Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამარჯვების გეგმით" ზელენსკი "სამართლიანი მშვიდობის" მიღწევას აპირებს


"გამარჯვების გეგმის" რეალიზებისთვის უკრაინის პრეზიდენტს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ იერიშებისთვის გამოყენებაზე ნებართვა სჭირდება.
"გამარჯვების გეგმის" რეალიზებისთვის უკრაინის პრეზიდენტს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ იერიშებისთვის გამოყენებაზე ნებართვა სჭირდება.

როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო მედია ყველანაირად ცდილობენ მეტი დეტალი შეიტყონ „გამარჯვების“ იმ გეგმის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს.

ამასობაში, გერმანულმა ტაბლოიდმა „ბილდტმა“ უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკის გეგმა სხვა პუნქტებთან ერთად ითვალისწინებს ასევე კიევის მზადყოფნას, რომ შეწყვიტოს ცეცხლი ფრონტის გარკვეულ უბნებზე და ამით დროებით მიაღწიოს სიტუაციის გაყინვას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამ ცნობას ფეიკი უწოდეს და მიანიშნეს, რომ „გამარჯვების გეგმის“ შემადგენელი ნაწილია არა დათმობა, არამედ უკრაინის შესაძლებლობა განავითაროს ოპერაცია კურსკში და მიიღოს ვაშინგტონისგან შორი მოქმედების შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა.

"არავითარი კონფლიქტის გაყინვა! არავითარი ტერიტორიების დათმობა!"

აგვისტოს ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მოიცავს ოთხ ძირითად - სამხედრო, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ - მიმართულებას.

მათ შორის ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის ოლქში. „ეს შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გეგმაა“, - თქვა მან. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეტევამ ხელი შეუშალა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების ოკუპაციას.

უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ წარმატება დიდწილად დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე და კონკრეტულად ქვეყნის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე. ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა უკრაინა საჭირო რესურსებს და რამდენად თავისუფლად შეძლებს მათ განკარგვას.

ახლა, როცა ახლოვდება „უკრაინის გამარჯვების გეგმის“ პრეზენტაციის თარიღი, უკრაინის ლიდერის ოფისში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „რუსეთზე გამარჯვების გეგმა“ ეფუძნება იმას, რომ დასავლეთი ნებას მისცემს კიევს, რათა შორი მოქმედების რაკეტები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტების დასაბომბად.

„ზელენსკის მინიშნება ძალიან გამჭვირვალეა - თუ "გამარჯვების გეგმის" რეალიზება [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენზეა დამოკიდებული, მაშინ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ მიეცეს უკრაინას დასავლეთის იარაღის გამოყენების უფლება“, - განაცხადა 17 სექტემბერს უკრაინის ნაციონალური ტელემარათონის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, სერჰი ლეშჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ გეგმის შინაარსთან დაკავშირებით მედიაში გამოთქმული ვარაუდები წარმოადგენს სპეკულაციებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ყალბი უწოდა გერმანულ ტაბლოიდ „ბილდტში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს ზელენსკის გეგმა სხვა პუნქტებთან ერთად ითვალისწინებდეს ასევე კიევის მზადყოფნას, შეწყვიტოს ცეცხლი ფრონტის გარკვეულ უბნებზე.

„პრეზიდენტმა ამის შესახებ არაერთხელ ილაპარაკა, ეს არის მკაფიოდ გამოხატული პოზიცია: არავითარი კონფლიქტის გაყინვა! ვინაიდან ეს არ მიგვიყვანს ომის, როგორც ასეთის, დასრულებამდე. არამედ მიგვიყვანს მხოლოდ იქამდე, რომ რუსეთის მიიღებს შესაძლებლობას დააგროვოს დამატებითი რესურსები და უკვე მესამე ეტაპად გააგრძელოს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის უფრო მასობრივი დახოცვა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ტერიტორიების დათმობის არავითარი კონცეფცია, არ არსებობს კონფლიქტის გაყინვის არავითარი კონცეფცია“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

ზალუჟნი არ ემხრობოდა კურსკის ოპერაციას?

მიხაილო პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ოფიციალური პოზიცია მხოლოდ ერთია: ომი უნდა დასრულდეს რუსეთის ფედერაციის დამარცხებით, რასაც გარკვეული რაოდენობის იარაღი სჭირდება. კიევი ასევე დიდ მნიშვნელობა ანიჭებს რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, რომელიც, პოდოლიაკის თქმით, ასევე ფიგურირებს ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმაში.

„პირველ რიგში, ეს [კურსკის ოპერაცია] მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთში არსებულ სოციალურ განწყობებზე. მეორეც, ეს მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს პუტინის გარემოცვაზე და გამოიწვევს ამ ომის დასრულებას“, - დარწმუნებულია პოდოლიაკი.

6 აგვისტოს უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.

მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ამ ყველაზე მასშტაბური ოკუპაციის პროცესში კიევი აცხადებს, რომ მის მიზნებს შორისაა, უკან დაახევინოს რუსეთის არტილერიას, მოშალოს მომარაგების ხაზები და აიძულოს რუსეთი, ძალები მოხსნას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც მოსკოვი უკანასკნელ თვეებში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა.

ამ ფონზე, გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ემყარება უკრაინის ორი მაღალი რანგის ანონიმი სამხედროს მონათხრობს. მათი თქმით, რუსეთის კურსკის ოლქში იერიშის იდეა პირველმა წამოაყენა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ეს აზრი პირველად გამოთქვა მიმდინარე წლის დამდეგს და მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მას შეეწინააღმდეგა, რომ ოპერაციის გეგმაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ „ცხადი არ არის მეორე ნაბიჯი“, წერს Politico.

ზალუჟნიმ 8 მარტს დატოვა მთავარსარდლის თანამდებობა და ის დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა.

ამ ოპერაციის მოწინააღმდეგეთა შორის Politico-ს წყაროებმა დაასახელეს ასევე მე-80 სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მეთაური ემილ იშკულოვი. ის ივლისში მოხსნეს ამ თანამდებობიდან, რამაც ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობის ღია პროტესტი გამოიწვია.
ზალუჟნისა და იშკულოვს კომენტარი არ გაუკეთებიათ Politico-ს პუბლიკაციაზე.

სტატიაში არაა ნახსენები, სთხოვეს თუ არა მათ კომენტარი.

"ამ გეგმის მომზადების მეთოდოლოგია არასწორია"

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „გამარჯვების გეგმას“ 23-29 სექტემბერს აჩვენებენ უკრაინის პარტნიორებს. პირველ რიგში, ხუთპუნქტიან გეგმას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გააცნობენ.

16 სექტემბრის ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმაზე“ მუშაობა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული.
„იგი მზად არის 90%-ზე მეტით და მასში აბსოლუტურად მკაფიოდ არის განსაზღვრული უკრაინისათვის აუცილებელი ნაბიჯები. ის, რამაც უნდა მოგვცეს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები რეალური და სამართლიანი მშვიდობის მოსაახლოებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებისათვის გაცნობის შემდეგ „გამარჯვების გეგმის“ დოკუმენტი გადაიქცევა „მნიშვნელოვან ნაბიჯად“ გლობალურ არენაზე უკრაინის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცების მიმართულებით.

ზელენსკის ასეთ რწმენას სკეპტიკურად აფასებს კიევის „მსოფლიო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის“ დირექტორი ევჰენ მაგდა.

„ამ გეგმის მომზადების მეთოდოლოგია მე არასწორად მიმაჩნია. ის გამოდის არასწორი ვარაუდებიდან. პირველ რიგში იქიდან, რომ ჯო ბაიდენი, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის დროს, მიიღებს უკრაინის დახმარების გადაწყვეტილებას ისეთ ფორმატში, რაც მან ადრე არ განახორციელა. და არის კიდევ ერთი მომენტი... მესმის, რომ ის [ვერსია], რაც პრესაში ჩანს, არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მაგრამ, როდესაც უკრაინამ უარი მიიღო გრძელ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე და ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ფინანსური საჭიროებების დასაფინანსებლად რუსეთის აქტივების გადაცემა, - ასეთ კონტექსტში დასავლეთის ყოვლის მომცველი დახმარების იმედზე ყოფნა, ჩემი აზრით, რამდენადმე უცნაურად გამოიყურება“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ.

საუბარია ამერიკულ ATACMS რაკეტებზე 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით და ანგლო-ფრანგულ Storm Shadow რაკეტებზე 560 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით, რომელთა გამოყენებაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის ხელისუფლების აზრით, დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას.

„ძნელია მუდამ იმის სმენა, რომ "ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", ვიდრე პუტინი აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების გადაწვას“, - დაწერა თავის ტელეგრამის არხში წინა კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია სთხოვს მოკავშირეებს შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებას რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

  • გასულ კვირაში, უკრაინისათვის მნიშვნელოვან ამ საკითხზე ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
  • მანამდე გაზეთმა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, კიევს მისცენ თავიანთი რაკეტების გამოყენების უფლება.
  • ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი უფლების მინიჭება ნიშნავს ნატოს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში. რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების შესახებ ბაიდენს ვაშინგტონში შეხვედრის წინ ჰკითხეს. „მე ბევრს არ ვფიქრობ ვლადიმირ პუტინზე“, - უპასუხა მან.
  • თავის მხრივ, სტარმერმა შეერთებულ შტატებში ჩასვლის წინ თქვა: „რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია ეს კონფლიქტი პირდაპირ ახლავე დაასრულოს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG