Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გვაჩვენე შენი ერთგულება“ - ლატვიაში რუსულენოვანმა მოსახლეობამ ან ენის ტესტი უნდა ჩააბაროს, ან ქვეყნიდან წავიდეს


რუსულენოვანი ადამიანები ესწრებიან ლატვიური ენის გაკვეთილს. რიგა, მაისი, 2023 წელი.
რუსულენოვანი ადამიანები ესწრებიან ლატვიური ენის გაკვეთილს. რიგა, მაისი, 2023 წელი.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ლატვიაში მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ, მაგრამ ვერ ჩააბარეს ლატვიური ენის სავალდებულო გამოცდა, წერილებს იღებენ, რომლებითაც მათ ატყობინებენ, რომ თუ ქვეყანას 30 დღეში არ დატოვებენ, „იძულებითი დეპორტაცია“ დაემუქრებათ.

წერილებს ლატვიის მიგრაციის სამსახური აგზავნის, მათი ადრესატები კი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეები (ძირითადად 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები) არიან, რომლებიც ლატვიაში საბჭოთა კავშირის დროს ჩავიდნენ და მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ლატვიის პასპორტის მოპოვების ნაცვლად, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტეს.

ისინი ლატვიაში ცხოვრობენ მუდმივი ბინადრობის ნებართვით, მაგრამ, როგორც წესი, არ საუბრობენ ლატვიურად და ნაკლებად ინტერესდებიან ლატვიური კულტურით. ისინი ცნობებს რუსული მედიიდან იღებენ და ხშირად პრორუსულად არიან განწყობილი. ლატვიელებს არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა.

„მე არ გავიარე კურსები, იმიტომ, რომ უბრალოდ ფული არ მაქვს“, უთხრა ერთმა რუსულენოვანმა ქალმა Current Time-ს ენის ტესტირების ცენტრის შესასვლელთან. „სამ თვეში ერთხელ ვიღებ პენსიას 340 ევროს და ისინი რიგიდან მიგზავნიან [რაღაც] ქაღალდს, რომელშიც მეუბნებიან, რომ 70 ევრო უნდა გადავიხადო ამაში“.

„დიდი ალბათობით, ვერ ჩავაბარე. უბრალოდ რამდენიმე კითხვას ვუპასუხე“, - ამბობს ხანში შესული კაცი და ამატებს: - „არ არსებობს სფერო, ადგილი, სადაც ლატვიურ ენაზე საუბარს შევძლებდით“.

2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, ლატვიის პარლამენტმა მიგრაციის კანონი შეცვალა. ახლა, ლატვიაში ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად, რუსული პასპორტის მფლობელებმა უნდა დაადასტურონ ლატვიური ენის ცოდნა - აჩვენონ, რომ შეუძლიათ ამ ენაზე საუბარი. მაგრამ ეს გამოცდა ლატვიაში მცხოვრებ ბევრ რუსს არ ჩაუბარებია. ზოგი ჩივის, რომ მათთვის რთულია მათ ასაკში უცხო ენის სწავლა, ზოგი კი უბრალოდ უარს ამბობს.

საბჭოთა არმიის მონუმენტის დემონტაჟი ლატვიის დედაქალაქ რიგაში. 23 აგვისტო, 2022.
საბჭოთა არმიის მონუმენტის დემონტაჟი ლატვიის დედაქალაქ რიგაში. 23 აგვისტო, 2022.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გამოცდაში ათასზე მეტი რუსი ჩაიჭრა. ლატვიის კანონმდებლობის მიხედვით, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ლატვიის ბინადრობის ნებართვა (მათ შორის, მუდმივი ბინადრობის) უქმდება და ადამიანი კარგავს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას. გასული 12 თვის განმავლობაში, მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისმა (PMLP) გასცა 63 ბრძანება ასეთი ადამიანებისთვის ლატვიის დატოვების შესახებ.

ლატვიამ 9 ადამიანი ოფიციალურად გააძევა, ხოლო კიდევ 632, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, ქვეყნიდან ნებაყოფლობით წავიდნენ რუსეთში, PMLP-ის ბრძანების გარეშე.

ათასამდე ადამიანი ამჟამად გაურკვევლობაშია: მათ არც ენის გამოცდა ჩაუბარებიათ და არც ოფიციალურად წარუდგენიათ განაცხადი ლატვიაში ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად. PMLP ახსნა- განმარტებებს ელოდება.

„ხალხი განსხვავებულ ახსნა-განმარტებას იძლევა, - მაგალითად, ამბობენ, რომ მიგრაციის სამსახურიდან შეტყობინება არ მიუღიათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დასტური, რომ მათ გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს“, - თქვა მადარა პუკემ, PMLP-ის წარმომადგენელმა. „ხალხი იმასაც ამბობს, რომ სჯეროდათ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და ახალი წესები მათზე გავლენას არ მოახდენდა. ბევრს მართლა ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ [კანონის ცვლილება] მათ არ შეეხებოდა, ბევრი გამართლება არსებობს“.

2024 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ლატვიაში მცხოვრებთა 63 პროცენტი თავს ეთნიკურად ლატვიელად მიიჩნევს, 23 პროცენტი რუსად, 3 პროცენტი უკრაინელად, 3 პროცენტი ბელარუსად და 2 პროცენტი პოლონელად. მაგრამ 2022 წლის ოფიციალური მონაცემებით, ლატვიურად მოსახლეობის 62 პროცენტი საუბრობდა სახლში, ხოლო 35 პროცენტი რუსულად.

და როცა საქმე მოსკოვის უკრაინაში შეჭრაზე მიდგება, შეხედულებები გარკვეულწილად ეთნიკური მაჩვენებლით იყოფა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლატვიაში ჩატარებული გამოკითხვების სერიის მიხედვით, ლატვიურ ენაზე მოსაუბრეების სულ მცირე 80 პროცენტი ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებდა. რუსულენოვანთა შორის კი ეს რიცხვი 32-დან 38 პროცენტამდე მერყეობდა.

სამხედროფორმიანი მამაკაცები იკრიბებიან გამარჯვების ძეგლთან. რუსული უმცირესობის წევრები აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და იხსენებენ საბჭოთა გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე, რიგაში 2017 წლის 9 მაისს.
სამხედროფორმიანი მამაკაცები იკრიბებიან გამარჯვების ძეგლთან. რუსული უმცირესობის წევრები აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და იხსენებენ საბჭოთა გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე, რიგაში 2017 წლის 9 მაისს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ცდილობდა მეზობელ ქვეყნებში რუსულენოვანი უმცირესობების ადგილობრივი უმრავლესობის მიერ დაჩაგრულად წარმოჩენას, ლატვიაში ბევრი რუსულად მოლაპარაკე გაემიჯნა კრემლის აგრესიას.

ლატვიის ჰარმონიის პარტია, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობას წარმოადგენს, ოდესღაც მკაფიოდ პრორუსულად ითვლებოდა, და ჰქონდა კავშირები მოსკოვში მმართველ „ერთიანი რუსეთის“ პარტიასთან. მაგრამ პარტიამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მისმა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, ბორის ცილევიჩმა BBC-ს უთხრა: „[თანამედროვე რუსეთი] აბსოლუტურად ნაცისტური გერმანიის პოლიტიკის მსგავსია - სიტუაციის ნორმალიზაციის ერთადერთი შანსი რუსეთის სამხედრო დამარცხებაა“.

PMLP-ის თანახმად, იმ რუსების 85 პროცენტზე მეტმა, ვინც დაექვემდებარა ახალ კანონს, უკვე გაამზადა ყველა საჭირო საბუთი ანდა უკვე ჩააბარა გამოცდა, ან სწავლობს ლატვიურს და მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა (მოქმედებს გამოცდის ჩაბარებამდე).

მაგრამ რუსული სახელმწიფო მედია და პროპაგანდა აშუქებენ იმ ადამიანების დეპორტაციის თემას, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს და ყველა რუსულენოვანი ადამიანის მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობენ. წელიწადზე მეტია რუსული მედია იმეორებს ისტორიებს ლატვიის „რუსულად მოლაპარაკე პენსიონერთა ძალადობრივი დეპორტაციის შესახებ“.

ლატვიის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დისკრიმინაცია რუსულენოვანი ადამიანების მიმართ: ლატვია ზუსტად იმავე ენობრივ მოთხოვნებს უწესებს ყველა უცხოელს, ვისაც ბინადრობის ნებართვის მიღება სურს. ქვეყნიდან გაძევება სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ემუქრებათ გამოცდაში ჩაჭრის შემთხვევაში.

„ლატვიაში ყოველწლიურად ბევრი საემიგრაციო ბრძანება გაიცემა. არის ზოგადი პროცედურა. ვფიქრობ, რომ აქაც არ უნდა ველოდოთ რაიმე განსაკუთრებულ მოპყრობას. ამ დროისთვის ცხადია, რომ ზოგიერთი ადამიანი რეაგირების, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა სამსახურთან დაკავშირების გარეშე წავიდა ქვეყნიდან“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ. „მაგრამ რუსული პროპაგანდა ყოველთვის თავისებურად წარმოაჩენს ლატვიურ ამბებს“.

ლატვიაში მიგრაციის კანონში ცვლილებები დაახლოებით 25 000 ადამიანს შეეხო. ქვეყნის შიგნით საჯარო დებატების შედეგად ლატვიის პარლამენტმა კანონი 2023 წლის სექტემბერში შეცვალა: ენის მოთხოვნები დარჩა, მაგრამ ხალხს მიეცა მეტი დრო ენის შესასწავლად და გამოცდის ჩასაბარებლად. ეს ეხება მათ, ვინც მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 2003 წლის მაისის შემდეგ, უკვე სცადეს გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ჩაიჭრნენ, ან რომლებიც გამოაკლდნენ გამოცდას საპატიო მიზეზების გამო.

„საიმიგრაციო კანონში ცვლილებებია საჭირო“, - უთხრა ლატვიელმა ჟურნალისტმა ინგა სპრინგემ Current Time-ს 2023 წლის სექტემბერში. „დარწმუნებული ვარ, რომ კანონი 65 წელზე ხანდაზმულ ადამიანებს არ უნდა ეხებოდეს“.

„ძირითადად ესენი არიან ხანში შესული ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით და დაბალი გონებრივი შესაძლებლობებით“, - დასძინა სპრინგმა. „ჩვენ, როგორც სახელმწიფო, [ამ კანონის მარწუხებში] აღმოვჩნდით გამომწვდეულები და არ ვიცით ახლა რა ვქნათ. გვყავს 10 000 ადამიანი, ვინც საერთოდ არ დარეგისტრირდა ამ გამოცდაზე. ბევრს სჭირდება ხელახლა ჩაბარება. და თუ ახლა მათ ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვა, ცხადია, რომ მათი დეპორტაცია არ მოხდება. ამდენი ადამიანის ქვეყნიდან გაძევება შეუძლებელია“.

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოში ენის მოთხოვნების წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი შევიდა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ენობრივი მოთხოვნების წარდგენა კანონიერია.

„მოქალაქეობა სერიოზული ცნებაა. ის გვიჩვენებს არჩევანს, თუ რომელი სახელმწიფოსადმი გამოხატავს ადამიანი ერთგულებას და სოლიდარობას“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა ალდის ლავისმა და დაამატა: „ეს კონკრეტული შემთხვევა ეხება ლატვიის ყოფილ მოქალაქეებს და არამოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ერთგულება რუსეთის ფედერაციის მიმართ გამოხატონ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომი დაიწყო და ლატვიის მიმართ არამეგობრულია, ასეთი მოთხოვნის შემოღებით, სახელმწიფოს შემოაქვს მექანიზმი იმისათვის, რომ აქ მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს ლატვიური საზოგადოებისთვის“.

რუსეთი მზადაა მიიღოს ლატვიიდან დეპორტირებული რუსულენოვანი მოსახლეობა. ფსკოვის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა პირობა დადო, რომ რეგიონი ნებისმიერ დეპორტირებულს გაუწევს ყველა საჭირო დახმარებას: „დროებითი განსახლების ცენტრი პრაქტიკულად მზად არის“, - თქვა მან.

თარგმანი: ელენე კობახიძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG