Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Sunday Times: ზვიგენების მფლობელი ოლიგარქი საქართველოს არჩევნებში გამარჯვებას აცხადებს


ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოდის "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში. თბილისი, 26 ოქტომბერი, 2024.
ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოდის "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში. თბილისი, 26 ოქტომბერი, 2024.

ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა 26 ოქტომბრის სტატიაში „ზვიგენების მფლობელი ოლიგარქი საქართველოს არჩევნებში გამარჯვებას აცხადებს“, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

სტატია იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული მონაცემებით, რომელთა თანახმად, არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ჯამში ვერ დააგროვეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები.

შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ:

„მაგრამ როცა [„ქართული ოცნება“] დაწინაურდა, ყველას მზერა მიიმართა განდეგილი მილიარდერისკენ, რომელიც კულისებიდან მართავს ქვეყანას - ბიძინა ივანიშვილისკენ, რომელმაც ადგილობრივი დროით 20 საათისთვის საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ოფიციალური შედეგების დათვლამდე, გამოაცხადა გამარჯვების შესახებ.

„გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა დიდ წარმატებებს მიაღწევს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში,“ უთხრა ივანიშვილმა თავის მომხრეებს აპლოდისმენტებისა და მხარდამჭერი შეძახილების ფონზე.

ივანიშვილი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკაში. ის ძალაუფლებას აღასრულებდა თავისი სახლიდან, რომელიც გადაჰყურებს დედაქალაქ თბილისს და რომელიც სავსეა გარეული ცხოველების (მათ შორის ზვიგენების), იშვიათი ხეებისა და თანამედროვე ხელოვნების უზარმაზარი კოლექციით.

ოლიგარქი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობდნენ, გამკლავებოდნენ გამოწვევას ოპოზიციური პროდასავლური ჯგუფების ალიანსის მხრიდან, რომლებსაც მთავრობა ადანაშაულებს, რომ მათ სურთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაითრიონ.

„ეს არის კამპანია, რომელშიც ოპოზიცია გამოდის ევროპის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ივანიშვილი კი ომის შიშის პოზიციაზე დგას,“ უთხრა The Sunday Times-ს გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა და მოკავშირემ, რომელიც ივანიშვილის მკაცრ კრიტიკოსად იქცა.

არჩევნებამდე ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ დააპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ გამოუცხადებენ იმპიჩმენტს სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის პროევროპელ პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი იყო 2004-2013 წლებში, 2021 წლიდან ციხეშია ბრალდებებისთვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დამცველები „პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებენ.

ზურაბიშვილმა საკვანძო მნიშვნელობის ოპოზიციურ პარტიებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში მას ნება მისცენ, შექმნას ტექნოკრატიული მთავრობა.

68 წლის ივანიშვილმა თავისი უზარმაზარი ქონების დაგროვება - Forbes-ის შეფასებით 4,9 მლრდ დოლარისა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეექვსედია - 1990-იანი წლების რუსეთში დაიწყო საყოველთაო განუკითხაობისას, რომელიც მოჰყვა კომუნიზმის დამხობას. მოსკოვის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ მან კომპიუტერებითა და ტელეფონებით ვაჭრობა დაიწყო, მაგრამ მალე გადავიდა საბანკო სისტემასა და ლითონებზეც.

2003 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოიპოვა საიდუმლოებით მოცული, თავმდაბალი ფილანთროპის რეპუტაცია. ბევრს, მათ შორის სააკაშვილს, რომელიც მოგვიანებით მის დაუძინებელ მტრად იქცა, ეუბნებოდა, რომ არასოდეს წავიდოდა პოლიტიკაში.

ვითარება შეცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ივანიშვილმა ოპოზიცია გამარჯვებამდე მიიყვანა და პრემიერ-მინისტრი გახდა. მართალია, თანამდებობაზე ყოფნის 13 თვეზე უფრო ნაკლებ დროში გადადგა, მაგრამ კვლავაც განაგებდა „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას.

თავდაპირველად ის და მისი პარტია მტკიცე პროევროპელები იყვნენ. „ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო პროდასავლურ გზასთან,“ იხსენებს თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი და „ქართული ოცნების“ წევრი ყოფილი დეპუტატი.

მისი სიტყვებით, მომდევნო წლებში ოლიგარქის პოლიტიკამ რადიკალურად ანტიდასავლური, ავტორიტარული ხასიათი შეიძინა. ეს მოიცავდა იმ გამანადგურებელი ომისთვის დასავლეთის და სააკაშვილის მაშინდელი მთავრობის ბრალდებას, რომელშიც საქართველო რუსეთს ებრძოდა 2008 წელს.

რიტორიკას თან ახლდა მოქმედებები, კერძოდ, სადავო კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღეს მაისში და რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უზარმაზარი ჯარიმები ემუქრებათ. ასევე მიღებულ ქნა ლგბტ ადამიანთა უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.

„ეს ისეთი ცინიზმია!“ - დასძენს ჩუგოშვილი, რომელიც 2019 წელს გადადგა. „2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთ-ერთი პირველი იყო, რაზეც მუშაობდა „ქართული ოცნება“. ახლა, ათი წლის შემდეგ, მთავრობა ამ ღირებულებებიდან უკან იხევს“.

მთავრობა კვლავაც სთავაზობდა ქართველებს ევროკავშირის პერსპექტივას და 2022 წლის მარტში ოფიციალურად შეიტანა გაწევრიანების განაცხადი, ერთ თვეში მას მერე, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში. ამავე დროს თავისი ტირადების სერიაში უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ივანიშვილი დასავლეთს „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებდა.

ივანიშვილის პოზიცია შეიძლება არალოგიკურად გამოიყურებოდეს. ის რეგულარულად იმეორებს, რომ ეშინია რუსეთის და იმის, რომ საქართველო მოსკოვის წინააღმდეგ სისხლიან კონფლიქტში შეიძლება იქნეს ჩათრეული. მაგრამ ამ კონფლიქტის საფრთხეზე საუბართან ერთად ის სულ უფრო მეტად ავითარებს ავტორიტარულ შეხედულებებსა და არალიბერალურ სოციალურ პოლიტიკას, რაც მას, ზედაპირულ დონეზე მაინც, აახლოებს კრემლის ღირებულებებთან.

მაგრამ დასავლეთს მოთმინების ფიალა ევსება ივანიშვილთან დაკავშირებით. ივნისში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გაყინეს საქართველოს განაცხადი გაწევრიანებაზე და შეაჩერეს ზოგიერთი სახის დახმარება. ამის შემდეგ, მიმდინარე თვეში, ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა უსაფრთხოების საკითხებზე თავისი ყოველწლიური დიალოგი თბილისთან.

ამერიკამაც შეაჩერა დახმარება და შემოიღო სანქციები, უკანასკნელად გასულ თვეში - მთავრობის ორი ოფიციალური პირისა და პრორუსული მოძრაობის ორი წევრისადმი. ასევე მან სავიზო რეჟიმი გაუმკაცრა 60-ზე მეტ ქართველს, მათ შორის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, რომლებიც მან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

როგორც ჩანს, ივანიშვილმაც დაასკვნა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ამბობს კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლი, გიორგი გახარია, რომელიც 2019 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ 2021 წელს გადადგა და ახლა სათავეში უდგას ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას „საქართველოსთვის“.

„ბოლოს ის მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდება დასავლეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევა თავისი პირობებით, ვინაიდან ეს უბრალოდ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიის წესებს,“ თქვა მან.

გახარია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და „ქართული ოცნება“ დატოვა მაშინ, როცა ივანიშვილმა დაარღვია დაპირება, რომ წავიდოდა პოლიტიკიდან. „მივხვდი, რომ ქვეყანას რუხი ზონიდან მართავს. ეს ნამეტანი იყო,“ თქვა მან.

გასულ კვირაში სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გახარიას ციხეში ჩასვამს, დააბრალა რა მას და მის პარტიას შეთქმულებაში მონაწილეობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით. „რა თქმა უნდა, მათ მკაცრი სასჯელი დაიმსახურეს და პირობას გაძლევთ, ისინი ამას მიიღებენ,“ თქვა ივანიშვილმა.

გახარიასთვის ეს არის იმის კიდევ ერთი საბუთი, თუ რამდენად ყოვლისშემძლედ მიაჩნია თავი ოლიგარქს. „სამწუხაროდ ესაა, რასაც ნიშნავს ამ ქვეყანაში ძალაუფლების კონსოლიდაცია.“ თქვა მან.

გახარიამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები არასოდეს იყო „შესანიშნავი“, მაგრამ დასძინა: „ამ ქვეყანაში აღარ არის არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი“, და ჩამოთვალა საარჩევნო კომისიის, სახალხო დამცველის ოფისის, ეროვნული ბანკის, ანტიკორუფციული სააგენტოსა და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები, რომლებიც საბოლოო ანგარიშით ოლიგარქს ემორჩილებიან.

არჩევნებამდე ბევრნი შიშობდნენ, რომ განმეორდებოდა ძალადობა, რომელიც ვნახეთ „უცხოეთის აგენტების კანონის“ გამო საპროტესტო გამოსვლებისას, რომელთა ჩახშობასაც ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით ეცადნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მთავრობამ შეიძინა წყლის ჭავლის ახალი მანქანები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტები, რომლებიც „საჭიროების შემთხვევაში“ იქნება გამოყენებული.

არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ საქართველოს მომავლის, არამედ სააკაშვილის ბედისთვისაც. წინააღმდეგობრივი ფიგურა, რომელიც კორუფციისა და ავტორიტარიზმის ბრალდებებითაა დამძიმებული, ექვსწლიან ვადას იხდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, რასაც Amnesty International-ი და სხვები „პოლიტიკურ შურისძიებად“ აღიარებენ. ბევრნი მას კვლავაც მიიჩნევენ ივანიშვილის მთავარ მტრად, მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმაა.

The Sunday Times-ისთვის თავისი საკნიდან გამოგზავნილ ხელნაწერ კომენტარში ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოლიგარქს მისი ციხეში ტანჯვა სურს, ვინაიდან ჯერაც ეშინია მისი გავლენისა.

„მე რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოდ ვიქეცი მთელს რეფორმირებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში,“ დაწერა მან. „ასე რომ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა და მოსკოვიდან გაცემული განკარგულებები. პლუს, ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუკი საქართველოში თავისუფლად სიარულს შევძლებ, ეს მისი მმართველობის ძალიან სწრაფი დასასრულის ნიშანი იქნება.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG