"ჩვენ, გახსოვთ, ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა, როდესაც საუბარია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაზე", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა მსჯავრდადებული, კლინიკა "ვივამედში" მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა შევიდეს და მათ ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.
"რა თქმა უნდა, პარლამენტში არ უნდა შევიდეს არავინ! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო და იმაზე წუხილი, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დიდი საპროტესტო აქციების დროა. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დასაკარგი დრო არ გვაქვს!" - წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, საპარლამენტო მანდატებზე საჯაროდ თქვა უარი "კოალიციამ ცვლილებებისთვის". კოალიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განაცხადა, რომ "არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არალეგიტიმური".
"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.
მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - თქვა მან ბრიფინგზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი