Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს


"არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება", - თქვა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. 27 ოქტომბერი, 2024 წელი
"არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება", - თქვა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად. 27 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება მან გააკეთა ორბელიანების სასახლეში, სადაც მის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იდგნენ.

ბრიფინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები და ასევე "გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.

"მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, "ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ არჩევანს". მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო "ტოტალური გაყალბება", "ხმების ტოტალური წართმევა".

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა და დამატებით - ტექნოლოგიები, "რათა გაეთეთრებინა გაყალბება".

"ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. რამდენიმე თვის წინ ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო რუსული კანონი და მთელი რიგი რუსული კანონები.

ისინი ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთან, ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა ფორმით..."

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად დადგნენ და გამოაცხადონ, რომ "არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას".

"ეს არჩევნები არ შედგა, არ იქნა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს".

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.

ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG