Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი მღვდელ ქმარს გაშორდა და "მართლმადიდებელ ოლიგარქზე" იქორწინა


კონსტანტინ მალოფეევი და მარია ლვოვა-ბელოვა. ილუსტრირებული ფოტო
კონსტანტინ მალოფეევი და მარია ლვოვა-ბელოვა. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის ტრიბუნალს დაკავების ორდერი აქვს გამოწერილი, ქმარს, მართლმადიდებელ მღვდელს გაშორდა და პუტინთან დაახლოებულ ულტრაკონსერვატორ ბიზნესმენსა და "რუსკი მირის" ერთ-ერთ იდეოლოგს, კონსტანტინ მალოფეევს გაჰყვა ცოლად.

რუსული მედიის ცნობით, გასულ უქმეებზე პუტინთან დაახლოებულმა და მართლმადიდებელ ოლიგარქად წოდებულმა კონსტანტინ მალოფეევმა იქორწინა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების რწმუნებულ (ომბუდსმენ) მარია ლვოვა-ბელოვაზე. ამ ამბავში უჩვეულო ის არის, რომ მალოფეევი, რომელიც ასევე არის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისტული ტელეარხის („ცარიგრადის“) დამფუძნებელი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი, დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე კი ჰააგის ტრიბუნალს აქვს გაცემული დაკავების ორდერი. ბევრისთვის ასევე სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ულტრაკონსერვატორული იდეების მქადაგებელი ამ ორი ადამიანის გადაწყვეტილება, დაენგრიათ ტრადიციული, მრავალშვილიანი ოჯახები.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე დაადასტურა თვითონ ბიზნესმენმა და ტელეარხ „ცარგრადის“ დამფუძნებელმა კონსტანტინ მალოფეევმა. მათ თავისი არხის ეთერში განაცხადა:

„დიახ, დავქორწინდი. ჩემი რჩეული, მეუღლე, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა, ჩემთვის ყველაზე ახლო და ძვირფასი ადამიანია, ხოლო უბედურება ჩვენი განქორწინებების სახით, უკან მორჩა. დაიბადა ახალი ოჯახი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მომილოცა. ამით მინდა დავასრულო საუბარი ჩემს პირად ცხოვრებაზე“.

კონსტანტინ მოლოფეევი
კონსტანტინ მოლოფეევი

კონსტანტინ მალოფეევი - რუსი მეწარმე, მილიარდერი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კომპანია „როსტელეკომის“ აქციების მფლობელი, „ტვ ცარგრადის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის თავმჯდომარის (სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის) მოადგილე, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. მალოფეევი 2014 წლიდან იმყოფება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

როგორც „Baza” და „Верстка“ ამტკიცებენ, მალოფეევმა და ლვოვა-ბელოვამ ქორწილი გადაიხადეს 8 სექტემბერს მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტურ დასახლება Deauville-ში.

ქორწილში მყოფთა მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული სურათებიდან ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ წვეულებას უმასპინძლა კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე რესტორანმა Villa Rotonda-მ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საქორწილო ადგილად ითვლება მოსკოვის რეგიონში. ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არაერთი სასულიერო პირი, დაესწრო.

Baza-ს ცნობით, საქორწილო წვეულება კონსტანტინ მალოფეევს რამდენიმე ათეული მილიონი რუბლი დაუჯდა. თანხის დაახლოებით ნახევარი არტისტებსა და მომღერლებზე დაიხარჯა. გამოცემის მიხედვით, ქორწილში იმღერეს ლეონიდ აგუტინმა, გრიგორი ლეპსმა, დიმა ბილანმა, ვალერიამ და სხვებმა.

წყვილის ახლო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც ისინი ერთად, ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ ეკატერინბურგში რელიგიურ მსვლელობაზე.

კონსტანტინ მალოფეევი და მარია ლვოვა-ბელოვა
კონსტანტინ მალოფეევი და მარია ლვოვა-ბელოვა

კონსტანტინ მალოფეევი ყოფილ ცოლს, ადვოკატ ირინა ვილტერს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს, 2023 წელს გაშორდა, ლვოვა-ბელოვასა და მისი ყოფილი ქმრის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ პაველ კოგელმანის განქორწინების შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მარია ლვოვა-ბელოვა 22 ბავშვის დედა და მეურვეა, ამასთან, ხუთი ბავშვი მისივე ბიოლოგიური შვილია (2005 წელს შეეძინა პირველი შვილი, 2007 წელს - მეორე, 2010 წელს - მესამე, 2014 წელს - მეოთხე, 2018 წელს - მეხუთე). გარდა ამისა, 2012 და 2013 წლებში იშვილა ოთხი ბავშვი, ხოლო 2020 და 2021 წლებში მზრუნველობის ქვეშ აიყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 ახალგაზრდა. 2023 წლის თებერვალში ცოლ-ქმარმა შვილად აიყვანა 15 წლის ბიჭი რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან. 2019 წლის 23 ნოემბერს მარია ლვოვა-ბელოვას ირჩევენ რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრად რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის რეკომენდაციით. 2022 წლის 16 ივნისიდან იმყოფება დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. გარდა ამისა, ათიათასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაციის ძალისხმევისათვის, შეტანილია ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და აშშ-ის სანქციების სიაში.

კონსტანტინ მალოფეევი და მარია ლვოვა-ბელოვა ცნობილი არიან, როგორც მართლმადიდებელი აქტივისტები: მალოფეევი "რუსული სამყაროს" მხარდამჭერი და მისი ერთ-ერთი იდეოლოგია, რომელიც ასევე ფლობს "მართლმადიდებლურ ტელეარხ" "ცარგრადს", მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე მარია ლვოვა-ბელოვა კი წლების განმავლობაში იქმნიდა მრავალშვილიანი დედისა და „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველის იმიჯს.

„ყოველთვის ვცხოვრობდი იმ აზრით, რომ მღვდლის ცოლი გავხდებოდი. ამის გამო სულ მუდამ ვტრიალებდი სასულიერო წრეებში, ვეცნობოდი კიდეც ამ წრის წარმომადგენელ ყმაწვილებს“, - ამბობს მარია ლვოვა-ბელოვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქორწილი მაქსიმალურად დახურული იყო უცხო თვალისთვის, თუმცა, როგორც „ვერსტკას“ ჟურნალისტმა ოლესია გერასიმენკომ უთხრა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The CurrentTimes-ის რედაქციას, მაინც მოხერხდა რამდენიმე დეტალის დადგენა:

„მაინტერესებდა, იყო თუ არა ლვოვა-ბელოვა ფატაში, რადგან ეს მისი მეორე ქორწინებაა და სასულიერო პირთან განშორების შემდეგ, საინტერესო იყო როგორი ფორმა და ვიზუალური მხარე ექნებოდა ქორწილს. ფატა არ ეხურა, მაგრამ ეცვა თეთრი კაბა, როგორც ნამდვილ პატარძალს, და თავზე ედგა თეთრი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი“.

ცარიგრადი (Царьгра́д ТВ) - რუსული საინფორმაციო საიინტერნეტო სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

მალოფეევიც და ლვოვა-ბელოვაც მხარს უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იმყოფებიან დასავლეთის სანქციების ქვეშ: მალოფეევს ბრალი ედება ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაფინანსებაში, მისი დაფუძნებული მედია კი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი საყრდენია.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მარია ლვოვა-ბელოვას ორგანიზებულად გაჰყავდა დაობლებული ბავშვები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რის გამოც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მასზე და ვლადიმირ პუტინზე 2023 წლის მარტში დაკავების ორდერები გასცა.

კონსტანტინ მალოფეევი ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული პოზიციით. ბიზნესმენი მხარს უჭერდა და აფინანსებდა როგორც ყირიმის ანექსიას 2014 წელს, ასევე ომს დონბასში.

„როცა მიდიხარ ფრონტზე, ძნელია თავი გაწირო ლიბერალური ღირებულებებისთვის, ხოლო რუსეთისთვის და გამარჯვებისთვის, როგორც პუტინმა თქვა 9 მაისს, ნამდვილად ღირს სიკვდილი. დღეს სწორედ ამისთვის მიდიან ფრონტზე ჩვენი თანამემამულეები“, - განაცხადა ბიზნესმენმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორიოდე წლის წინ გამოაქვეყნა 2014 წლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. საქმე ისაა, რომ 2014 წლის აპრილში „შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა“ გადაკვეთა რუსეთ-უკრაინის საზღვარი და ხელში ჩაიგდო უკრაინული ქალაქი სლავიანსკი, რომელიც იქცა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული დაპირისპირების პირველ ეპიცენტრად. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში რუსი ოფიცერი იგორ გირკინ-სტრელკოვი უპატაკებს კონსტანტინ მალოფეევს:

„-ჯანმრთელობას გისურვებთ, კონსტანტინ ვალერის ძე. შეტევა მოვიგერიეთ, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგებით დაიხია უკან ყველა მიმართულებით...

- დიდი დანაკარგები, ეს რამდენია?

- ჩასაფრება მოვუწყვეთ, ჩვენმა ჯგუფმა დაცხრილა სამი VIP-ავტომობილი, რომლებითაც ისინი მოძრაობდნენ“.

იგორ გირკინი (სტრელკოვი)
იგორ გირკინი (სტრელკოვი)

გამოცემა „ვერსტკას“ ჟურნალისტის, ოლესია გერასიმენკოს თქმით, მალოფეევი და ლვოვა-ბელოვა აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის მთავრობის პროპაგანდაში, ქადაგებენ ეკლესიური ცხოვრების, ქორწინების სიწმინდის, ერთგულებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის აუცილებლობას, რაც, როგორც ჩანს, თავად პროპაგანდისტებისთვის სავალდებულო არ არის.

The CurrentTimes-ის შენიშვნით, ნიშანდობლივი იყო ქორწილში ერთ-ერთი მიწვეული მომღერლის, დიმა ბილანის ჰიტის, „შეუძლებელი შესაძლებელია“-ს შესრულება. როგორც ჩანს, რუსეთში ხელისუფლებასთან დაახლოებული, ომის მხარდამჭერი მართლმადიდებელი მილიარდერისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელისთვის შეუძლებელი მართლაც არაფერია.

საინფორმაციო საგენტო ТАСС-მა კომენტარი სთხოვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს. დმიტრი პესკოვს.

„ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი ვისაუბროთ ბავშვთა უფლებების ჩვენი ომბუდსმენის პირად ცხოვრებაზე... ნებისმიერ შემთხვევაში, ვუსურვებთ მას ბედნიერებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG