წინა საპარლამენტო არჩევნებთან (2020 ) კი „ქართული ოცნების“ ხმების ნამატი 190 000-ზე მეტია, ოპოზიციისა - 43 000.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.
რით შეიძლება შედეგები აიხსნას? რა შეიცვალა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში?
ოპოზიციური სპექტრი გაიშალა, „ქართული ოცნება“ დატოვა 2020 წლის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანდათან დაუპირისპირდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში, მიიღო რუსული სტილის კანონები, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და… მისი მხარდაჭერა გაიზარდა.
919 vs 300 000 - რას ამბობენ რიცხვები
არჩევნების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ სამ წელიწადში დამატებით 294 298 ხმა მიიღო.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - რასაც ოპოზიცია რეფერენდუმად აღიქვამდა, - „ქართულ ოცნებას“ 824 755 ხმა ჰქონდა, 2024 წელს კი მას, ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, 1 119 053-მა ადამიანმა მისცა ხმა.
2021 წლის არჩევნები „შარლ მიშელის შეთანხმების“ შემდეგ ჩატარდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში ჯამში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს დააგროვებდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
ეს სცენარი „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედიოდა. აქტივობამ, საბოლოოდ, 51.92% შეადგინა.
2024 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, პროდასავლურმა ოპოზიციამ ამ სამ წელიწადში მხოლოდ 919-ით მეტი ამომრჩევლის მიმხრობა მოახერხა.
2021 წელს პროდასავლური პარტიების ხმების საერთო რაოდენობამ 860 868 ხმა შეადგინა, 2024 წელს კი - 861 085. ეს რიცხვი 3111-დან 3110 უბნის დათვლის შედეგადაა მიღებული. ამ ერთ უბანში - მარნეულში - ბიულეტენების ჩაყრის შემდეგ, კენჭისყრა შეწყდა და შედეგები გაუქმდა.
შენიშვნა: 2020 წელს ოპოზიციის ხმებში შედის შემდეგი პარტიების მიღებული ხმები:
- „ნაციონალური მოძრაობა“
- გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი
- ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“
- „გირჩი“ - დაშლამდე
- „ევროპული საქართველო“
- „ლეიბორისტები“
- „ლელო“
2021 წელს ოპოზიციის ხმებში კი შედის შემდეგი პარტიების მიღებული ხმები:
- „ნაციონალური მოძრაობა“
- გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“
- გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“
- ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“
- „გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძის გარეშე
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „ევროპული საქართველო“
- „ლეიბორისტები“
- „ლელო“.
პოლიტიკური ცვლილებები
2020-21 წლების შემდეგ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე არაერთი ცვლილება მოხდა.
დასრულდა პანდემია. დაიწყო ეკონომიკური აღდგენა, მათ შორის საქართველოში.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო; ამ ომმა ბოლომდე გამოკვეთა ის, რასაც საქართველოს პარტნიორები „ქართული ოცნების“ მთავრობის ანტიდასავლურ შემობრუნებას უწოდებენ.
პარალელურად მოხდა გადანაცვლებები შიდაპოლიტიკურ ველზე: გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ გამოეყო და დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში არაერთ მუნიციპალიტეტში მოახერხა მნიშვნელოვანი ხმების მოგროვება. „გირჩი“ გაიყო. „ლელო“ გამსხვილდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე, ძველი პოლიტიკური ლიდერებისა და ახლად დაფუძნებული „თავისუფლების მოედნის“ ხარჯზე.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფარულად შემოვიდა და დააპატიმრეს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 13 თვე გაატარა საპატიმროში საქმეზე, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო ნიკა მელია, რომელმაც მოგვიანებით ნიკა გვარამიასთან ერთად დააარსა პარტია „ახალი“. მათ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად „ახალი-გირჩი-დროა“ დააფუძნეს.
ენმ-ს დაუბრუნდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე; 2024 წელს კი შეუერთდა ბევრი ახალი სახე. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გახდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური შემობრუნების პარალელურად, მმართველი გუნდისა და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო; „ოცნებამ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ წამოიწყო.
ბიძინა ივანიშვილი მესამედ შემობრუნდა საჯარო პოლიტიკაში.
„ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა (მათ დააარსეს პარტია „ფედერალისტები“, რომელსაც წელს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია), დარჩენილი კაკო ბობოხიძე და გიგი წერეთელი კი „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ მეორედ მიიღო „აგენტების კანონი“; ალაპარაკდა „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების შესახებ ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, დაუპირისპირდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს; შედეგად, ევროინტეგრაცია დე ფაქტო შეჩერდა, შტატებმა კი საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო და სავიზო და ფინანსური სანქციები დააწესა „ოცნების“ პოლიტიკოსების, მოსამართლეებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ.
რა მიანიშნებდა 2020-დან 2024 წლამდე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გაძლიერებაზე?
„საფუძველს მოკლებულია“ - სოციოლოგი
„ასეთი მატება 300 000 და 200 000 ხმით საფუძველს მოკლებულია. არ არის რეალური და დიდწილად, სავარაუდოდ, მანიპულაციებს უკავშირდება“, - ეჭვობს იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი.
რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა: „საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რაც თქვენ ჩაგიტარებიათ, ასევე, გინახავთ, - გარდა „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევებისა, - აჩვენებდა მსგავს ტენდენციას?“
„არა. [კვლევები] ასეთ შესაძლებლობას არ უშვებდა. პრინციპულად“, - ამბობს იგი.
„ერთადერთი არგუმენტი არსებობს საამისოდ, თუ რატომ შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ გამრავლებოდა ამომრჩეველი - ომის შიში, ანუ ის, რასაც „ქართული ოცნება“ ეყრდნობოდა ბოლო წუთამდე. ეს იყო მისი ლამის ერთადერთი წარმატებული საკომუნიკაციო გზავნილი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მშვიდობის ფასი კიდევ უფრო საცნაური გახდა ქართველი ამომრჩევლისთვის. მხოლოდ ამ წყაროს შეეძლო ამომრჩევლის გამყარება, ოღონდ არა ამ დოზით. ეს მათ მხარეს ერთი „პლუსია“, მაგრამ რამდენი „მინუსის“ საპირწონედაც არის, არ შეიძლებოდა, ასეთი ეფექტი ჰქონოდა“, - ვარაუდობს კაჭკაჭიშვილი.
დამთხვევა/აცდენა
პროსახელისუფლებო ტელეარხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევები წინა წლებში მეტწილად ძლიერ იყო აცდენილი ცესკოს ოფიციალური შედეგებს.
ოპოზიციური ტელეარხების, „რუსთავი 2-ისა“ (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე) და „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლები კი, ასევე მეტწილად, ორიოდე პროცენტით განსხვავდებოდა ცესკოს გამოცხადებული შედეგებისაგან. საუბარია უშუალოდ ეგზიტპოლებზე და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომელთა მონაცემებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა კენჭისყრის შედეგებისაგან.
წელს კი პირიქით მოხდა.
2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, „იმედმა“ ეგზიტპოლი „ფსიქოპროექტს“ შეუკვეთა. ეგზიტპოლის თანახმად, ზურაბიშვილმა 52.3% მიიღო, - რეალურად კი მან 38.64% მიიღო. ედისონის მონაცემები 40% იყო.
2020 წელს „იმედის“ დაკვეთით Public Opinion Strategies-ის ეგზიტპოლი „ოცნების“ 55%-იან მოგებას წინასწარმეტყველებდა. „ედისონისა“ - 46%-ს. ცესკოს თანახმად, მმართველმა გუნდმა 48.2% მიიღო.
2021 წელს „გორბის“ ეგზიტპოლი კახა კალაძეს 51.3%-ს უწინასწარმეტყველებდა, „ედისონი“ - 43%-ს, ცესკოს შედეგების თანახმად კი მან 45% მიიღო.
2024 წელს „გორბის“ ეგზიტპოლმა 56.1% იწინასწარმეტყველა, „ედისონმა“ - 40.9%, ცესკოს თანახმად კი მმართველმა გუნდმა 53.9% მიიღო.
„12%-იანი განსხვავება [„ედისონისგან“] უბრალოდ წარმოუდგენელია“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ტოტალური გაყალბება“ - პრეზიდენტი
„როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე დღეს და მოსახლეობას 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრება შესთავაზა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ხერხი და დამატებით, ტექნოლოგიები, „რათა გაეთეთრებინა გაყალბება“.
ამ აზრზე არიან მსხვილი ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლები პრეზიდენტთან ერთად იდგნენ 27 ოქტომბრის საღამოს საგანგებო ბრიფინგზე.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებში გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.
ამაზე ამახვილებენ ყურადღებას პარტიებიც და სისტემურ დარღვევებს შორის ასახელებენ:
- ამომრჩეველთა დაშინებას,
- მოსყიდვას,
- პირადობის მოწმობებით მანიპულირებას,
- საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე ზეწოლას, ასევე, მათ დაშინებას,
- ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობებით მანიპულირებას და ა.შ.
პარტიების ნაწილის თქმით, ისინი მუშაობენ მყარი მტკიცებულებების დასამუშავებლად.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა: „მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოსდა ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, იმთავითვე უსაფუძვლოა“.
საქართველოს პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებით (გიორგი გახარიას გარდა) გარემოცული იდგა, ახსენა „რუსული სპეცოპერაციაც“.
„რუსეთის ჩარევა“
არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, 24 ოქტომბერს, ლიეტუვურ გამოცემა „დელფისთან“ ინტერვიუში გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა, - რომელზეც, თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული, - ისაუბრა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმში რუსეთის ჩარევაზე. იმავე ინტერვიუში ისაუბრა საქართველოზეც.
„რუსეთს შეუძლია უზრუნველყოს პრორუსული რეჟიმის არსებობა საქართველოში მხოლოდ არჩევნების რადიკალური გაყალბებით, მმართველი პარტიის „სუპერუმრავლესობის“ წარმოუდგენელი შედეგის ჩვენებით, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას“, - ივარაუდა მან, და განმარტა, რომ ვარაუდის საფუძველს გაჟონილი დოკუმენტები აძლევდა.
გროზევის თქმით, ცოტა ხნის წინ გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში ჩავარდნილი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა შიდა კომუნიკაცია აჩვენებდა, რომ 2024 წლის დასაწყისში რუსეთის სპეცსამსახურებს არ სჯეროდათ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და საუბრობდნენ „რადიკალურ ზომებზე“ „ახალი სომხეთის“ თავიდან ასაცილებლად.
„მართალია, მე არ მინახავს რადიკალური ზომების კონკრეტული გეგმა, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს ბელარუსული სცენარის გამოყენებას: მოილაპარაკოს მმართველ პარტიასთან, რათა გამოცხადდეს ამ პარტიის სიმართლესთან შეუსაბამო მეგაგამარჯვება (შესაძლოა, რომელიმე მცირე პარტიასთან ერთად, რომელიც მზაობას გამოხატავს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შესაქმნელად). ასეთი თავხედური თაღლითობა აუცილებლად გამოიწვევს მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებსაც შემდეგ ჩაახშობენ უპრეცედენტოდ რეპრესიული ძალით - იმის მსგავსით, რაც ბელარუსში გამოიყენეს 2020 წელს. თუ რუსეთის გეგმა იმუშავებს, ეს იქნება დასასრული იმ თავისუფალი საქართველოსი, რომელსაც ვიცნობთ“, - თქვა გროზევმა.
ბულგარული წარმომავლობის ხრისტო გროზევი 2015 წლიდან 2023 წლის თებერვლამდე საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ში რუსეთის წამყვანი მკვლევარი იყო. 2018 წელს ნოვიჩოკით მოწამვლის საქმის გამოძიებამ გროზევს და მის გუნდს მოიტანა ევროპული პრემია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. ახლა ის Insider-ის წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორია.
სწორედ გროზევია ერთ-ერთი ავტორი 2024 წლის აპრილის ჟურნალისტური გამოძიებისა, რომლის თანახმადაც, „ჰავანის სინდრომი“ - ჯერაც ამოუხსნელი, „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი“, რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, - თბილისშიც დაფიქსირდა.
„რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში 25 ოქტომბერს.
კიდევ რამდენიმე დღით ადრე, 21 ოქტომბერს, გამოცემა Bloomberg-მა დაწერა, რომ რუსი ჯაშუშები აკვირდებოდნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს ჰაკერული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, საქმე ეხება 2017-დან 2020 წლამდე სხვადასხვა პერიოდს, როდესაც რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს.
გამოცემა თავდასხმის ობიექტებს შორის ახსენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. ცესკომ, გამოცემის თანახმად, თქვა, რომ 2021 წლის 5 აპრილს მათ სერვერებზე DDoS თავდასხმა მოხდა, თუმცა ამას „არ ჰქონია გავლენა“ მათ სისტემებზე.
ფორუმი