Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ყალბი მასალა - როგორ ცდილობს რუსეთი ევროპაში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას?


რუსული კომპანია ევროპაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ყალბი სტატიებითა და პოსტებით ცდილობს.
რუსული კომპანია ევროპაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ყალბი სტატიებითა და პოსტებით ცდილობს.

რადიო თავისუფლებამ მიიღო მასალები, რომელიც რუსეთის დიდ დეზინფორმაციულ კამპანიას ამხელს. კამპანიის მიზანი უკრაინისა და მისი მხარდამჭერების დისკრედიტაცია და ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების პოპულარობის ზრდაა.

მიმები, ვიდეოები, სახელმწიფო სამსახურების გაყალბებული დოკუმენტები, და ყალბი ამბები უკრაინის ომზე, და ყალბი, კლონი ვებსაიტები, რომლებიც სანდო ევროპულ მედიასაშუალებებს განასახიერებენ…

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტმა “სქემებმა” ათასობით მსგავსი დეზინფორმაციული მასალა გააანალიზა.

ეს მასალები მას ევროპული გამოცემების კონსორციუმმა მიაწოდა.

მასალებს რუსული ორგანიზაცია “სოციალური დიზანის სააგენტო” (სდს) ქმნის, რომელსაც ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს. ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ორგანიზაცია რუსეთის პრეზიდენტის დავალებებს ასრულებს.

სდს-ს შექმნილი ერთ-ერთი მიმი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აბუჩად იგდებს, მილიარდერმა ილონ მასკმაც გააზიარა, მასთან ერთად კი - კიდევ 86 ათასმა ადამიანმა.

ყველა მასალას რამდენიმე მიზანი აერთიანებს: მათ უნდა დააკნინონ უკრაინა და მისი მხარდამჭერი ხელისუფლებები, ან გააძლიერონ ევროკავშირში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა.

ღამბაშიძე კრემლის სამსახურში

“სოციალური დიზაინის სააგენტოს” ხელმძღვანელობს რუსი პოლიტიკური სტრატეგი ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-მა სანქციები მარტში დაუწესა.

აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ღამბაშიძე და მისი კომპანია სათავეში ედგნენ დეზინფორმაციული კამპანიას, რომელსაც დოპელგენგერი (ორეული) უწოდეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც ღამბაშიძე კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციულ პროექტებს ქმნის.

მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა დაადანაშაულა ღამბაშიძე ლათინურ ამერიკაში კრემლის დაკვეთით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანიის წამოწყებაში.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის ხელისუფლებამ ღამბაშიძის კომპანიასთან დაკავშირებული 32 ვებგვერდი დაბლოკა. მათი ინფორმაციით, ვებგვერდებზე მასალების გამოქვეყნებას კურირებდა სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლებამ ღამბაშიძეს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ათიათასობით ტყუილი

“სქემების” ხელში აღმოჩენილი ვიდეოპრეზენტაციის თანახმად, მხოლოდ ამ წლის იანვარ-აპრილში ღამბაშიძემ და მისმა გუნდმა თითქმის 40 ათასი დეზინფორმაციული მასალა შექმნეს.

მათ შორის, 30 ათასზე მეტი პოსტი, 4600-ზე მეტი ვიდეო და მიმი, და დაახლოებით 1500 ყალბი სტატია.

მაგალითად, ერთი-ერთი ყალბი სტატია გერმანული გამოცემა “ბილდისას” ჰგავს. იქ წერია, რომ გერმანიაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები რუსული დროშის დაწვას ცდილობდნენ, ამ დროს კი შემთხვევით ხანძარი გააჩინეს სახლში, რომელმაც ისინი შეიფარა.

კიდევ ერთი მასალა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სირსკის ყალბი ბრძანებაა. ამ “ბრძანების” თანახმად, ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლებენ.

გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი უკრაინულ ჯარს სათავეში წელს ჩაუდგა
გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი უკრაინულ ჯარს სათავეში წელს ჩაუდგა

ამ ტყუილის მიზანი “უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია და მისი შეიარაღებული ძალების დემორალიზაციაა”.

34 მილიონი კომენტარი

ეს და სხვა მიზნები ცალკე დოკუმენტებში წერია. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპაში პოლიტიკური ძალთა ბალანსის შეცვლაა.

მაგალითად, ივნისში, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების დროს, მიზანი პრორუსული ნარატივების გამტარებელი ულტრამემარჯვენე ძალების დახმარება იყო.

ამ დოკუმენტში გაწერილია სდს-ს სტრატეგია ევროპულ არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად.
ამ დოკუმენტში გაწერილია სდს-ს სტრატეგია ევროპულ არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად.

ჩასატარებელია "კომპლექსური კონტრკამპანია ლიბერალი გლობალისტების", მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ, - წერია ერთ-ერთ დოკუმენტში.

მთავარი სამიზნე ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პოლონეთი.

მათი მოსახლეობა უნდა დაარწმუნონ, რომ "ლიბერალი გლობალისტები" ტყუილად აშინებენ და რუსეთი ევროკავშირისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კიდევ - რომ ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვა ბავშვებს აზარალებს; რომ “ევროპელ გლობალისტებს” სურთ, ევროპა "ტოტალიტარულ სამხედრო ბანაკად... მეორე უკრაინად გადააქციონ”.

საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად კამპანია იყენებს ბოტების დიდ ქსელს, რომელმაც მხოლოდ იანვარ-აპრილში 34 მილიონზე მეტი კომენტარი დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG