რუსეთისა და უკრაინის სამხედროების ჯამური დანაკარგები 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიძლება მილიონს აჭარბებდეს. შეფასებას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა ეფუძნება არაოფიციალურ გათვლებს, მათ შორის დასავლურ დაზვერვას.
WSJ-ის შეფასებით, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 80 ათასს აღწევს, რუსებისა დაახლოებით 200 ათასამდეა. უკრაინის არმიაში დაიჭრა დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, ამდენივე - რუსეთის არმიაში. რუსეთის არმიისთვის დიდი დანაკარგები რთული ასატანია, ნათქვამია მასალაში, მაგრამ ნაკლები მოსახლეობის მქონე უკრაინისთვის ისინი შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს.
ზარალი ბრძოლის ველზე და მოსახლეობის გადინება უზარმაზარ ზიანს აყენებს ორი ქვეყნის მომავალს, ნათქვამია პუბლიკაციაში. უკრაინის მოსახლეობა 48 მილიონიდან (2001 წლის აღწერის მიხედვით) შეიძლება შემცირდეს 25-27 მილიონამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების გაუთვალისწინებლად. გაზეთის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა დაახლოებით 600 ათასმა ადამიანმა, ძირითადად ახალგაზრდა პროფესიონალებმა.
რუსეთი და უკრაინა ომში დანაკარგებს არ ამხელენ. დაღუპულთა სახელების სიას მკვლევართა და მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი ადგენს ღია მონაცემებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი სია, რომელსაც აწარმოებენ BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტები, „მედიაზონა“ და მოხალისეები, შეიცავს 69000-ზე მეტ რუს ჯარისკაცს და ოფიცერს. დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს ანონიმური პროექტი UAlosses ითვლის.
ფორუმი