდგენა შესაძლოა, რეგრესული (მრავალცვლადიანი ფაქტორული) ანალიზის საფუძველზე შეიქმნას. თუმცა, რადიო თავისუფლებას არ აქვს ინფორმაცია ამ სტატისტიკური ოპერაციის საქართველოს არჩევნების შედეგებზე ჩატარების შესახებ.

ამავე დროს, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, და მათ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების „მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია“, რაც დასტურდება ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალებით.

კოალიცია აღწერს „არჩევნების გაყალბების“ 5-ეტაპიან სქემას და 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, - რაც არჩევნების სამართლიანად ჩატარების აუცილებელი პირობაა, რომლის დარღვევაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს.

საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარდა.

ცესკო ბრალდებებზე პასუხად აცხადებს, რომ ხმის ფარულობა დაცული იყო მაშინაც კი, თუ მონიშვნა მეორე მხრიდან ჩანდა.

„გაყალბებაზე“ პრეზიდენტის ბრალდებების შესახებ, ცესკომ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაიბარა, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყებას საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ მტკიცებულებებზე მიუთითა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG