Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იქნებ მთავრობამ მოიხადოს ბოდიში უმცირესობების სტიგმატიზებისთვის?“ - მიხაელ როთი


ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში სექტემბერში ორჯერ ჩამოვიდა. Მას და მის კოლეგებს ბუნდესტაგიდან საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში სექტემბერში ორჯერ ჩამოვიდა. Მას და მის კოლეგებს ბუნდესტაგიდან საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა.

“მეცნობა ეს მანიპულაცია - სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან. მიზანი ყოველთვის ერთია - პოლიტიკოსის, პიროვნების დემონიზება, და ჩემი პიროვნული ღირსების კითხვის ქვეშ დაყენება. მე ამას გავუმკლავდები, ეს არ მანაღვლებს. მე მაფიქრებს ხალხი, და მაწუხებს ის სიტუაცია, რომელშიც ეს ხალხი - კრიტიკულად მოფიქრალი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები - აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში”, - ეუბნება ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი რადიო თავისუფლებას და ასე პასუხობს კითხვაზე იმ ბრალდებების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება გერმანელ პარლამენტარს უყენებს. ვაჟა თავბერიძე მას თბილისში შეხვდა. ეს სექტემბრის თვეში როთის მეორე ვიზიტია საქართველოში. Მას და მის კოლეგებს ბუნდესტაგიდან საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა.

შესაძლოა, მმართველ პარტიას და მთავრობას არ სიამოვნებს, რომ აქ ვარ, მაგრამ საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ერთი პარტია და მთავრობა. და ვგონებ, მთავრობას რაღაც არ ესმის - ის, რომ კრიტიკა ჭეშმარიტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. 

რადიო თავისუფლება: პროსახელისუფლებო მედიამ თქვენი ვიზიტი შეაფასა, როგორც „არასასურველი სტუმრის ჩამოსვლა“, თანაც ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ამბობენ, რომ „სტუმარი ღვთისაა“.

მიხაელ როთი: მე ვგრძნობ, რომ ძალიან კარგად მიღებენ ამ შესანიშნავ ქვეყანაში. ბევრ კარგ, კეთილ, დიდებულ ადამიანს შევხვდი აქ, ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ. შესაძლოა, მმართველ პარტიას და მთავრობას არ სიამოვნებს, რომ აქ ვარ, მაგრამ საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ერთი პარტია და მთავრობა. და შესაძლოა, მთავრობას რაღაც არ ესმის - ის, რომ კრიტიკა ჭეშმარიტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. კარგად მესმის ასევე იმ ბევრი, ბევრი აქტივისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლისა, ვისაც ასევე აგრძნობინებენ, რომ აქ, თავიანთ ქვეყანაში, არასასურველები არიან, მაგრამ ისინი მაინც რჩებიან. და მეც კიდევ დავბრუნდები აქ, გპირდებით.

რადიო თავისუფლება: ვფიქრობ, ამას უკვე ბევრჯერ გკითხავდნენ, მაგრამ მაინც: მმართველი პარტია / მთავრობა თქვენგან ბოდიშს ელოდება, რაიმე ფორმით მაინც. აპირებთ ბოდიშის მოხდას?

მიხაელ როთი: ცოტა გაოცებული ვარ. ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო? იქნებ მთავრობამ მოიხადოს ბოდიში უმცირესობების სტიგმატიზებისთვის, იმისთვის, რომ ადანაშაულებენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ქუჩაში მხოლოდ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის გამოდის. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის მომხრეა. ამიტომაც ვარ აქ.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. თქვენი ტვიტი ვნახე, საქართველოში წამოსვლის წინ გამოქვეყნებული - სადაც ამბობთ, რომ დიალოგი უმთავრესია. ძნელია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ვისთან აპირებთ დიალოგს? და რაზე?

მიხაელ როთი: მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება, საგარეო პოლიტიკაში, ევროპულ პოლიტიკაში ვარ ჩართული. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ყველგან ვხვდები მთავრობებს, დეპუტატებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. ყველგან, გარდა ერთი ქვეყნისა - საქართველოში მთავრობას და მმართველ პარტიას არ სურთ, მიმიღონ, უარს ამბობენ ამაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ - საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ისინი. პრეზიდენტს შევხვდი - მას ხშირად ვხვდები და ეს ჩემთვის პატივია, რადგან ის თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას თქვენს ქვეყანაში და მამაცი ადამიანია, რომელსაც ევროპაშიც კარგად იცნობენ. შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს და ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ იზოლირებული ვარ. უფრო იმას ვიტყოდი, რომ მთავრობა და მმართველი პარტია ცდილობენ ამ მშვენიერი ქვეყნის იზოლირებას.

რადიო თავისუფლება: აპირებთ მათ კარზე კაკუნი გააგრძელოთ, კიდევ და კიდევ სცადოთ დიალოგი, თუ უკვე ხელი ჩაიქნიეთ?

მიხაელ როთი: მე არასდროს ვნებდები. ჩემი დევიზი, 26-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების დევიზი არის ის, რომ დიალოგი უმთავრესია. ერთმანეთზე ლაპარაკს ერთმანეთთან ლაპარაკი სჯობს, ყოველთვის. და ჩვენი საელჩოს დახმარებით, ვცდილობ ჩავნიშნო გარკვეული შეხვედრები, მაგრამ მათ ჩემთვის არ სცალიათ. თუმცა - არა, არა, არა, არა. არასწორად ვთქვი - არ სცალიათ კი არა, თუ მათი განცხადებებით ვიმსჯელებთ, არ სურთ ჩემთან შეხვედრა. ეს სხვა რამეა.

სასაცილოა, რომ მმართველ პარტიას, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ისევ მისცემს ხმას, ასე აკლია თავდაჯერებულობა. მე უბრალო პოლიტიკოსი ვარ, კარგით რა. სატანა არ ვარ.

რადიო თავისუფლება: როდესაც ეს ე.წ. აგენტების კანონი მიიღეს, თქვენ მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება, დაწერეთ: მოვა ოქტომბერი და ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანი გააკეთოს, სურს თუ არა ევროპისკენ მიმავალ ბილიკზე დარჩეს. მინდა გკითხოთ, რამდენად მართებულია საკითხის ასე დაყენება, ეს “გამარჯვებულს ყველაფერი” მიდგომა. ვთქვათ, “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამ სცენარისთვის მზად ხართ? გაქვთ - ევროპას, დასავლეთს ვგულისხმობ - სამოქმედო გეგმა, თუ ასე მოხდება?

მიხაელ როთი: მე აქ არც ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოვსულვარ და არც მთავრობისა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვისაუბრო ევროპულ ღირებულებებზე - ესაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების პატივისცემა, თავისუფლება. ესაა უმთავრესი და ესაა ის, რასაც ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მოელის საქართველოსგან. ვიცი, რომ მთავრობა ცდილობს ისეთი სურათი დახატოს, თითქოს მე და ჩემი პოზიცია უმცირესობას წარმოვადგენთ. ასე არ არის, მე გერმანული ბუნდესტაგის დიდი უმრავლესობის მოსაზრებებსა და პოზიციებს ვახმოვანებ. და ჩემი შეხედულება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე იდენტურია იმ მკაფიო გზავნილებისა, რომელიც თბილისმა უკვე არაერთხელ გაიგონა ევროკომისიიდან და სხვა ევროპული სტრუქტურებიდან.

რადიო თავისუფლება: მთლად გულწრფელი რომ ვიყო, მე ცოტა სხვა რამ გკითხეთ, ამიტომ ამ შეკითხვას მერე ისევ დავუბრუნდები, მაგრამ მანამდე, თქვენ თვითონ ახსენეთ, თუ როგორ ცდილობს მმართველი პარტია თქვენს წარმოჩენას, და ამაზე ისედაც ვაპირებდი კითხვას. დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ მმართველი პარტიისა და მისი ნარატივებისთვის ერთგვარ იდეალურ მტრის სახედ იქეცით? აი, გეი კაცი, რომელიც ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებს. კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. იდეალურად ერგება იმ ნარატივს, რომლის მიყიდვასაც ცდილობენ საზოგადოებისათვის: აი, ზნედაცემული ევროპა.

მიხაელ როთი: მეცნობა ეს მანიპულაცია - სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან. მიზანი ყოველთვის ერთია - პოლიტიკოსის, პიროვნების დემონიზება, და ჩემი პიროვნული ღირსების კითხვის ქვეშ დაყენება. მე ამას გავუმკლავდები, ეს არ მანაღვლებს. მე მაფიქრებს ხალხი, და მაწუხებს ის სიტუაცია, რომელშიც ეს ხალხი - კრიტიკულად მოფიქრალი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები - აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში. ეს ნაცნობი სტრატეგიაა, ნაცნობი მანიპულაციაა. მაგრამ ცოტათი სასაცილოც, ჩემი აზრით. სასაცილოა, რომ მთავრობას და მმართველ პარტიას, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ისევ მისცემს ხმას, ასე აკლია თავდაჯერებულობა. მე უბრალო პოლიტიკოსი ვარ, კარგით რა. სატანა არ ვარ. და კიდევ - როდესაც აქ ვარ, ქუჩაში იქნება ეს, რესტორანში თუ სად - ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია, როცა მიცნობენ, მესაუბრებიან, ყავაზე მეპატიჟებიან. ძალიან მსიამოვნებს ეს.

ქართველები ჭკვიანი ხალხია, თავდაჯერებული ხალხი, ამიტომ ვენდობი მათ და მჯერა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, თბილისი ისევ იქცევა ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქად.

რადიო თავისუფლება: დაპირებისამებრ, წინა კითხვას დავუბრუნდეთ: რომ საქართველოს ევროპული მომავალი ამ არჩევნებზე გადაწყდება, სასწორზეა შემოდებული. ეს პოზიცია სხვა ევროპელი პოლიტიკოსებისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ ქართველი ხალხი უნდა ადგეს და უზრუნველყოს, რომ ის მომავალი, რომელიც თავისთვის სურს, რეალობად იქცევა. ეს ძალიან კარგია, პათოსი გასაგებია, კარგია, როდესაც ხალხი აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ განვიხილოთ ასეთი სცენარი: ხალხი არჩევნებზე მიდის, ხმას აძლევს, და მაინც “ქართული ოცნება” იმარჯვებს. ეს მათ და მათი პოლიტიკის ლეგიტიმაციას უდრის? ან კიდევ, განა ეს ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს, მოულოდნელად, უეცრად, მორჩა - ევროპა აღარ უნდა?

მიხაელ როთი: მე მწამს [ქართველი] ხალხის, და მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ვთვლი, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხმა იცის - ესაა იდეალური მომენტი არჩევანის გასაკეთებლად დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, ევროპულ ცხოვრების წესსა და რუსულ ცხოვრების წესს შორის, არჩევანი, თუ სად გსურთ იყოთ - ევროპის შუაგულში თუ იზოლაციაში. ქართველები ჭკვიანი ხალხია, თავდაჯერებული ხალხი, ამიტომ ვენდობი მათ და მჯერა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, თბილისი ისევ იქცევა ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქად, ჩვენ ყველანი კი ძალიან მადლიერები ვიქნებით იმ ხალხისა, ვინც ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას მისცა ხმა.

რადიო თავისუფლება: თქვენი ამ შესაშური ოპტიმიზმის მიუხედავად, მაინც უნდა ჩაგეძიოთ - ალტერნატიული სამოქმედო გეგმა თუ გაქვთ, თუ ყველაფერი ასე არ მოხდა? რა მოხდება, თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს?

მიხაელ როთი: მთელი პოლიტიკური ცხოვრებაა მწამს დემოკრატიისა და თავისუფლების ძალის, ასე რომ, ვწუხვარ, მაგრამ ოპტიმისტად დავრჩები. ჩვენ ძალიან, ძალიან ძლიერი ბერკეტი გვაქვს - ესაა ევროპული პერსპექტივა. და თუ მთავრობა გააგრძელებს თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, მე ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. კიდევ ერთხელ - ეს არაა მარტო ჩემი ხედვა, ამ პოზიციას იზიარებს ევროპელი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა.

რადიო თავისუფლება: და მაინც - ხშირად საუბრობენ სხვადასხვა ზომაზე, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს, გარდა თქვენ მიერ ნახსენები ევროპული პერსპექტივისა. და ამ ზომებიდან ქართველ ხალხს ალბათ ყველაზე მეტად აშინებს ის, რომ შეიძლება უვიზო მიმოსვლას დაემუქროს რაიმე. არის ამის შანსი?

მიხაელ როთი: მე ცალსახად წინააღმდეგი ვარ - ქართული საზოგადოება, და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, არ უნდა დავსაჯოთ იმ შეცდომებისთვის, რომელზე პასუხისმგებლობაც მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა იტვირთონ.

დიდი პატივია, რომ ამდენი მეგობარი შევიძინე აქ - და აუცილებლად დავბრუნდები. კიდევ გპირდებით იმას, რომ წიგნს დავწერ და ამ წიგნში მამაცი ქართველი ხალხი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

რადიო თავისუფლება: ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდით - რა რჩევას მისცემდით მათ საჯაროდ?

მიხაელ როთი: შეასრულეთ დაპირებები და უბრალოდ ქვეყანა სწორ გზაზე დააბრუნეთ. ხალხს ამის მოლოდინი აქვს. სიტუაცია საკმაოდ რთულია. მე თავადაც პარტიული პოლიტიკოსი ვარ, საარჩევნო კამპანიების დროს კონკურენცია უცხო ხილი არ არის, მაგრამ ახლა არ არის დრო ხელფასების, პენსიების გაზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სასაუბროდ. ეს არჩევნები რეალურად რეფერენდუმია ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, ისინი უნდა განიხილავდნენ ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ პრინციპებს - როგორია საქართველოს მომავალი, ევროპული თუ იზოლირებული ქვეყნისა? ქართულმა საზოგადოებამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გაიღო - დასავლეთმა, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, არაერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც საქმე ევროპულ და ნატოს პერსპექტივებს ეხებოდა. მაგრამ ახლა, ეს ფანჯარა ღიაა. მოდით გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან არ ვარ დარწმუნებული, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ღია ეს ფანჯარა.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან, დასასრულს, თქვენს პირად პერსპექტივაზეც გკითხავთ - ვიცი, რომ გერმანულ პოლიტიკაზე გული აგიცრუვდათ და ბუნდესტაგიდან მიდიხართ. შემდეგ რას აპირებთ?

მიხაელ როთი: დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ჩემი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. 27 წლის შემდეგ, ბუნდესტაგს ვტოვებ, და ალბათ ჩემს კოლეგებს მმართველ პარტიაში ეს გაუხარდებათ, მაგრამ დეპუტატის მანდატის გარეშეც ბევრი შემიძლია გავაკეთო, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ მოქალაქემ. დიდი პატივია, რომ ამდენი მეგობარი შევიძინე აქ - და აუცილებლად დავბრუნდები, პოლიტიკოსის რანგში იქნება ეს, კერძო პირის თუ რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლისა. კიდევ გპირდებით იმას, რომ წიგნს დავწერ და ამ წიგნში მამაცი ქართველი ხალხი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG