Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანომალიური ხმები და პუტინი თურქმენბაშის გზაზე


ვლადიმირ პუტინი.2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ვლადიმირ პუტინი.2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

2024 წლის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის ჩატარებამდე ვლადიმირ პუტინმა ყველა შესაძლო ოპონენტი სხვადასხვა გზით მოიშორა, მან, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არჩევნების ისტორიაშიც კი ხმების რეკორდული რაოდენობა - 87%-ზე მეტი მიიღო.

მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა ამ მაჩვენებლით თვით ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც კი გადაუსწრო და ჩაეწერა პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ მმართველების რიგებში, რომელთა შედეგები ახლოსაა 100%-იან მაჩვენებელთან.

არჩევნებზე დაკვირვების და საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პუტინის მიერ მიღებულ ხმებში, სულ ცოტა, 22-30 მილიონი ფალსიფიცირებული („ჩაყრილი“) ბიულეტენი ურევია.

  • რაში დასჭირდება პუტინს ასეთი „რეკორდი“?
  • როგორ შეხვდა მსოფლიო პუტინიზმის ახალი ეტაპის დაწყებას?

არჩევნების ანალიტიკოსი და დამკვირვებელი, მოძრაობა „გოლოსის“ ერთ-ერთი წევრი, ივან შუკშინი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 22 მილიონი ხმა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, გაყალბებულია. ანალიტიკოსი ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც გააანალიზა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ე.წ. კისლინგ-შპილკინის მეთოდით, რომელიც ეფუძნება კენჭისყრის შედეგების სტატისტიკურ შედარებას სხვადასხვა აქტივობის უბნებზე.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ანექსირებულ ყირიმში. 2024 წ. მარტი
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ანექსირებულ ყირიმში. 2024 წ. მარტი

სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ამომრჩეველთა უფლებების დაცვის მოძრაობის, „გოლოსის“ ვებსაიტზე, ივან შუკშინი ამბობს, რომ პუტინისთვის მიცემული ანომალიური ხმების რაოდენობა, ქაღალდის (და არა ელექტრონული) ბიულეტენების მიხედვით, დაახლოებით 22 მილიონი იყო. „გოლოსი“ აღნიშნავს, რომ „ეს არის ყველაზე დიდი ჩაყრა რუსეთის არჩევნების ისტორიაში“.

ამასთან, შუკშინმა თავის ანალიზში არ გაითვალისწინა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე გამართული არჩევნების შედეგები. მკვლევარი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა აქტივობის მაჩვენებელი და პუტინის შედეგები კალკულატორით „გამოიყვანეს“. გარდა ამისა, მათ ხელოვნურად შეამცირეს სხვა კანდიდატის, ვლადისლავ დავანკოვის (პარტია „ნოვიე ლიუდი“) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ანალიტიკოსის აზრით, სინამდვილეში, დავანკოვმა შესაძლოა მიიღო ხმების 11%.

ვლადიმირ პუტინის მიერ ნაჩვენებ შედეგებთან დაკავშირებით ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ინტერნეტგამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ („მნიშვნელოვანი ამბები“) ჟურნალისტებიც, რომლებმაც ასევე გააანალიზეს ცესკოს მონაცემები კისლინგ-შპილკინის მეთოდით.

ჟურნალისტების გათვლებით, პუტინმა, სულ მცირე, 21,9 მილიონი ხმა მიითვისა. დამოუკიდებელმა საარჩევნო ექსპერტმა რომან უდოტმა განაცხადა, რომ მეცნიერული მეთოდით გაკეთებული გათვლები აჩვენებს 20-22 მლნ „ანომალიურ ხმას“, თუმცა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ მიიჩნევს, რომ პუტინმა თაღლითობის გზით დამატებით, სულ მცირე, 31,6 მილიონი ხმა მიიღო.

„სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, გამარჯვებული კანდიდატისა და მისი ოპონენტებისთვის მიცემული ხმები მხოლოდ აბსოლუტური მნიშვნელობით უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამასთან, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ბიულეტენების ჩაყრა ზრდის როგორც აქტივობას, ასევე შედეგებს, - განმარტავს გამოცემა, - ვლადიმირ პუტინისთვის მიცემული ასეთი ანომალიური ხმების რაოდენობა მინიმუმ ნახევარია. ეს არის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გაყალბების რეკორდული მასშტაბი“.

რეგიონების მიხედვით პუტინისათვის მიცემული ხმების რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერია ჩეჩნეთი, სადაც არჩევნების „წარმატებით ჩატარება“ რამზან კადიროვის პირადი პასუხისმგებლობაა. „საუკეთესო ხუთეულში“ ასევე მოხვდნენ რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები:

  • ჩეჩნეთი - 98.99%
  • ტუვა - 95.37%
  • ე.წ. დონეცკის რესპუბლიკა (ანექსირებული) - 95.23%
  • ყაბარდო-ბალყარეთი - 94.21%
  • ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკა (ანექსირებული) - 94.12%

რაც შეეხება აქტივობის მიხედვით შედგენილ ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

  • ჩეჩნეთი - 97.06%
  • კემეროვოს რეგიონი - 96.41%
  • ყაბარდო-ბალყარეთი - 95.8%
  • ტუვა - 95.59%
  • იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქი - 94.11%

კარნეგის ფონდის მკვლევარმა თემურ უმაროვმა გამოაქვეყნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერების მიერ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების რეიტინგი, რომელშიც პუტინი მხოლოდ მე-18 ადგილს იკავებს, რადგან თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა არაერთ არჩევნებში მიიღეს ხმების მეტი რაოდენობა:
საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენეთი), 1992: 99.50%
საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენეთი), 1992: 99.50%
ჰეიდარ ალიევი (აზერბაიჯანი), 1993 წელი: 98.73%
ჰეიდარ ალიევი (აზერბაიჯანი), 1993 წელი: 98.73%
ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთი), 2015 წელი: 97.75% ემომალი რაჰმონი (ტაჯიკეთი), 1999: 97.60%
ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთი), 2015 წელი: 97.75% ემომალი რაჰმონი (ტაჯიკეთი), 1999: 97.60%
კურმანბეკ ბაკიევი (ყირგიზეთი), 2005 წელი: 88.72%
კურმანბეკ ბაკიევი (ყირგიზეთი), 2005 წელი: 88.72%
ისლამ ქარიმოვი (უზბეკეთი), 2000 წელი: 91.95%
ისლამ ქარიმოვი (უზბეკეთი), 2000 წელი: 91.95%
ვლადიმირ პუტინი, 2024 წელი: 87.28%
ვლადიმირ პუტინი, 2024 წელი: 87.28%
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: 83.47%
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: 83.47%

დასავლეთის რეაქცია

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მიერ ნაჩვენებ „თურქმენულ შედეგებს“ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა არათავისუფალი და უსამართლო უწოდეს.

გერმანიის მთავრობამ რუსეთში გამართულ არჩევნებს უწოდა: „ფსევდოარჩევნები ავტორიტარულ მმართველობაში, რომელიც დაფუძნებულია ცენზურაზე, რეპრესიებსა და ძალადობაზე“.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, როგორც მისმა პრესმდივანმა განაცხადა, არ აპირებს პუტინისათვის მილოცვას. „წერილი არ იქნება“, - თქვა მან.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის პრეზიდენტი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის პრეზიდენტი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები კიდევ ერთხელ არ შესრულდა. არჩევნები ჩატარდა მიუკერძოებელი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე“.

„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის კანონიერი, თავისუფალი და სამართლიანი, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, - კენჭისყრა ჩატარდა მოსახლეობის მიმართ მკაცრი რეპრესიების პირობებში, რამაც შეუძლებელი გახადა თავისუფალი დემოკრატიული არჩევანის გაკეთება“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ „პუტინი ანადგურებს პოლიტიკურ ოპონენტებს, აკონტროლებს მედიას და შემდეგ საკუთარ თავს აკურთხებს გამარჯვებულად, რაც არ არის დემოკრატია“.

კამერონმა მიუთითა ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების დისკვალიფიკაციაზე, ალექსეი ნავალნის სიკვდილსა და არჩევნების უკრაინაში (ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში) ჩატარებაზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთში არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ნების დემოკრატიულ გამოხატულებად. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვილნიუსი არ ცნობს ასეთი არჩევნების შედეგებს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი

„ეს არის არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ - ავტორიტარული ძალაუფლების თვითდამკვიდრების რიტუალი. რუსეთის არჩევნები არც სამართლიანია და არც თავისუფალი“, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი ავტორიტარული საზოგადოებაა. არანაირი რეალური ოპოზიცია არ არსებობს. მათ, ვისაც გამბედაობა ჰყოფნის, პრეზიდენტ პუტინს წინ აღუდგეს, ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ, ან ციხეში სვამენ, ზოგს კი სულაც კლავენ, როგორც ვნახეთ კიდეც ალექსეი ნავალნის შემთხვევაში" - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადება კი რეპრესიებისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის გარდა, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვმა, ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით, არ მიიწვია დამკვირვებლები ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან.

ბორელი ასევე შეეხო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონონო არჩევნებს:

„ევროკავშირი კვლავ იმეორებს, რომ არ ცნობს და არასოდეს აღიარებს არც ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკრაინის ტერიტორიაზე და არც მის შედეგებს. ამ „არჩევნებს“ არ აქვს იურიდიული ძალა და მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი“.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები უკრაინის ტერიტორიაზე. 2024 წლის მარტი
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები უკრაინის ტერიტორიაზე. 2024 წლის მარტი

„ეს არჩევნები აშკარად არც თავისუფალია და არც სამართლიანი, იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა პუტინმა პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილს კი არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მობილიზაცია იქნება

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ არავის სჯეროდა, რომ ეს ნამდვილი არჩევნები იქნებოდა.

„ნამდვილი არჩევნები რუსეთში დიდი ხანია არ ჩატარებულა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი, რომლის თქმითაც, არც ბაიდენის ადმინისტრაცია და არც სხვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები არ იტყვიან, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები:

„თუმცა, რაც შეეხება პუტინის პრეზიდენტად აღიარებას. პრეზიდენტი ბაიდენი არ იტყვის, რომ პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი. ყველა სხვა ლიდერიც ამას გააკეთებს, რადგან მათ სურთ პუტინთან რაიმე სახის კონტაქტის დამყარება“.

მაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი

მაკფოლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე საქმეები ცუდად არ მისდის, პუტინი მაინც გამოაცხადებს მობილიზაციას:

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მას მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. არ ვარ სამხედრო, ამიტომ არ მინდა ვილაპარაკო ისე, თითქოს სამხედრო ვიყო, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ჯარში მსახურობდა, მათ შორის გენერლებიც, სერიოზული ხალხი. ჩვენი გენერლები ამბობენ, რომ მას მეტი ჯარისკაცი სჭირდება. იმისათვის, რომ რაღაც რადიკალურად განსხვავებული გააკეთოს რუსეთმა, მეტი ჯარისკაცი სჭირდება“.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა, რომელიც სასჯელს იხდის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით, თავის Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ უხეშად გააყალბა პუტინმა არჩევნები. იაშინის თქმით, პუტინმა, რომელსაც სრული კონტროლი აქვს ხმის მიცემის პროცესზე, არ შექმნა კონკურენციის ილუზიაც კი, რითაც თავის გამარჯვებას მეტ ლეგიტიმაციას შესძენდა:

ილია იაშინი თავის სასამართლო პროცესზე. 2022 წლის 9 დეკემბერი
ილია იაშინი თავის სასამართლო პროცესზე. 2022 წლის 9 დეკემბერი

„შეიტანე ბიულეტენში ორიოდე ისეთი ადამიანი, რომელთა გვარები, მათი ცოლებისა და შვილების გარდა, სხვა ვინმესთვისაც არის ცნობილი. აჩვენე კონკურენცია, მოუშვი ქანჩები, გამოთქმის საშუალება მაინც მიეცი ადამიანებს და დაიწერე არა 87, არამედ, მაგალითად, 57 პროცენტი, რათა ხალხს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ნამდვილი არჩევნები ჩატარდა და, რომ შენ პატიოსნად მიიღე ძალაუფლება“.

თუმცა, ილია იაშინის თქმით, პუტინს ასე არ შეუძლია, რადგან „მან ჯერ უნდა ამოხოცოს ყოველივე ცოცხალი, შემოიკრიბოს გარშემო ჯუჯები და ფროიდისტული კომპლექსების დასაკმაყოფილებლად ტრიუმფით დადოს მაგიდაზე თავისი უზარმაზარი რეიტინგი“.

„ტფუი, უბადრუკი სანახაობა, - წერს ილია იაშინი, - ალბათ, ამ „არჩევნების“ შედეგმა აპათიაში უნდა ჩააგდოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ომის წინააღმდეგია. როგორც ჩანს, ასე იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ასეთი არჩევნები დიქტატორის სიძლიერის ნიშანი კი არა, საკუთარი თავის მხილებაა“.

ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის მარტში მეხუთედ იყარა კენჭი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუ არაფერი შეიცვალა, 2030 წელს, როცა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოიწურება, პუტინი, რომელიც იმ დროისთვის 77 წლის იქნება, კონსტიტუციის შესაბამისად, მორიგი ვადით შეძლებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. წინა არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ პუტინმა თურქმენეთის ლიდერის, საფარმურატ ნიაზოვის რეკორდიც (99.5%) კი დაამხოს:

ვლადიმირ პუტინი, 2000 წელი: 52.94%
ვლადიმირ პუტინი, 2012 წელი: 63.60%
ვლადიმირ პუტინი, 2004 წელი: 71.31%
ვლადიმირ პუტინი, 2018 წელი: 76.69%
ვლადიმირ პუტინი, 2024 წელი: 87.28%
ვლადიმირ პუტინი, 2030 წელი: ?

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG